ბექა ვარდოსანიძეს სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

პუბლიკა

ანტიდასავლურ და რადიკალურ ორგანიზაცია „ალტ-ინფოსთან“ დაახლოებული პირი, ბექა ვარდოსანიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა, – ამის შესახებ ვარდოსანიძე facebook-ჩართვაში ამბობს. გადაწყვეტილება მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ მიიღო.

ადვოკატების ცნობით, ვარდოსანიძე ადმინისტრაციული წესით 31 დეკემბერს დააკავეს. მისივე გადმოცემით, მას შსს პოლიციის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.

„ჟურნალისტზე გავბრაზდი და პოლიციელზე გადავტეხე ჯოხი, სიძულვილი კი არ გამოვხატე მის მიმართ… ყველა, ვინც სარჩელს შემოიტანს, ხომ უნდა გადაამოწმო, რა კომპეტენციის საფუძველზე ჩივის და მერე მე მიძახებ ხომ? რეაგირებას რომ აკეთებ და მიძახებ, წაიკითხე, რაზე მიჩივიან იქ. ან ვიდეო ნახე ჯერ, რაზე მიჩივიან და გადაამოწმე, არის ამაზე რეაგირება დასაწყები? სადაც არავითარი ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლა არ არის, მაგაზე ავღელდი ზუსტადაც. ბიჭო, ვიდეო ნახეთ-მეთქი?! რაზე მიბარებთ-მეთქი? – ამის გამო მომივიდა ეს… ემოციურად ავღელდი ჟურნალისტების ორმაგი სტანდარტის გამო. ჟურალისტებს აქვთ ყველაფრის უფლება და მე თუ ხმას ამოვიღებ, პოლიციაში შეიტანენ განაცხადს და დაგიბარებენ ეგრევე“, – ამბობს ვარდოსანიძე facebook-ჩართვაში.


საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე ბექა ვარდოსანიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივის. ქეთი თუთბერიძის განმარტებით, მიზეზი ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა და კიბერბულინგია.