მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეწყვიტონ ძალადობა - ტიხანოვსკაია ახალ მიმართვაში

პუბლიკა

Meduza-ის ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია სოციალურ ქსელში კიდევ ერთ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიმართვაში ის ბელარუსის ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს.

ვილნიუსში მყოფი ტიხანოვსკაიას თქმით, ლუკაშენკოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი აქციები „მასობრივ მკვლელობებად“ გადააქცია.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შეუძლებელს მივაღწიეთ. ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ არავის სჯეროდა, რომ ბელარუსელებს შეეძლოთ გაერთიანება და ძველი ხელისუფლებისთვის „არას“ თქმა. თუმცა, ეს მოხდა – ჩვენ მივედით საარჩევნო უბნებზე და გავაკეთეთ არჩევანი – კანონიერად, მშვიდობიანად და ღირსეულად“, – აღნიშნავს სვეტლანა.

სვეტლანა ტიხანოვსკაია მიმართვის ვიდეოში მადლობას უხდის მის თითოეულ ამომრჩეველს.

„ცვლილებების მომხრეები უმრავლესობაში ვართ. ეს დოკუმენტურადაც დასტურდება, შედეგების პროტოკოლებით. სადაც ხმები სამართლიანად დაითვალეს, ჩემი მხარდაჭერა 60-დან 70 პროცენტამდე იყო, რეგიონ ნოვაია ბოროვაიაში კი – 90%. ბელარუსელებს აღარ ექნებათ სურვილი, წინა ხელისუფლებასთან ერთად იცხოვრონ. მოსახლეობის უმრავლესობას მათი, ლუკაშენკოს გუნდის გამარჯვების არ სჯერა“, – აღნიშნა მან.

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსში არსებული არეულობა კრიტიკულად შეაფასა და ბელარუსის ქალაქების მერებს მიმართა:

„უნდა შევაჩეროთ ძალადობა ბელარუსის ქალაქებში. მოვუწოდებ ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეწყვიტონ ძალადობა და დასთანხმდნენ დიალოგს. ვთხოვ ყველა ქალაქის მერს, 15 და 16 აგვისტოს მოახდინოს მშვიდობიანი მასობრივი შეკრების ორგანიზება“, – ამბობს სვეტლანა ტიხანოვსკაია.


ინტერნეტში ბელარუსის ლიდერის სვეტლანა ტიხონოვსკაიას კიდევ ერთი ვიდეო 11 აგვისტოს გავრცელდა, სადაც ის, სავარაუდოდ, დაწერილ ტექსტს კითხულობს და დემონსტრანტებს მოუწოდებს, არ შეუერთდნენ საპროტესტო აქციას.

ბელარუსში დემონსტრაციები ამ დრომდე გრძელდება. გარდაცვლილია აქციებში მონაწილე 2 დემონსტრანტი. 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო.

ბელარუსში მიმდინარე დემონსტრაციების მხარდამჭერი მშვიდობიანი აქციები მიმდინარეობს თბილისშიც.