„4 ოქტომბერი უნდა შეფასდეს არა სისხლის სამართლის კოდექსის, არამედ ეროვნული მორალისა და სულისკვეთების კონტექსტში”, – თქვა დასკვნით სიტყვაში მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.
მან მურთაზ ზოდელავას მიმართ ბრალად წარდგენილი მუხლების შეფასებამდე პოლიტიკურ კონტექსტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს წინ უძღოდა:
„ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ისტორიული გზიდან გადახვევა, საქართველოს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, პროტესტის მონაწილეთა სასტიკი დარბევა, წამება, სახლებთან ჩასაფრება და უმოწყალო ანგარიშსწორება ორგანიზებული და აღსრულებული სამართალდამცავი უწყებებისა და მათ მიერ მართული კრიმინალური დაჯგუფებების მიერ…
2025 წლის 4 ოქტომბერს წინ უძღოდა: ათეულობით მოქალაქის უკანონოდ დაკავება, გასამართლება და დატყვევება, ახალგაზრდების, ბავშვების, ქალების დამცირება და დევნა, ათასობით მოქალაქეზე ორგანიზებული მუქარა და შეურაცხყოფა, ასეულობით კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გამოყრა”.
შემდეგ კი აღნიშნა, რომ როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები პრივატიზებულია ერთი პარტიის მიერ, ხალხს გზა არ რჩება, გარდა ქუჩის აქტიური პროტესტისა, რომლის მოთხოვნა დამნაშავე ხელისუფლების ცვლილება უნდა ყოფილიყო.
მისი თქმით, მურთაზ ზოდელავა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დაცვის მხარის შეფასებით, ბრალდების მიერ დანაშაულებრივად მიჩნეული გარემოებები წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის აღსრულების მცდელობას.
მურთაზ ზოდელავას ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი:
-
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – [სსკ-ის 19-222-ე მუხლი].
-
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა – [სსკ-ის 225-ე მუხლი]
-
მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ – [სსკ-ის 317-ე მუხლი].
მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ
დაცვის მხარის პოზიციით, მურთაზ ზოდელავას სატელევიზიო გამოსვლების სსკ-ის 317-ე მუხლით შეფასება სრულად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების ძირითად პრინციპებს.
„მურთაზ ზოდელავა არცერთ გამოსვლაში საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის შეცვლაზე არ საუბრობს. პირიქით, ის დემოკრატიული რესპუბლიკის იდეის ერთგულია და ყოველ ჯერზე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებს;
მურთაზ ზოდელავას გამოსვლებში არსადაა ძალადობრივი მოწოდება. ის ყოველ ჯერზე საუბრობს აქტიურ მშვიდობიან პროტესტზე.
ოქსიმორონია არა სიტყვათშეთანხმება ,,მშვიდობიანი დამხობა”, არამედ მშვიდობიანად სახელდებული პროცესის ძალადობრივად შეფასებაა. ცალკე აღსანიშნავია, რომ ტერმინს ,,მშვიდობიან დამხობას“ მურთაზ ზოდელავას გამოსვლებში ვერ შეხვდებით, ის ძირითადად საუბრობს ვარდების რევოლუციის ანალოგიური მშვიდობიანი რევოლუციის საჭიროებაზე.
პოლიტიკურ მეცნიერებებში სიტყვა რევოლუციას მხოლოდ ძალადობრივი შინაარსი დიდი ხანია აღარ გააჩნია და პირიქით სწრაფ, პოზიტიურ ცვლილებებთან ასოცირდება. ამავე დროს დიდი ხანია დამკვიდრდა მშვიდობიანი რევოლუციის ცნებაც, ჯერ კიდევ ხავერდოვან რევოლუციებამდე, მაგალითად Friedliche Revolution აღმოსავლეთ გერმანიაში. ეს იყო პროცესი, რომელმაც ჩამოშალა პროსაბჭოთა მმართველობითი სისტემა აღმოსავლეთ გერმანიაში და საბოლოოდ გერმანიის გაერთიანება გამოიწვია”, – განაცხადა ბასილაიამ.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა
ბასილაიას თქმით, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის არგუმენტად ბრალდების მხარეს მოჰყავს შემდეგი:
- მურთაზ ზოდელავა პაატა ბურჭულაძემ დაასახელა აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრად;
- მურთაზ ზოდელავამ სცენიდან მოუწოდა ხალხს პრეზიდენტის სასახლისკენ;
- მურთაზ ზოდელავა დაიძრა პრეზიდენტის სასახლისკენ;
- მურთაზ ზოდელავა გადავიდა პრეზიდენტის სასახლის ეზოში.
მისი თქმით, 225-ე მუხლის შემადგენლობა არათუ მურთაზ ზოდელავას, არამედ არცერთი აქ წარმოდგენილი ბრალდებულის მიმართ არ არსებობს. მისი თქმით, საქმეში ყალბი პატაკიც კი არ არსებობს, რაც 4 ოქტომბრამდე ან 4 ოქტომბერს აქციის გამართვამდე ამ ხუთ ადამიანს აქციის საორგანიზაციო საკითხებზე ერთმანეთთან დააკავშირებდა.
„ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვაში განვითარებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით გადაადგილება არა სპონტანური, არამედ დაგეგმილი იყო, მცდარია. ბრალდება ცდილობს წყლის ჭავლგამოვლილი, მხუთავგაზნაყლაპი უაღრესად აღელვებული მურთაზ ზოდელავას კომენტარის გამოყენებას ამ თეზისის გასამყარებლად, მაგრამ ბრალდებამ ვერ მოიყვანა ერთი მოწმეც კი, ვინც იტყოდა, რომ მან იცოდა 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით გადაადგილების შესახებ, ვერ მოიყვანა ერთი მოწმეც კი, ვინც იტყოდა, რომ ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდა პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით გადაადგილებასთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება არსებობდეს რაიმე გეგმა, რის შესახებაც არავინაა ინფორმირებული?! ან როგორ შეიძლება დაგეგმილი ყოფილიყო პრეზიდენტის სასახლის შტურმი და ათამდე სდსს-ის თანამშრომელს შეეკავებინა შიშველი ხელებით?!”, – განაცხადა ბასილაიამ.
მიისვე განმარტებით, ჯგუფური დანაშაული აუცილებლად გულისხმობს, ჯგუფის წევრებს შორის როლების გადანაწილებას, ყოველი პირის ფუნქციის განსაზღვრას და ა.შ.
„ამ მიმართულებით ერთი სიტყვა მაინც ამოიკითხეთ დასკვნით სიტყვაში? ერთი მტკიცებულება მაინც გამოვიკვლიეთ სასამართლო განხილვისას? – არა! ამას აქვს კონკრეტული მიზეზი, არავითარ ჯგუფურ მოქმედებას 4 ოქტომბერს ადგილი არ ჰქონია. ხალხის სტიქიურ ბრაზს უსამართლობის წინააღმდეგ – კი ბატონო”, – განაცხადა ბასილაიამ.
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა
ბასილაიას თქმით, 4 ოქტომბერს სცენიდან კი გოროზად ჟღერდა, ხოლო დაკავების შემდეგ ბევრს შეიძლება ეფიქრა, მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო მურთაზის გასასამართლებლადო, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ მოვისმინოთ, რა თქვა მან:
,,დღეს ჩვენ აქ ვიდგებით, მაგრამ მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას. მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება. ნებისმიერი პოლიციელი ან გდდ-ს თანამშრომელი, რომელიც წინ დაგვხვდება, დავუსვამთ ერთადერთ შეკითხვას: „ვისკენ ხარ? ხალხისკენ, კონსტიტუციისკენ თუ ივანიშვილისკენ? ვისკენ ხარ? სამშობლოსკენ თუ რუსეთისკენ? ჩვენ მიერ პოლიციელად და ძალოვნად მხოლოდ ის იქნება აღქმული, ვინც სწორ პასუხს გაგვცემს, რომ ემსახურება ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. ეს არის ჩვენი კონკრეტული მიდგომა. მორჩა ლაი-ლაი აქციებზე, მორჩა ბოდიალი, მორჩა ბიძინას მონობა, მორჩა ჩმორობა. ყველას გთხოვთ, გამოირჩეს მამაკაცური ძალა. ქალბატონები აქ უნდა იდგეთ, არ უნდა დაიშალოთ. საქართველო, დაგვემატეთ, გამოდით. მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. ეს იქნება პირველი ნაბიჯი“, – თქვა ზოდელავამ 4 ოქტომბერს სცენიდან.
- „სად არის აქ კრიმინალი?! რომელ მოწოდებას არ იზიარებთ?!”, – განაცხადა პროცესზე ბასილაიამ და განაგრძო:
- ქართველ ხალხს არ ეკუთვნის სახელისუფლებო ცენტრები?! არ არის ხელისუფლების წყარო ხალხი?!
- პოლიციელი ან გდდ-ს თანამშრომელი ვისკენ უნდა იყოს, ქართველი ხალხის თუ რუსეთისკენ?! ვის სადარაჯოზე უნდა იდგეს, კონსტიტუციური წესრიგის თუ პარტიის თავმჯდომარის სიმშვიდის?!
- პრეზიდენტის სასახლის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის გასაღები ეკუთვნის თუ არა ქართველ ხალხს?!
ბასილაიას თქმით, ნებისმიერი, ვინც ამ კითხვებს საკუთარი სინდისის და მოქალაქეობრივი ღირსების კარნახით გასცემს პასუხს, მურთაზ ზოდელავას უდანაშაულოდ ცნობს.
მამაკაცური ძალა
ბასილაიას თქმით, მამაკაცურ ძალასთან დაკავშირებით მურთაზ ზოდელავამ 4 ოქტომბრამდე სატელევიზიო ეთერში მკაფიოდ განმარტა, რომ აღნიშნულის ხაზგასმის მიზანს წარმოადგენდა ქალთა ღირსების დაცვას, რაც ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ფორმალური და არაფორმალური დაჯგუფებების მიერ დემონსტრაციულად ითელებოდა ფეხქვეშ.
„რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში წუთიერ შესვლას, მურთაზ ზოდელავამ დაკითხვისას მკაფიოდ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ხალხმა გადაინაცვლა ორბელიანის მოედანზე და იყო ექსცესები ღობესთან, მის პიროვნული პასუხისმგებლობად ჩათვალა, ყოფილიყო ხალხის გვერდით, მოვლენათა ეპიცენტრში. თქვენ თავად ნახეთ კადრი, შეუძლებელია, შიშველხელება, საქართველოს დროშა მოხვეული 2 მამაკაცის მოშლილ ღობეზე გადასვლა ობიექტის დაკავების მცდელობად ჩაითვალოს”, – თქვა ადვოკატმა.