ბერძენიშვილმა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაზე განცხადებებს აბსურდული უწოდა

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა მაუწყებლის ბორდის ღია სხდომაზე სარედაქციო დამოუკიდებლობასა და ე.წ. „შავი სიების“ არსებობასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე ისაუბრა.

„ახალი კვირის“ წამყვანისა და ორ ჟურნალისტის განცხადებებზე მაუწყებელმა ოფიციალურად მოკვლევა დაიწყო, მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა. შედეგები ცნობილი არაა, თუმცა თინათინ ბერძენიშვილი უკვე დაბეჯითებით ამბობს, რომ ამ განცხადებების უკან არაფერი არ დგას და ბრალდებები აბსურდულია.

შეგახსენებთ, რომ მოკვლევის დაწყებამდე არხმაც გამოხატა უკვე პოზიცია და ჟურნალისტთა განცხადებებს „რეპუტაციის შემლახავი“, „ცილისმწამებლური“, „უსაფუძვლო“, „მიზანმიმართული კამპანია“ უწოდა.

თინა ბერძენიშვილის თქმით, ორგანიზაციაში არ არსებობს არანაირი შავი სია და აბსოლუტური სარედაქციო დამოუკიდებლობაა უზრუნველყოფილი.

გთავაზობთ საბჭოს სხდომაზე თინა ბერძენიშვილის გამოსვლის ტექსტს:

„ჩვენთვის ძალიან რთული იყო ეს პერიოდი. ვფიქრობ, საზოგადოებრივ მაუწყებელს დარტყმა მიადგა განცხადებებით, რომლის უკანაც ერთმნიშვნელოვნად შემიძლია თქმა, რომ არაფერი არ დგას.

ჩვენი გუნდი პასუხისმგებლობიანია. სამართლიანობაა გული ჩვენი მართვის. ჩვენ სხვა ინტერესი არ გაგვაჩნია იმის გარდა, რომ ეს ორგანიზაცია მივიყვანოთ ისეთ საფეხურამდე, რასაც ევროპული ოჯახი ასე უფრთხილდება და რასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის კომუნა ჰქვია.

არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება და არ გამიკეთებია არცერთი განცხადება მედიასთან, სანამ დეტალურად არ გავერკვეოდი ყველაფერში, თუმცაღა აბსოლუტურად აბსურდულად ისმოდა ეს ბრალდებები.

დავიწყეთ ჩაღრმავება ამ საკითხზე. გაჩნდა ასეთი სიტყვა – მოკვლევა, კვლევა. რას დავარქმევთ ამას მნიშვნელობა არ აქვს. დავიწყეთ დეტალებში გარკვევა.

დირექტორთა საბჭოს შემადგენლობა, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითია, ყოველდღიურად არის ამ პროცესში ჩართული – ხვდება თითოეულ თანამშრომელს თითოეულ საკითხზე იკვლევს ყველა ნიუანსს, ყველა ფრაზას, აანალიზებს ამ ყველაფერს და ველოდები, როდესაც საბოლოო დასკვნა გვექნება.

ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ორგანიზაციაში არ არსებობს არანაირი შავი სია, ორგანიზაციაში არსებობს აბსოლუტური სარედაქციო დამოუკიდებლობა – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, თუმცა რატომ გაჩნდა ასეთი განცხადებებით გამოსვლის სურვილი ამ დროს, ახლა, ამას ყველაფერს უნდა დეტალურად ჩაძიება, მოკვლევა – რა სიტყვას ვიხმართ ამას მნიშვნელობა არ აქვს.

მე ანგარიშვალდებული ვარ სამეურვეო საბჭოს წინაშე და ამასაც ყოველთვის ვიცავ ზედმიწევნით და მნიშვნელოვანია, რომ ამას პირველად ვამბობ თქვენთან.

თითოეულ დეტალს ჩავეძიებით, არ ვჩქარობთ, ესეც მნიშვნელოვანია. არ გავაკეთეთ წინასწარი განცხადებები, ესეც ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, თუმცა ცხადია, ვადა გვაქვს აღებული, რომელსაც დავასრულებთ და უახლოეს კვირაში გვექნება განცხადების სახით.

ეს გადაცემა არათუ დაიხურა, არამედ გეგმები გვქონდა ძალიან დიდი. კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მთელი ფაბულა „ახალ კვირაზე“ გვქონდა დაგეგმილი და გვაქვს კიდევაც, თუმცა გადაცემა რა ფორმით იარსებებს, დღეს ამის თქმის საშუალება არ მაქვს.“ – განაცხადა თინა ბერძენიშვილმა.

————–

17 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის „ახალი კვირის“ წამყვანმა, იმედა დარსალიამ არხზე შესაძლო ცენზურისა და „შავი სიების“ შესახებ პირველი განცხადება გააკეთა. ცენზურის მცდელობის შემთხვევები და „შავი სიების“ არსებობა 18 თებერვალს გადაცემის კიდევ ორმა ჟურნალისტმა – თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა დაადასტურეს. გადაცემის გუნდიდან რამდენიმე ჟურნალისტმა კი მსგავსი ფაქტების არსებობა უარყო.

კვირის მთავარი ანალიტიკური გადაცემის გუნდის წევრთა ბრალდებებს საზოგადოებრივი მაუწყებელიც გამოეხმაურა და მოკვლევის გარეშე ჟურნალისტთა განცხადებებს „რეპუტაციის შემლახავი“, „ცილისმწამებლური“, „უსაფუძვლო“, „მიზანმიმართული კამპანია“ უწოდა.

თითქმის ერთი თვის თავზე, 25 მარტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გადაცემის წამყვანმა და ჟურნალისტებმა იმ პირთა სია გამოაქვეყნეს, რომელთა ჩაწერაც გადაცემის მენეჯმენტისთვის სასურველი არ იყო; დასახელდა შესაძლო ცენზურის კონკრეტული შემთხვევებიც.

ამ ბრიფინგის შემდეგ მაუწყებლის მთავარ ანალიტიკურ გადაცემაში შესაძლო ცენზურის არსებობაზე ბრალდებების თემა კვლავ აქტუალური გახდა. არხის დირექტორმა „პუბლიკას“ დაუდასტურა, რომ საქმის მოკვლევა დაწყებულია, თუმცა მოკვლევის დაწყების ან დასრულების თარიღი არ დაუკონკრეტებია.

„ახალი კვირის“ გუნდის წევრები ამბობენ, რომ საქმეს დირექტორთა საბჭო სწავლობს. საბჭო რიგრიგობით შეხვდა ჟურნალისტებს. 30 მარტს შეხვედრა თამთა ჯანაძესთან გაიმართა. მას შეხვედრის დეტალების შესახებ ვკითხეთ.

ჯანაძის თქმით, შეხვედრას დირექტორთა საბჭოს წევრებთან ერთად არხის იურისტებიც ესწრებოდნენ, თუმცა შეხვედრაზე არ იმყოფებოდა საბჭოს წევრი, გიორგი გვიმრაძე. როგორც ჩვენთან ჟურნალისტი ამბობს, არხის HR-მა მას აცნობა, რომ „მიმდინარეობს საჯარო განცხადებებში მითითებული ფაქტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ასევე მოკვლევა შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით“.