„ბავშვს უცხო კაცი კარზე უბრახუნებდა, შეშვებას მოითხოვდა, აშანტაჟებდა" - შსს-მ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ გამოძიება დაიწყო მოქალაქე ქრისტი ქორიძის მიერ აღწერილ შემთხვევაზე. როგორც შსს-ში „პუბლიკას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

გუშინ, 25 ოქტომბერს ქრისტი ქორიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი 10 წლის ძმა სახლში მარტო იყო, რა დროსაც კარზე უცნობმა კაცმა ბრახუნი ატეხა და სახლში შეშვებას მოითხოვდა.

„მინდა, რომ ყველამ ყურადღებით წაიკითხოთ! და გააზიაროთ!

ჩემი 10 წლის ძმა მირეკავს შეშინებული, ვიღაც უცხო კაცი მიბრახუნებს კარებზე, შემოსვლა უნდაო, დანა მიჭირავს ხელში და კარებთან ვდგავარო. ყველანაირი ხერხით ცდილობდა შემოსვლას, ჯერ მანიპულაციას ახდენდა, რომ ბავშვი გასულიყო – ატყუებდა იმით, რომ ხელში ბავშვის სასაცილო სურათი ეჭირა, რომ მისი ინტერესი გამოეწვია ან ბრაზი და გასულიყო (ბევრი მსგავსი ქვეტექსტი)… როგორც ჩანს, წინადადებებს ლოგიკურად ალაგებდა, მისდა სასარგებლოდ. როცა მისმა მშვიდმა მანიპულაციამ არ გაჭრა, მუქარა დაიწყო, გადავიდა კარის ბრახუნზე, ყვირილზე, რომ ბავშვი დამფრთხალიყო, დაემუქრა – თუ წყალს არ მიაწოდებდა, კარებს შემოანგრევდა. ბავშვიც შეშინდა და უთხრა, რომ თუ შორს გავიდოდა, წყალს გადაუგდებდა. აი, მანდ გადავრჩით. როცა გადაუგდო წყლის ბოთლი, კარის დახურვა მოასწრო.

მინდა გითხრათ, რომ ჯერ პოლიციას არ უპოვია და უგზო-უკვლოდ დაეხეტება!!! ! ვერ აღგიწერთ, ეს რამხელა შიში იყო, როცა ბავშვის გვერდით არ ვიყავი, როცა ვცდილობდი პარალელურად მესაუბრა ტელეფონით, ამავდროულად შემეგულიანებინა და კონცენტრაცია ათად გამეყო. პარალელურად, 112-ის გამოძახების შემდეგ მივიდა პოლიცია, საჭირო მასალები შეაგროვა და დიდი იმედი, მაქვს რომ ვიპოვით!”, – წერს ქორიძე facebook-ზე.