ბელგიაში დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

პუბლიკა

ბელგიაში, ანტვერპენის პროვინციაში, მერკპლასის დროებითი მოთავსების იზოლატორში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ბელგიური მედიის ინფორმაციით, მოქალაქის გარდაცვალებას დაკავების ცენტრში პროტესტი და არეულობაც მოჰყვა და პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.

მედიის ინფორმაციით, საქართველოს 40 წლის მოქალაქემ შიმშილობა გამოაცხადა საფრანგეთში გადაყვანის მოთხოვნით, სადაც მისი ცოლი და სამი შვილი იმყოფებოდა, რაზეც უარი მიიღო. სამართალდამცველების განცხადებით, შიმშილობის მიუხედავად, ჯერჯერობით, უცნობია მისი სიკვდილის მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება.

იმიგრაციის დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, შიმშილობის გამოცხადებისას ისინი ყოველთვის ყურადღებით აკვირდებიან მოქალაქეებს და უტარებენ საჭირო პროცედურებს. ამ შემთხვევაში კი მოქალაქის მდგომარეობა საგანგაშო არ იყო.

„პირველადი დაკვირვებით, ეს იყო ბუნებრივი სიკვდილი და არა სუიციდი ან ვინმეს დანაშაული“, – განაცხადა იმიგრაციის დეპარტამენტის პრესსპიკერმა, თუმცა, მისივე თქმით, გამოძიება მაინც მიმდინარეობს.

„პუბლიკა“ დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს.