ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ და დარწმუნებულები არიან, რომ ბელარუსში წარმოქმნილი პრობლემები მალე მოგვარდება. ეს განცხადება კრემლმა ლუკაშენკოსა და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა.
„ორივე მხარეს სჯერა, რომ ქვეყანაში წარმოქმნილი ყველა პრობლემა მალე მოგვარდება. ეს პრობლემები დესტრუქციულმა ძალებმა არ უნდა გამოიყენონ, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთდახმარებაზე დაფუძნებულ თანამშრომლობასა და კავშირს,“- აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ განცხადების პარალელურად კი ქვეყანაში საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეები ლუკაშენკოს წასვლას ითხოვენ. დღეს ათასობით ადამიანი ყვავილებით, სანთლებითა და დროშებით შეიკრიბა მინსკში მეტროსადგურთან, სადაც აქციის მონაწილე ალექსანდრე ტარაიკოვსკი გარდაიცვალა.
ევროკავშირი კი სანქციების დაწესებას გეგმავს. პარასკევს, 14 აგვისტოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მოამზადებენ სანქციებს ბელარუსის იმ ოფიციალურ წარმომადგენლებზე, რომლებიც პასუსიხმგებელნი არიან არჩევნების გაყალბებაზე.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სანქციები ასევე იმ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ უნდა დაწესდეს, ვინც მშვიდობიანი დემონსტრატების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.
ბელარუსში დემონსტრაციები ამ დრომდე გრძელდება. გარდაცვლილია აქციებში მონაწილე 2 დემონსტრანტი. 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო.