პუტინი ამბობს, რომ ბელარუსი კორონავირუსის რუსულ ვაქცინას ერთ-ერთი პირველი მიიღებს - Tass

პუბლიკა

ბელარუსი იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ რუსულ ვაქცინას მიიღებს. ამის შესახებ რუსული სააგენტო tass წერს. მათი ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პიტინმა ეს საკითხი მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე გააჟღერა.

„მე ვესაუბრე ალექსანდრე ლუკაშენკოს და შევთანხმდით, რომ ბელარუსი შემოგვიერთდება ვაქცინის ტესტირების საბოლოო ეტაპზე, ხოლო ამის შემდეგ ისინი ერთ-ერთი პირველები იქნებიან, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინას მიიღებენ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინმა პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, ტატიანა გოლიკოვას დაავალა, რომ აღნიშნული საკითხი ბელარუს კოლეგებთან ერთად სისრულეში მოიყვანოს.

11 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა „გამალეიას ინსტიტუტის“ მიერ შემქნილი „კოვიდ-19“-ის ვაქცინა ოფიციალურად დაამტკიცა.

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, სერიოზული ეჭვები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა თავისი ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დაამტკიცა. ამის შესახებ ფაუჩიმ „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ მიერ ორგანიზებული ონლაინდისკუსიის დროს განაცხადა.


ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული არჩევნების შემდეგ დემონსტრაციები იმართება. 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. აქციების დროს დაიღუპა 4 ადამიანი. დააკავეს ათასობით ადამიანი. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო.

ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები 14 აგვისტოს შეთანხმდნენ, რომ ისინი ბელარუსს სანქციებს დაუწესებენ. ამის პარალელურად კი ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, რუსეთის პრეზიდენტმა საჭიროების შემთხვევაში სამხედრო დახმარება შესთავაზა.