ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა

პუბლიკა

The Guardian-ის ინფორმაციით, ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომლები ცენზურისა და არჩევნების შედეგების გამო გაიფიცნენ.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ორშაბათს, დილით სატელევიზიო ეთერი ცარიელი სტუდიით გაიხსნა. ტელეკომპანია Belarus-1, რომელიც ლუკაშენკოს 25-წლიანი მმართველობის პერიოდში პროსახელისუფლებო პროპაგანდას ეწეოდა, გასული კვირის დასაწყისში პროტესტის მონაწილეებს წარმოაჩენდა, როგორც საშიშ პროვოკატორებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებოდნენ, რათა ლუკაშენკოს პირობებში შექმნილი სტაბილურობისთვის საფრთხე შეექმნათ.

გამოცემის ინფორმაციით, ტელე-რადიოკომპანიის 2 000-მდე თანამშრომლიდან დაახლოებით 300 ადამიანი გაიფიცა.

გაფიცულები აცხადებენ, რომ მუშაობას არ გააგრძელებენ, სანამ არ შესრულდება 5 მოთხოვნა, მათ შორის – ხელახალი არჩევნების დანიშვნა და ტელევიზიის ცენზურისგან გათავისუფლება.

მათივე განცხადებით, ბევრ თანამშრომელს ეშინია გაფიცვის, რადგან, თუ სამსახურიდან გაათავისუფლებენ, წასასვლელი არსად ექნებათ – ბელარუსში ყველა ტელევიზიას სახელმწიფო აკონტროლებს.

„უჩვენეთ ხალხს სიმართლე!“, – გაფიცვის წინა დღეს, კვირას, ამ სლოგანით სახელმწიფო ტელევიზიასთან ათასობით ადამიანმა გამართა აქცია, თუმცა ტელევიზიას საპროტესტო აქცია არ გაუშუქებია.


9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. დააკავეს ათასობით ადამიანი; დაღუპულია 2 დემონსტრანტი. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო. მთავარი ოპონენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია კი აცხადებს, რომ არჩევნებში 60-70%-იანი მხარდაჭერით თავად გაიმარჯვა და არა ლუკაშენკომ.