ბელარუსის უსაფრთხოების კომიტეტსა და საქართველოს სუს-ს შორის დადებული შეთანხმება ძალაში შევიდა - HRHT

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT)“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ გუშინ, 13 აგვისტოს, ბელარუსის ოფიციალურ საკანონმდებლო ვებსაიტზე დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობას აფორმებენ.

ორგანიზაციის ცნობით, დოკუმენტი 2016 წელს არის ხელმოწერილი, რომელიც ბელარუსში ძალაში შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან, სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებისთვის, რეგულარულად გაცვალონ ინფორმაცია.

დოკუმენტი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებსაიტზე, შესაბამისად, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ ვარაუდობს, რომ მას საქართველოში იურიდიული ძალა ჯერ არ შეუძენია.

თუმცა, ორგანიზაციის თქმით, არსებობს 2022 წლის 6 აგვისტოს დადენილება, რომელიც ამტკიცებს შეთანხმების ძალაში შესვლას და მის ასამოქმედებლად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულებას.

„შეთანხმების მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რეგულარულად გაცვლონ ინფორმაცია, ოპერატიულად ითანამშრომლონ სხვადასხვა დანაშაულებთან საბრძოლველად, მათ შორის სახელმწიფოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციური მთლიანობის, სახელმწიფო უსაფრთხოების წინაღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ“, – იუწყება ორგანიზაცია.

HRHT აღნიშნავს, რომ ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმი სწორედ მსგავს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს უფლებადამცველებსა და უფლებადაცვით ორგანიზაციებს, რითაც ახშობს ბელარუსში კრიტიკულ აზრს, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და კრძალავს ქვეყანაში უფლებადამცველების ლეგიტიმურ საქმიანობას.

„ერთ წელიწადზე მეტია, რაც 2020 წლის 9 აგვისტოს არალეგიტიმურად შეჯამებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო ტალღას, ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან ფართომასშტაბიანი კოორდინირებული და უწყვეტი შეტევა მოჰყვა მშვიდობიანი მომიტინგეების, უფლებადამცველების, ჟურნალისტების და აქტივისტების წინააღმდეგ. დღევანდელი მდგომარეობით, ბელარუსში 631 ადამიანია მიჩნეული პოლიტიკური პატიმრად“, – ამბობს „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“.

ორგანიზაციის ცნობით, 2021 წლის 23 მაისის შემდეგ, როდესაც ბელარუსის ხელისუფლებამ სამგზავრო თვითმფრინავს მინსკისკენ შეაცვლევინა გეზი და ჟურნალისტი დააკავა, საჰაერო სივრცეში დაწესებული სანქციების გამო, საქართველო იმ მცირე ქვეყნებს შორის დარჩა, სადაც ბელარუსიდან დევნილებს გამომგზავრება და თავის შეფარება შეუძლიათ.

HRHT ამბობს, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს თუ სხვა შეზღუდვებს აწესებს, რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო, არ აღიარებს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და წყვეტს თანამშრომლობას მოქმედ რეჟიმთან.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხარემ არ დაუშვას უსაფრთხოების სამსახურებს შორის დადებული შეთანხმების რეალური ამოქმედება, რადგან აღნიშნული დოკუმენტის გამოყენება საფრთხეს შეუქმნის საქართველოში დევნილობაში მყოფ ბელარუსებს, განსაკუთრებით, უფლებადამცველებსა და აქტივისტებს. უფლებადამცველების დაცვის ვალდებულება კი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ სახელმწიფოს აკისრია“, – ამბობს „ადამიანის უფლებათა სახლი“.

მათივე განცხადებით, ბელარუსის ავტორიტარულ რეჟიმთან ამოქმედებული შეთანხმებით და მისი გამოყენებით, საქართველოს მხარე უხეშად დაარღვევს ადამიანის უფლებებს, საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.

„ადამიანის უფლებათა სახლი“, მოუწოდებს საქართველოში მყოფ ბელარუს უფლებადამცველებს თუ პოლიტიკურ დევნილებს, მიმართონ ორგანიზაციას სამართლებრივი დახმარებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხო ყოფნა საქართველოში.