ბექა ვარდოსანიძე დააკავეს - ადვოკატი

პუბლიკა

ანტიდასავლურ და რადიკალურ ორგანიზაცია „ალტ-ინფოსთან“ დაახლოებული პირი, ბექა ვარდოსანიძე, სავარაუდოდ, დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ზვიად ტომარაძე ავრცელებს. ინფორმაციას ადასტურებს მისი ადვოკატი, თემურ ლომიძეც, რომელიც დაკავების მომენტში ვარდოსანიძეს თან ახლდა.

„[პოლიციის სამმართველოში] მოვედით ბექასთან ერთად და შემდეგ ბექა დააკავეს. როგორც ირკვევა არა იმის გამო, რომ პირველი არხის ჟურნალისტმა შეიტანა სრულიად უსაფუძვლო საჩივარი, არამედ იმის გამო, რომ დაურეკავს პოლიციის თანამშრომელს ბექასთვის და ბექას მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა და ადმინისტრაციული წესით დააკავეს“, – ამბობს ზვიად ტომარაძე.

ბექა ვარდოსანიძის ადვოკატი თემურ ლომიძეც იმავეს ამბობს, რომ სამმართველოში დაბარების მიზეზი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის მიერ შეტანილი საჩივარი ეგონა.

„რომ შევედით, მოგვიწია ცოტახნით ლოდინი. არ მოველოდებოდით, რომ ასე განვითარდებოდა სიტუაცია. ჩვენ გვეგონა რომ იქ ვიყავით მისული ჟურნალისტის განცხადების შეტანის საფუძველზე, თუმცა როგორც აღმოჩნდა, როგორც პოლიციის უფროსმა განმიმარტა, მოხდა ბექას დაკავება პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო“, – აღნიშნა ადვოკატმა.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებას. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.


გუშინ ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისა და კიბერბულინგის გამო, ბექა ვარდოსანიძეს შსს-ში უჩივის. თუმცა, როგორც ვარდოსანიძის ახლობლებმა აღნიშნეს, დაკავება სხვა მიზეზით მოხდა.