ბექაური: თვითრეგულირება ვერ მუშაობს ეფექტიანად, ქარტია მუშაობს, მაგრამ არ არის შედეგი

პუბლიკა

28 დეკემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019-2020 წლების საქმიანობის ანგარიში მოისმინა ადამიანის უფლებთა კომიტეტმა.

კახა ბექაურმა თვითრეგულირებასთან დაკავშირებულ თემებზე ისაუბრა. კომისიის თავმჯდომარის გამოსვლის ტექსტს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„იმედი გვაქვს, ყველა ვთანხმდებით, რომ აგრესია, სიძულვილი, უხამსობა, ყალბი ინფორმაცია, დეზინფორმაცია, პოლიტიკური მიკერძოება არის პრობლემა და აზიანებს როგორც ქვეყანას, ისე საზოგადოებას. თუ ვთანხმდებით, რომ ეს პრობლემაა, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს გამოწვევა ამაზეც ერთად უნდა შევთანხმდეთ. შეიძლება თუ არა ყალბი ინფორმაციის მავნე ზეგავლენას მხოლოდ თვითრეგულირებით ვუშველოთ, ჩემი აზრით და დასავლეთის პრაქტიკით არა, ვინაიდან მაუწყებლის თვითრეგულირების ორი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არსად არ საჩივრდება, არც სასამართლოში და არც კომისიაში“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

ბექაურის განცხადებით, მსგავსი მიდგომა, რომ მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება არსად არ საჩივრდებოდეს, მხოლოდ საქართველოში მოქმედებს და ევროპის არც ერთ ქვეყანაში ასე არ არის.

„თვითრეგულირება ვერ მუშაობს ეფექტიანად, ქარტია მუშაობს, მაგრამ არ არის შედეგი, რადგან სიძულვილის და ყალბი ინფორმაციის დოზა იზრდება მედიაში და ეს ნიშნავს, რომ ეს ორგანიზაციები არაეფექტიანია. ჩვენ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვისაუბროთ, რა ზიანს იღებს ყალბი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოება, თვითრეგულირება, როგორც არ უნდა გავაძლიეროთ ამას არ ექნება შედეგი, რადგან არც ერთ ქვეყანაში მხოლოდ თვითრეგულირებამ შედეგი არ გამოიღო“, – განაცხადა კახა ბექაურმა.