„მილიარდიანი თაღლითობის უკან“ - BBC კეზერაშვილზე საგამოძიებო რეპორტაჟს აქვეყნებს

პუბლიკა

„მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან მდგომი ბიზნესმენების კვალზე“ – BBC საგამოძიებო რეპორტაჟს აქვეყნებს, რომელშიც გამოცემის ცნობით, გაშიფრულია გლობალური თაღლითობის სქემა და მის უკან მდგომი დავით კეზერაშვილი და მისი ბიზნესპარტნიორები.

ჟურნალისტური გამოძიება ე.წ. ქოლცენტრების საქმეს, Milton Group-ს და ამ კომპანიის კეზერაშვილთან კავშირს ეხება. თავად ქოლცენტრებსა და თაღლითურ სქემებზე დასავლური მედია ადრეც წერდა, მაგრამ BBC წერს, რომ მათ ახლა ამ სქემის უკან მდგომ პირებსაც და მათ კავშირებს მიაკვლიეს.

BBC-ის მიხედვით, Milton Group, რომელსაც თაღლითები იყენებდნენ, პოლიციამ შეისწავლა და ის 2020 წელს გაუქმდა. ჟურნალისტებმა გამოავლინეს 152 ბრენდი, მათ შორის, ცნობილი პლატფორმები, რომლებიც რეალურად ამ ქსელის ნაწილი იყო.

როგორ სძალავდნენ თაღლითები ფულს მოქალაქეებს?

BBC-ის მიხედვით, ცრუ საინვესტიციო შეთავაზებების მეშვეობით ამ ქსელში დასაქმებული პირები ფულს სძალავდნენ პენსიონრებს და სხვა იმ მოქალაქეებს, ვისი ნდობის მოპოვებასაც მოახერხებენ და ვისაც გარკვეულ დანაზოგი ჰქონდა. დაზარალებულები ათასობით, რიგ შემთხვევებში, ათი ათასობით დოლარს, ევროსა და ფუნტს კარგავდნენ.

როგორც BBC წერს, ცრუ საინვესტიციო შეთავაზების შედეგად მოპარულ ფულს თაღლითები გარკვეული სქემის მეშვეობით ათეთრებდნენ.

თაღლითურ სქემაში ჩართული ზოგიერთი პლატფორმა საკმაოდ ცნობილი იყო და კარგი რეპუტაციის მოპოვებასაც ცდილობდა. მათ შორის, ცნობილი ბრენდებისა და კამპანიების სპონსორობით. ერთ-ერთი ასეთი სავაჭრო პლატფორმა იყო EverFX, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცნობილი ესპანური კლუბის „სევილიას“ სპონსორიც კი იყო.

ერთ-ერთ პენსიონერს კი დაუკავშირდნენ კომპანია Solo Capitals-დან, რომელიც დაარწმუნეს, რომ თბილისში არსებულ კრიპტოკომპანიაში ჩაედო ფული.

„ნოემბერში BBC შეჰყვა გერმანელ და ქართველ სამართალდამცველებს, რომლებმაც ქოლცენტრები გაჩხრიკეს თბილისში. კომპიუტერების ეკრანებზე ჩვენ ვნახეთ ბრიტანული სატელეფონო ნომრების სიები. მოგვიანებით დავურეკეთ ზოგიერთ მათგანს და ვესაუბრეთ. მათ გვითხრეს, რომ ეს-ესაა თავიანთი ფული ინვესტიციებში ჩადეს.

ერთ-ერთ მაგიდაზე ხელნაწერი შენიშვნების ფურცელი დაგვხვდა, სახელების სიითა და გარკვეული დეტალებით თაღლითებისთვის: „სახლის მეპატრონე, არ აქვს ვალდებულებები“; „აქვს 50 000-იანი დანაზოგი“, 50 000 აქციებში“…

ერთ-ერთი ბრიტანელი კაცის გვერდით ასეთი მინაწერიც იყო: „10 000-ზე ნაკლები დანაზოგი, საცოდავია, მალევე უნდა გამოვძალოთ ფული“, – წერს BBC.

BBC-ის მიხედვით, ჟურნალისტებმა მიაკვლიეს წყაროებს თავად Milton Group-ში, რომლებიც ადასტურებენ, რომ ქოლცენტრების სქემაში დავით კეზერაშვილი ფიგურირებს.

როგორ დგინდება, რომ კეზერაშვილი დგას თაღლითური სქემის უკან?

„ჩვენ დავიწყეთ საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორატიული დოკუმენტების შესწავლით Milton Group-ში შემავალ კომპანიებს შორის კავშირების გამოსავლენად. ყველგან ხუთი პირის სახელი ჩანდა, მითითებული დირექტორად თავად Milton-ის სავაჭრო პლატფორმებზე ან დამხმარე ტექნიკურ კომპანიებში. ესენია: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენმინი.

ჩვენ მოვიძიეთ ეს ხუთი სახელი Panama Papers-ში, 2016 წელს მასიურად გაჟონილ დოკუმენტებში, რომლებშიც დეტალურად იყო აღწერილი ოფშორული კომპანიები და აღმოვაჩინეთ, რომ ოთხი მათგანი – ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენმინი – იყო მითითებული, როგორც დირექტორი ან წამყვანი პირი Milton Group-თან დაკავშირებულ ოფშორულ კომპანიებსა თუ მათი შვილობილი კომპანიების ჯგუფში.

ამ კომპანიებმა კი სხვადასხვა გზით ერთ პირთან მიგვიყვანა – დავით კეზერაშვილთან, ქართველ ყოფილ პოლიტიკოსთან, რომელიც ორი წლის განმავლობაში იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს“, – წერს BBC.

BBC წერს, რომ არ იყო ხელმისაწვდომი საჯარო მასალები, რომლებიც Milton-ის წინარე ოფშორულ ქსელს კეზერაშვილთან დააკავშირებდა, მაგრამ ხშირად ჩანდა მისი გვარი Panama Papers-ის დოკუმენტებში, რომელთა მიხედვითაც ის იყო ამ ქსელთან დაკავშირებული კომპანიების, მათ შორის, ქოლგა კომპანიების დამფუძნებელი ან აქციონერი.

„იკვეთება, რომ კულისებს მიღმა, ამ ყველაფრის ცენტრში კეზერაშვილია“, – წერს გამოცემა.

BBC-ის მიხედვით, არ არსებობდა ისეთი საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტებიც, რომლებიც თავად თაღლითურ კომპანიებს დააკავშირებდა კეზერაშვილთან და არ ჩანდა მტკიცებულებები, რომლებიც მის პირდაპირ ფინანსურ ინტერესზე მიუთითებდა Milton-ის ჯგუფში.

„მაგრამ Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად გვითხრა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ ის Milton Group-ში იყო ჩართული.

კეზერაშვილი ხშირად ეწევა თაღლითური სავაჭრო პლატფორმების პოპულარიზაციას სოციალურ მედიის პირად ანგარიშებზე. სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე თავის ანგარიშს, ფაქტობრივად, მხოლოდ ამ ტიპის სამუშაო ადგილების რეკლამისა და Milton-თან დაკავშირებული კომპანიების შესახებ პოსტების გასაზიარებლად იყენებდა.

BBC-მ შეძლო ეპოვა არაერთი სხვა მტკიცებულება, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს Milton-ის ბრენდებთან აკავშირებდა. კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა ელექტრონული ფოსტის კერძო სერვერს, რომლის სხვა მომხმარებლები მხოლოდ Milton Group-ის კომპანიები იყვნენ. მის ფირმა Infinity VC-ს ეკუთვნოდა ბრენდინგი და ვებდომენები იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც თაღლითებისთვის სავაჭრო პლატფორმები ტექნოლოგიებით აღჭურვეს.

კეზერაშვილი ასევე ფლობს კიევის საოფისე შენობას, სადაც განთავსებული იყო როგორც თაღლითური ქოლცენტრი, რომელიც ყიდის EverFX-ის მომსახურებას, ასევე ტექნიკური კომპანიები, რომლებიც ეწეოდნენ პროგრამულ უზრუნველყოფას თაღლითური სქემისთვის. ეს ის ოფისებია, რომლებშიც პოლიცია ნოემბერში შევიდა. ის ასევე ფლობს ოფისს თბილისში, სადაც იმავე სახის ტექნიკური მხარდაჭერის კომპანიები იყო განთავსებული“, – წერს BBC.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, მათ ასევე შეისწავლეს Milton Group-ის ოთხი ხელმძღვანელის ანგარიშები სოციალურ ქსელებში. სხვადასხვა პირადი თუ სოციალური ღონისძიებების ფოტომასალიდან იკვეთება, რომ მათ ახლო კავშირი აქვთ დავით კეზერაშვილთან. თავდაცვის ყოფილ მინისტრს მეგობრებში ჰყავს მინიმუმ 45 ისეთი პირი, ვინც Milton Group-ის თაღლითურ სქემასთანაა დაკავშირებული. BBC-ის მიერ გამოვლენილი ამ 4 ხელმზღვანელი პირიდან კი ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია.

ასევე BBC წერს, რომ მათ მიაკვლიეს 18 მილიონ ფუნტად შეფასებულ სასახლეს ლონდონში, სადაც ცხოვრობს დავით კეზერაშვილი და მასთან დალაპარაკება სცადეს.

ჟურნალისტებმა კეზერაშვილის ჩაწერა ვერ მოახერხეს, მაგრამ როგორც გამოცემა აცხადებს, მოგვიანებით მან თავისი იურისტების მეშვეობით გააკეთა კომენტარი, უარყო მისი ჩართულობა Milton Group-ში და ფინანსური სარგებელი თაღლითური სქემიდან.

კეზერაშვილის ადვოკატების განცხადებით, EverFX მისი ინფორმაციით, ლეგალური ბიზნესია. ხოლო ის კავშირები, რომელთაც ჟურნალისტებმა გამოავლინეს, კეზერაშვილის ადვოკატების განცხადებით, „არაფერს ამტკიცებს“.

ჟურნალისტების მიერ გამოკვლეული ინფორმაცია და კავშირები უარყვეს ჭელიძემ და გოგეშვილმაც. მათაც განაცხადეს, რომ EverFX ლეგალური ბიზნესი იყო, Milton-თან კავშირი კი უარყვეს. ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა ბენმინიმ, მგელაძემ კი ქოლცენტრებთან კავშირი საერთოდ უარყო.

თავად EverFX-ში აცხადებენ, რომ ისინი ლეგალურ ბიზნესს ეწევიან და დეტალურად უხსნიან რისკებს პოტენციურ ინვესტორებს.