ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ - მთავრობა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი და კომერციული ბანკების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეთანხმების შესაბამისად, თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან აქვს სასესხო ვალდებულება, მის დასაფარავად ბანკი კონკრეტულად აღნიშნულ სოციალურ დახმარებას არ მიმართავს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბანკებმა შესაბამის საოპერაციო დონეზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შექმნილ სპეციალურ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge, დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 742 000 ბავშვი და 442 000 მშობელი. სისტემაში რეგისტრაცია 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გრძელდება.