ბექა ნაცვლიშვილი ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აანონსებს

პუბლიკა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა დაანონსა.

მისი თქმით,  ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების შეწყვეტა  ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“  და „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ორივეს მიზანი პოლარიზაციაა.

„ქართულმა ოცნებამ“ თავისი მაინც გაიტანა. გიგი უგულავას დაპატიმრება ცხადი იყო, აღმოჩნდებოდა საბაბი, რომ ოპოზიციური ძალები გავიდოდნენ მოლაპარაკების პროცესიდან, ეს ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ არანაკლებ აძლევს ხელს „ნაციონალურ მოძრაობასაც“, რადგან ორივეს მიზანი არის პოლარიზაცია, რომ პოლიტიკურ ველზე არსებობდეს მხოლოდ ორი მოთამაშე და ორივემ თავის მიზანს მიაღწია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ახალი პოლიტიკური ძალის შექმნაზე საუბრისას განაცხადა, რომ ის ქვეყანას პოზიტიურ ალტერნატივას შესთავაზებს.

„გპირდებით, რომ იქნება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ქვეყანას პოზიტიურ ალტერნატივას შესთავაზებს და იბრძოლებს იმ პოლიტიკისთვის, რომლის საფუძვლეზეც ქვეყანა კრიზისიდან უნდა გამოვიდეს. მიდის მოლაპარაკების პროცესი, შეიძლება მოხდეს გაერთანება საღი და ამ ქვეყნისთვის გულანთებული ადამიანების, რომელთაც ექნებათ ერთი ხედვა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.