2 მეტრია სიგანეში და 2 მეტრია სიმაღლეში, შეთანხმებული რომ არ ყოფილიყო, როგორ ჩავიტანდი ამ ხატს? - ინაშვილი

პუბლიკა

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში აფხაზეთში მისი გადასვლის შესახებ და  აფხაზეთის ეკლესიის განცხადებაზე ისაუბრა.

დღეს „აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ“ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ეკლესია ქართველი დეპუტატის გადაცემულ ხატზე უარს ამბობს და უკან აბრუნებს.

„როდესაც თქვენ ხატზე საუბრობთ, არ გჯერათ, რომ ეს ხატი სასწაულს მოახდენს, მე კი სულ პირიქით მაქვს განწყობა. ეს ხატი ნამდვილად მოახდენს სასწაულს და დიდ სიკეთეს მოიტანს. მართალია, ურწმუნო ბრძანდებით, როგორც გეტყობათ, მაგრამ ნახავთ ამას აუცილებლად. ნურავინ ნუ დარდობს ხატის ბედზე, ღვითსმშობელი დაიცავს ამ ხატს“, – განაცხადა ინაშვილმა ტელეკომპანიის ეთერში.

მან განაცხადა, რომ ის აფხაზეთში მისი მასპინძლების დასახლებას არ აპირებს, რადგან არ სურს, რომ ისინი ზეწოლისა და თავდასხმის ქვეშ მოექცნენ. მისივე თქმით, ილორის სამღვდელობაზე ზეწოლა არძიმბა/ ნადარაიას ჯგუფმა განახორციელა.

„ჩემი მასპინძლების დასახელებას არ ვაპირებ. არ მინდა, რომ ის ადამიანები ზეწოლისა და თავდახსმის ქვეშ მოექცნენ. ძალიან ღირსეული მასპინძლები მყავდა და კიდევ მეყოლება და კიდევ ჩავალ აფხაზეთში.

შერიგების პროცესს მოწინააღმდეეგები ჰყავს თბილისშიც, მოსკოვშიც და სოხუმშიც და ეს ამ დღეებმა გადასარევად აჩვენა. მე ტყუილად არ ვსაუბრობ არძინბასა და  ნადარაიაზე, რომლებიც  წარმოადგენენ ვეტერანთა ჯგუფს სოხუმში და გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს ჩემს უპრეტენზიო ჩასვლას ილორში და ხატის შეწირვას. ასევე ამ ჯგუფის ზეწოლა იყო სამღვდელოებაზე ილორში. ეს ხატი მოცულობით არის – 2 მეტრი სიგანეში, 2 მეტრი სიმაღლეში. ეს რო არ ყოფილიყო შეთანხმებული და ინფორმაცია ამის თაობაზე არ ჰქონოდა იმავე ილორის სამღვდელოებას, მე როგრო ჩავიტანდი ამ მასშტაბის, ამ მოცულობის ხატს? და ვინ მომცემდა იმის უფლებას, რომ ილორის ტაძრის კარი გაეღოთ და შემებრძანებინათ ხატი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.