ბავშვის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაციაზე „ბაკურიანი“ განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას „ბაკურიანი ციდას“ დალევის შემდეგ ბავშვის მოწამვლის შესახებ და აღნიშნავს, რომ ნიმუშების გადამოწმების შემდეგ, დარღვევა არ გამოვლენილა.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.

პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას”, – ნათქვამია განცხადებაში.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციაზე დაიწყეს მოკვლევა. ამასთან, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გვეუბნებიან, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჰოსპიტალიზებულია ერთზე მეტი მოქალაქე.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა იაშვილის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფომ, სადაც აღნიშნულია, რომ სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით კლინიკაში ერთი ბავშვია მოთავსებული და მიზეზი გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი.

„სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით იმყოფება 120 ბავშვი, არ შეესაბამება სინამდვილეს. დღევანდელი დღის მონაცემებით ჩვენს საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი. შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზები. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია”.