ბჟანიას თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ აფხაზეთის სამომავლოდ აღიარებისთვის მზადაა - აფხაზური მედია

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის წევრებთან დახურული შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე 18 აგვისტოს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების, ირმა ინაშვილისა და გიორგი ლომიას ვიზიტის შესახებაც ისაუბრეს, – ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით Sova News ავრცელებს.

როგორც შეხვედრის შემდეგ აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „აარუას“, ე.წ. დეპუტატებმა თქვეს, ასლან ბჟანიამ შეხვედრისას განაცხადა, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მათთან თანამშრომლობისა და სამომავლოდ აღიარებისთვის მზადაა.

ბჟანიას თქმით, მან აფხაზეთის, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს შექმნილ სიტუაციასა და თბილისთან დიალოგის საჭიროებაზე თავისი ხედვის წარმოდგენაც დაავალა.

როგორც „აარუას“ წევრები აფხაზურ მედიასთან ამბობენ, ბჟანიასთან მათ ირმა ინაშვილისა და გიორგი ლომიას მიერ ილორის მონასტერისთვის ხატის გადაცემაც განიხილეს. რაზეც დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს იყო ჰუმანიტარული მისია და მათთან შეთანხმებული არ ყოფილა.

„აარუას“ წევრების თქმით, „პატრიოტთა ალიანსზე“ საუბრისას მათ შეახსენეს ბჟანიას, რომ ამ პარტიას აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არცერთხელ არ მოუხსენებია და ყოველთვის საქართველოს ნაწილად მოიაზრებდნენ და კითხვაზე, თუ რის საფუზველზე გადაწყდა მათთან ურთიერთობა, ასლან ბჟანიამ უპასუხა, რომ „ეს შეცდომა იყო“.