BBC: ხერსონში ანტისაოკუპაციო აქცია რუსმა ჯარისკაცებმა დაარბიეს, არიან დაჭრილები

პუბლიკა

ოკუპირებულ ხერსონში რუსეთის ჯარებმა ოკუპაციის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო ავრცელებს.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომელზეც ჩანს, როგორ გაიფანტა ხალხი მოედანზე; ისმის სროლა, აფეთქებების ხმა და ხალხის ყვირილი; კადრებში ასევე ჩანს, როგორ ცდილობენ დაჭრილების უსაფრთხო ადგილებზე გადაყვანას.

BBC-ის უკრაინული სამსახური წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ხერსონში აქცია ცეცხლსასროლი იარაღით დაარბიეს და, სავარაუდოდ, არიან დაჭრილები.

ცნობილია, რომ შუადღისას ხერსონის მცხოვრებლებმა ცენტრალურ მოედანზე აქცია გამართეს. „წადი სახლში!“ – სკანდირებდნენ ისინი რუსი ჯარისკაცების მისამართით.   თვითმხილველების თქმით, რუსმა სამხედროებმა ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს, ისროდნენ ჰაერშიც.

BBC წერს, რომ კადრები მათ თვითმხილველებმა მიაწოდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ მათ ავთენტურობას ვერ ადასტურებენ. რამდენი ადამიანი დაშავდა, ჯერჯერობით უცნობია.