ბეჟაშვილი: მაქვს ვარაუდი, რომ ეს თემა სამთავრობო მედიის შემოგდებულია ბაობაბების სკანდალის გადასაფარად

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ე.წ. „ქოლცენტრების“ სქემასთან დავით კეზერაშვილის კავშირზე, სავარაუდოდ, არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და დასაბუთებები და სწორედ ამიტომ მედიაში დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული მასალებს არანაირი სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება, მათ შორის არც ევროპული ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოებისგან.

მისივე შეფასებით, აღნიშნული თემა, ბაობაბების სკანდალის გადასაფარად სამთავრობო მედიის მიერ არის შემოგდებული.

„მაქვს ეჭვი და დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს თემა კვლავ შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი ნიგერიაში, იმავდროულად, რიკოთზე არსებული კატასტროფული მდგომარეობა, რაც პირდაპირ „ქართული ოცნების“ ბრალეული მოქმედებით არის გამოწვეული და სხვა უამრავი საკითხი, მათ შორის სანქცირების საკითხი. ამიტომ ჩვენ ვნახავთ, რომ დღეს ეს ინფორმაცია გავა საინფორმაციო სივრცეში და დარჩება სამთავრობო მედიის გავრცელებულ პროპაგანდად“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან მდგომი ბიზნესმენების კვალზე“ – BBC საგამოძიებო რეპორტაჟს აქვეყნებს, რომელშიც გამოცემის ცნობით, გაშიფრულია გლობალური თაღლითობის სქემა და მის უკან მდგომი დავით კეზერაშვილი და მისი ბიზნესპარტნიორები.

ჟურნალისტური გამოძიება ე.წ. ქოლცენტრების საქმეს, Milton Group-ს და ამ კომპანიის კეზერაშვილთან კავშირს ეხება. თავად ქოლცენტრებსა და თაღლითურ სქემებზე დასავლური მედია ადრეც წერდა, მაგრამ BBC წერს, რომ მათ ახლა ამ სქემის უკან მდგომ პირებსა და მათ კავშირებს მიაკვლიეს. BBC-ის მიხედვით, Milton Group, რომელსაც თაღლითები იყენებდნენ, პოლიციამ შეისწავლა და ის 2020 წელს გაუქმდა. ჟურნალისტებმა გამოავლინეს 152 ბრენდი, მათ შორის, ცნობილი პლატფორმები, რომლებიც რეალურად ამ ქსელის ნაწილი იყო.