ბაზრობაზე გამოკვლეული ადამიანები - გამყრელიძე ტესტირების შედეგებზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ სააკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიას ბაზრობებზე ჩატარებული ტესტირების შედეგები გააცნო.

მისი თქმით, რადგან ბაზრობები მოქალაქეთა მაღალი მობილობით გამოირჩევა, დაიწყო მათი კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

გამყრელიძის თქმით, ჯერჯერობით 2 ბაზრობაზე – დინამოსა და ელიავას ბაზრობაზე გამოკვლეული ადამიანებიდან კორონავირუსი არავის აღმოაჩნდა.

„დინამოსა და ელიავას ბაზრობებზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 500-500 ადამიანი იქნა გამოკვლეული. გამოპასუხების მაჩვენებელი საკმაოდ კარგი იყო – დინამოს ბაზრობიდან 500-დან 487 გამოვიკვლიეთ და არცერთი არ იყო დადებითი შემთხვევა.

ხოლო ელიავას ბაზრობაზე გამოვიკვლიეთ 436, 87% იყო გამოპასუხება და აქაც პირველი ორი დღის შედეგები იყო სულ უარყოფითი, მესამე დღის შედეგები კი დღეს, მოგვიანებით გვეცოდინება“, – თქვა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, კორონავირუსის შემთხვევების აღმოჩენის შემდეგ სრულად გამოიკვლიეს ლილოს ბაზრობაც.

„ჩვენ დავასრულეთ ლილოს ბაზრობის ტესტირება, 4 731 ადამიანი იქნა ტესტირებული; ყველა, ვინც ამ ეტაპზე მუშაობდა, ვინაიდან ზოგიერთმა დაკეტა თავისი სავაჭრო ადგილი.

ამ სკრინინგის დაწყებიდან ორ დღეში 6 ახალი ინფიცირებული გამოვავლინეთ, თუმცა ამის შემდეგ ინფიცირების ახალი შემთხვევები აღარ ყოფილა. საბოლოოდ, ლილოს ბაზრობასთან ვისაც კვეთა ჰქონია, სულ დაინფიცირდა 13 ადამიანი“, – თქვა გამყრელიძემ.