ბავშვთა დიდი ზომის ინსტიტუციების მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს ქვეყნის შესაბამისი უწყებების მიერ - UNICEF

პუბლიკა

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ.

ამ კონტექსტში გაეროს ბავშვთა ფონდი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბავშვთა დიდი ზომის დარჩენილი ინსტიტუციების მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს ქვეყნის შესაბამისი უწყებების მიერ, რათა ბავშვთა უფლებები სრულად იყოს დაცული.

„ბავშვთა დიდი ზომის დარჩენილ ინსტიტუციებთან დაკავშირებით უნდა შემუშავდეს და გაძლიერდეს  ალტერნატიული მომსახურებები დეინსტიტუციონალიზაციის საერთო სტრატეგიის ფარგლებში, სადაც ზედმიწევნით იქნება გაწერილი შესაბამისი მიზნები და ამოცანები, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს აღნიშნული ინსტიტუციების ოჯახსა და თემზე დაფუძნებული სერვისებით თანდათანობით ჩანაცვლებას. გაეროს ბავშვთა ფონდის აზრით, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ბავშვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. უპირველეს ყოვლისა, დეინსტიტუციონალიზაცია გულისხმობს ბავშვზე მზრუნველობის ინსტიტუციურიდან ოჯახსა და თემზე დაფუძნებული მოდელით ჩანაცვლებას.

ამავდროულად, ყველა შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუციას უნდა შეეძლოს მონიტორინგი აწარმოოს ყველგან, სადაც ბავშვები არიან, რათა მათი უფლებები დაცული იყოს“,- ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციებია:

შემუშავდეს ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვთა სახლების ოჯახსა და თემზე დაფუძნებული ზრუნვით ჩანაცვლება.

დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

ამასობაში, ბავშვთა ყველა სახლში უნდა დაიშვებოდნენ ქვეყნის შესაბამისი ინსტიტუციები/უწყებები მონიტორინგისა და ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის. ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსებული ყველა ბავშვის უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობასა და განვითარებაზე უნდა დაწესდეს აქტიური მეთვალყურეობა, ასევე, რეგულარულად უნდა განიხილებოდეს გამოყენებული ღონისძიების შესაბამისობის/მიზანშეწონილობის საკითხიც.

უნდა დადგინდეს ბავშვთა ინსტიტუციონალიზაციის გამომწვევი ფაქტორები, რაც საფუძვლად დაედება კონკრეტულ გრძელვადიან სტრატეგიასა და პრევენციული და ბავშვისა და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების შექმნის შესახებ რეკომენდაციებს.

კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, ოჯახის გაძლიერების, ოჯახისგან განცალკევების პრევენციისა და ინსტიტუციურ მზრუნველობიდან გამოსულ ბავშვთა, მათი ოჯახებისა და მათთან მომუშავე პროფესიონალების მხარდაჭერის მიზნით უნდა შემუშავდეს საზოგადოებრივი და ოჯახის მხარდაჭერი მომსახურებები, ასევე სოციალური დაცვის სხვა ზომები.

  •