ბექა ნაცვლიშვილი თანამოაზრეებთან ერთად მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავს

პუბლიკა

„კმარა არჩევნები არჩევანის გარეშე”, – პროპორციული არჩევნების მოთხოვნით ფილარმონიასთან აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები არიან: დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, მშრომელთა გაერთიანება „სოლიდარობის ქსელი“, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ და „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები”.

დღეს გამართულ აქციაზე ცნობილი გახდა, რომ ნაცვლიშვილი აქციის დანარჩენ ორგანიზატორებთან ერთად საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავს.

ნაცვლიშვილის თქმით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა მშრომელთა უფლებებს დაიცავს და არჩევნებში სწორედ მშრომელთა საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ პლატფორმაში გაერთიანებული იქნებიან ადამიანები, ვინც იბრძვის მშრომელთა უფლებებისთვის, გარემოსთვის, მუშებისთვის, ჯანდაცვისთვის, პენსიისთვის და ა.შ.

„ჩვენ ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს, რადგან საშუალება მოგვეცეს შინაარსიანი პოლიტიკის კეთებისა, ამ ჩაკეტილი უშინაარსო ორპოლუსიანობის მიღმა. მაგრამ, მხოლოდ პროპორციულის მოთხოვნა არაა საკმარისი. ჩვენ დღესვე უნდა ვიბრძოლოთ უფრო მეტისთვის და შევცვალოთ პოლიტიკა.  ვისაც გსურთ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ყურადღება მიექცევა ისეთ რეალურ პრობლემებს, როგორიცაა: სიღარიბე, შრომითი მიგრაცია, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, ღირსეული შრომითი პირობები, სადაც აზარტული თამაშის გამო ადამიანები თავს არ მოიკლავენ, ხოლო ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ხალხს სახლებიდან არ გამოასახლებენ!”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

LB loan image desktop LB loan image mobile