„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არხი საკითხის ობიექტურად გამოძიებით დაინტერესებული არ არის“

17 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის „ახალი კვირის“ წამყვანმა, იმედა დარსალიამ არხზე შესაძლო ცენზურისა და „შავი სიების“ შესახებ პირველი განცხადება გააკეთა.

ცენზურის მცდელობის შემთხვევები და „შავი სიების“ არსებობა 18 თებერვალს გადაცემის კიდევ ორმა ჟურნალისტმა – თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა დაადასტურეს. გადაცემის გუნდიდან რამდენიმე ჟურნალისტმა კი მსგავსი ფაქტების არსებობა უარყო.

კვირის მთავარი ანალიტიკური გადაცემის გუნდის წევრთა ბრალდებებს საზოგადოებრივი მაუწყებელიც გამოეხმაურა და მოკვლევის გარეშე ჟურნალისტთა განცხადებებს „რეპუტაციის შემლახავი“, „ცილისმწამებლური“, „უსაფუძვლო“, „მიზანმიმართული კამპანია“ უწოდა.

თითქმის ერთი თვის თავზე, 25 მარტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გადაცემის წამყვანმა და ჟურნალისტებმა იმ პირთა სია გამოაქვეყნეს, რომელთა ჩაწერაც გადაცემის მენეჯმენტისთვის სასურველი არ იყო; დასახელდა შესაძლო ცენზურის კონკრეტული შემთხვევებიც.

ამ ბრიფინგის შემდეგ მაუწყებლის მთავარ ანალიტიკურ გადაცემაში შესაძლო ცენზურის არსებობაზე ბრალდებების თემა კვლავ აქტუალური გახდა. არხის დირექტორმა „პუბლიკას“ დაუდასტურა, რომ საქმის მოკვლევა დაწყებულია, თუმცა მოკვლევის დაწყების ან დასრულების თარიღი არ დაუკონკრეტებია.

 „პუბლიკა“ დაინტერესდა – რას გულისხმობს მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ შესაძლო ცენზურის შესახებ გაჟღერებული ფაქტების მოკვლევა; კონკრეტულად როგორ და ვინ გეგმავს საქმის მოკვლევას; ასევე რამდენად მიუკერძოებელი იქნება მოკვლევის შედეგი, როდესაც არხმა საკუთარი მკაფიო პოზიცია უკვე გამოხატა; ან რამდენად მიუკერძოებელი არიან სამეურვეო საბჭოს ის წევრები, რომლებიც მოკვლევის დასრულებამდე ბორდის სახელით „კატეგორიული“ განცხადების გამოქვეყნებას ცდილობენ.

რას იკვლევს არხი

„ახალი კვირის“ გუნდის წევრები ამბობენ, რომ საქმეს დირექტორთა საბჭო სწავლობს. საბჭო რიგრიგობით შეხვდა ჟურნალისტებს. 30 მარტს შეხვედრა თამთა ჯანაძესთან გაიმართა. მას შეხვედრის დეტალების შესახებ ვკითხეთ. ჯანაძის თქმით, შეხვედრას დირექტორთა საბჭოს წევრებთან ერთად არხის იურისტებიც ესწრებოდნენ, თუმცა შეხვედრაზე არ იმყოფებოდა საბჭოს წევრი, გიორგი გვიმრაძე.

როგორც ჩვენთან ჟურნალისტი ამბობს, არხის HR-მა მას აცნობა, რომ „მიმდინარეობს საჯარო განცხადებებში მითითებული ფაქტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ასევე მოკვლევა შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით“.

 „სიმართლე გითხრათ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არხი დაინტერესებულია არა იმდენად საკითხის ობიექტურად გამოძიებით, რამდენადაც სამსახურიდან ჩვენი გათავისუფლებით“, – ამბობს ჯანაძე.

მისივე თქმით, დირექტორთა საბჭოს წევრები „ფაქტობრივად გამორიცხავენ ცენზურის არსებობას“, ალოგიკურად მიაჩნიათ ის, რომ ცენზურაზე მხოლოდ ერთი გადაცემის თანამშრომლები საუბრობენ.

„პასუხი ვერ მივიღე შეკითხვაზე – თუ სხვები ამბობენ, რომ მათ თავისუფლად მუშაობის საშუალება აქვთ, ეს ავტომატურად რატომ გამორიცხავს ჩვენზე ზეწოლას. სამწუხაროდ, ჩემი პირადი შთაბეჭდილება ასეთი იყო, რომ ეს იყო უფრო ბრალდებები, ვიდრე საკითხის გარკვევის მცდელობა“, – ამბობს ჟურნალისტი.

გარდა მოკვლევის ვადებისა, თინა ბერძენიშვილს სატელეფონო კომენტარი საკითხის ირგვლივ არსებული სხვა შეკითხვების შესახებ ვთხოვეთ, თუმცა მისგან პასუხი არ მიგვიღია.

როგორია არხის სამეურვეო საბჭოს წევრთა პოზიცია

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს ბრალდებები არ დასტურდება არც ფაქტებით და არც რაიმე დოკუმენტებითა თუ მტკიცებულებებით. შესაბამისად, ბრალდებებს ცენზურისა და შავი სიების შესახებ უსაფუძვლოდ, მეტიც, აბსურდულად მივიჩნევთ“, – ეს ფრაგმენტია იმ წერილიდან, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრებმა – ბონდო მძინარაშვილმა და გია მურღულიამ – შეადგინეს. როგორც თავად ამბობენ, წერილი 24 თებერვალს დაწერეს. 2 მარტის სხდომაზე კი საჭირო რაოდენობის ხელმოწერა ვერ მოაგროვეს. საბჭოს წევრთა ნაწილი აცხადებს, რომ შეფასებებს მხოლოდ მოკვლევის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

გია მურღულიას ვკითხეთ – რა აძლევდა მსგავსი წერილის დაწერის საფუძველს, მით უფრო, რომ მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა? – რაზეც სამეურვეო საბჭოს წევრი გვპასუხობს:

„იცით რა არის, ჩვენ ვთხოვეთ თვითონ ბატონ იმედას და იმ ორ ადამიანს, რომლებიც მასთან ერთად ადასტურებენ ამას, დადასტურება ყველაფერ იმისა, რასაც ისინი აცხადებდნენ, ასეთი დასტური ჩვენ არ მიგვიღია“, – აცხადებს მურღულია და კითხვაზე, რა ფორმის „დასტურს“ ელის ჟურნალისტებისგან, გვპასუხობს – „ნუ რაღაცით. ახლა უბრალოდ განცხადებები არ არის ისეთი ადვილი დასაჯერებელი, როგორც რაიმე ფაქტი. რა ფორმითაც რაღაცას ამბობ, იმავე ფორმით უნდა დაადასტურო ესა, თორემ ადამიანს ნებისმიერი რაღაცის თქმა შეუძლია“.

ბონდო მძინარაშვილი „პუბლიკასთან“ ირწმუნება, რომ მაუწყებელში „მხოლოდ ერთი გადაცემა ან მხოლოდ ერთი სიუჟეტი ვერ დაექვემდებარება ცენზურას“. იგი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ცენზურა რომ არსებობდეს, ყველა პლატფორმაზე გავრცელდებოდა – ტელევიზიაშიც, რადიოშიც, ვებსაიტზეც.

მძინარაშვილი ფიქრობს, რომ ჟურნალისტების მიერ აღწერილი შემთხვევები ჩვეულებრივი „სამუშაო პროცესის“ ნაწილია და არა ცენზურის.

მისი მტკიცებით, ცენზურა თავისი არსით ვერტიკალს ეფუძნება, მაუწყებელში კი მაღალი რგოლიდან მსგავსი შემთხვევები არ დასტურდება. მძინარაშვილს ვკითხეთ, არის თუ არა ჟურნალისტების მიერ დასახელებული ეკა შონია დასაქმებული მაღალ „ვერტიკალზე“.

„რა თქმა უნდა, მას აქვს ძალიან მაღალი პოზიცია ტელევიზიაში, მაგრამ ეკა შონია ცენზურას ვერ დააწესებს, თუ ეს ჩვენი [სამეურვეო საბჭოს] და გენერალური დირექტორის სურვილი არ იქნება. შონია ვერ იქნება ცენზორი. თუ ცენზურა იყო, მაშინ გენერალური დირექტორს უნდა ეთქვა, რომ დიახ, ასეა საჭირო; ჩვენთან როდესაც მოვიდოდა, ჩვენც უნდა გვეთქვა – დიახ, ასეა საჭირო. მაგრამ ეს ხომ ასე არ ყოფილა […] ერთი გადაცემის ფარგლებში ცენზურა ვერ დაწესდება, მაშინ ცენზურას შინაარსი გამოეცლება“, – ამბობს ბონდო მძინარაშვილი

ბონდო მძინარაშვილი და გია მურღულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში 2020 წლის 1 ივლისს აირჩიეს.

ბონდო მძინარაშვილი – „TV ობიექტივის“  წამყვანი იყო და ვასილ მაღლაფერიძის ნათლულია, რომელიც 2020 წლის აგვისტომდე მაუწყებელში გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ვასილ მაღლაფერიძის ახლო მეგობარია პედაგოგი და ფილოლოგი, გია მურღულიაც. ვასილ მაღლაფერიძეს, რომელიც 2020 წლის აგვისტოდან მაუწყებლის დირექტორი აღარ არის, საზოგადობრივი მაუწყებლის ბორდის წევრობა სურს. იგი მაუწყებლის ბორდში 3 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობს.

რას ჰყვებიან ჟურნალისტები

თამთა ჯანაძე, რომელიც „ახალი კვირისთვის“ შიდა პოლიტიკურ ამბებზე მუშაობდა, ამბობს, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობების მომსწრე პირადად გამხდარა.

იგი აღნიშნავს, რომ მენეჯმენტის მხრიდან ხშირი იყო ცენზურის მცდელობა და რომ მსგავსი მცდელობები ხშირად ჟურნალისტების წინააღმდეგობის შედეგად კრახით სრულდებოდა.

ჯანაძე გვიყვება, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ ვასილ მაღლაფერიძის დირექტორობის პერიოდში იდგა. იგი იხსენებს, როგორ შევიდა სამონტაჟოში სწორედ ამ პერიოდში გენერალური პროდიუსერი ეკა შონია და სიუჟეტიდან ამოიღო ხელისუფლების მიმართ კრიტიკული კომენტარები.

მისი თქმით, ჟურნალისტებს ძალიან უჭირდათ მმართველი ძალისთვის არასასურველ, მწვავე პოლიტიკურ თემებზე სიუჟეტების მომზადება – მაგალითად, ლუკა სირაძის საქმეზე, სარალიძის საქმეზე, უზენაესის სასამართლოს მოსამართლეებისა თუ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე – „ასეთ დროს გვეუბნებოდნენ, რომ მიმდინარე თემა კვირის ბოლოსთვის არ იქნებოდა აქტუალური, რადგან მოამბე ამას აშუქებდა“.

ჯანაძე იმასაც იხსენებს, როგორ ამოიღო ეკა შონიამ ცესკოს მონაცემების საფუძველზე გაკეთებული ინფოგრაფიკა, საიდანაც ირკვეოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 6 წელიწადში მხარდამჭერების იგივე რაოდენობა დაკარგა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 წლის განმავლობაში – „როდესაც ამის შესახებ შეკითხვა დავუსვი, მან არგუმენტის დასახელებაც არ ისურვა. მითხრა, რომ ეს იყო სისულელე, რომ ასე იყო საჭირო და მორჩა. ცოტა იმპერატიული ტონი ჰქონდა. მე მაშინაც ვუთხარი ჩემს უშუალო პროდიუსერებს, რომ მე ასეთ მდგომარეობაში არ შემეძლო მუშაობა და წავიდოდი სამსახურიდან, თუმცა მაშინ მითხრეს – ცოტა მოიცადე, დაველოდოთ, ყველაფერი შეიცვლება, გამოსწორდებაო… ეს ხდებოდა წინა დირექტორის პერიოდში და შემდეგ უკვე ვცდილობდით მეტ-ნაკლებად გაგვეტანა ჩვენი სიმართლე და ვახერხებდით კიდეც ამას“, – ამბობს ჯანაძე.

ჟურნალისტი იხსენებს, რომ ცენზურის არაერთი მცდელობისა და ჟურნალისტების წინააღმდეგობის შემდეგ გადაცემიდან 2 წლით ამოიღეს პოლიტიკის ბლოკი.

ხოლო მას შემდეგ, რაც მაუწყებლის დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს, „ახალ კვირაში“ პოლიტიკის ბლოკი დაბრუნდა, ცენზორობაში დადანაშაულებული გენერალური პროდიუსერი, ეკა შონია კი გადაცემისგან დისტანცირდა. თუმცა, როგორც ჯანაძე გვიყვება, მოგვიანებით გადაცემის პროდიუსერი „იმედის კვირიდან“ „პირველ არხზე“ გადასული თამარ გოგესაშვილი გახდა.

ჟურნალისტის თქმით, გოგესაშვილის სიუჟეტებში ნათლად ჩანდა მისი პოლიტიკური ორიენტაცია. ამიტომ ეს საკითხი ჯანაძემ თათბირზეც წამოჭრა – „მან მითხრა, რომც მინდოდეს ამის გაკეთება, მაუწყებლის რეგულაციები მე ამის საშუალებას არ მომცემსო. თუმცა თუ ნახავთ ჩვენს გადაცემაში გასულ მის სიუჟეტებს, მიხვდებით, რომ არ არის მთლად ისეთი მიუკერძოებელი, რასაც თათბირებზე ჩვენი მხრიდან ასევე მოჰყვა პროტესტი“.

თამთა ჯანაძე გვიყვება, რომ თამარ გოგესაშვილის პროდიუსერობის დროს გადაცემიდან ჩაიხსნა სიუჟეტი „ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის“ შესახებ.

ეს საკითხი გასულ წელს არ გამორჩენია „მედიაჩეკერს“, რომელიც წერდა, რომ საინფორმაციო გამოშვებაში „თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტის წევრების წარდგენა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გამოშვების დასასრულ, მანიპულაციურად გააშუქა“.

 „როდესაც კვირის მთავარი პოლიტიკური თემა „ქრონომენტრაჟის უკმარისობის“ გამო იხსნება და გეუბნებიან, რომ ეს არ ეტევა და ვერაფრით ვერ ჩაეტევა – ჩემი აზრით, ეს ან ცენზურაა ან არაპროფესიონალიზმი. და როდესაც ეს გავაპროტესტე და ვთქვი, რომ ეს არ იყო ნორმალური, ადეკვატური პასუხი ვერ მივიღე, რატომ ამოიღეს ეს თემა, […] არ იყო დამაჯერებელი, რომ ქრონომეტრაჟის უკმარისობის გამო მთავარი პოლიტიკური თემა კვირის ანალიტიკურ გადაცემაში არ გასულიყო“, – ამბობს ჯანაძე.

ის ასევე იხსენებს, რომ თამარ გოგესაშვილი უშედეგოდ შეეცადა „სუსის ფაილების“ თემაზე მომზადებულ სიუჟეტში ფაილების გაჟონვა სახელმწიფო ინსპექტორის „აპარატის უმოქმედობისთვის გადაებრალებინა“ და ამავე თემაზე სახალხო დამცველის მოადგილის კრიტიკული კომენტარი ამოეჭრა.

ის, რომ ჯანაძის სიუჟეტი ცენზურას ვერ დაექვემდებარა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებაშიც ჩანს:

„მოამბემ“ ასევე ზედაპირულად გააშუქა „სუსის ფაილების“ სკანდალი 13 სექტემბერს. მაუწყებელმა ეს საკითხი ამ დღის საინფორმაციო გამოშვებაში მესამე თემად (მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებისა და მიხეილ სააკაშვილის მიმართვის შესახებ მომზადებული სიუჟეტების შემდეგ) შესთავაზა მაყურებელს. სიუჟეტში არ იყო ხაზგასმული გამოჟონილი ფაილების მოცულობა, არ იყვნენ დასახელებული პასუხისმგებელი პირები და არ სცადა ისეთი ფაქტების გადამოწმება, რომლებიც სხვა მედიებმა დაადასტურეს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ახალ კვირაში ამ თემაზე მომზადებული მასალა საკმაოდ კრიტიკული იყო“, – ვკითხულობთ გასულ წელს მომზადებულ ანგარიშში.

„პუბლიკამ“ ბრალდებებზე საპასუხოდ თამარ გოგესაშვილს მიმართა, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ იგი ერთ-ერთია იმ განცხადებაზე ხელმომწერთა შორის, რომლითაც „ახალი კვირის“ თანამშრომელთა ნაწილი ცენზურის შესახებ ცნობებს უარყოფს. ჩვენს ზარებს არ პასუხობს არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ეკა შონია.

შავი სიები

გარდა ცენზურისა და ცენზურის მცდელობის შესაძლო შემთხვევებისა, ჟურნალისტები, ე.წ. შავ სიებზეც ალაპარაკდნენ – რაც გულისხმობდა არასასურველი პირების სიუჟეტებიდან ამოღების ან მათი დაბლოკვის მცდელობებს.

ბონდო მძინარაშვილის მსგავსად სამეურვეო საბჭოს წევრი გია მურღულია მიიჩნევს, რომ „შავი სიების“ არარსებობის დასტურად სწორედ არხის მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მეტყველებს, რადგან ამ „მტკიცებულების“ მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმებზე „შავ სიაში“ დასახელებული პირები იძებნება.

თამთა ჯანაძე აღნიშნავს, რომ „მოამბისა“ და კვირის ანალიტიკური გადაცემის ფორმატები ერთმანეთისგან განსხვავდება. მისი თქმით, თუ ერთ შემთხვევაში „შავ სიაში“ დასახელებულ ექსპერტებს წერდნენ, როგორც რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან აფილირებულ მხარეს, „ახალ კვირაში“ აღნიშნული პირები ექსპერტის სტატუსით საუბრობდნენ, რადგან ეს მათი რეალური რეგალია იყო.

„შავ სიებში რომ კონკრეტული ადამიანები დავასახელეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამათ ვერ ვწერდით. ვცდილობდით, ჩაგვწერა და ხშირ შემთხვევაში ვწერდით კიდეც და გაგვქონდა ჩვენი, მაგრამ ამას თან ახლდა ძალიან უსიამოვნო საუბრები, ძალიან უსიამოვნო პრობლემები“, – ამბობს ჯანაძე და იხსენებს მხატვარ გია ბუღაძის მაგალითს, როდესაც თავად ბუღაძისგან ინტერვიუს წინ გაიგო, რომ არხზე დაბლოკილი იყო – „რომ გავარკვიე, მითხრეს, რომ მოდი, იპოვე სხვა რესპონდენტი, რადგან გია ბუღაძე ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ჩვენს არხზე ძალიან ბევრი ცუდი აქვს ნათქვამი“.

აქამდე სად იყავით?“

„მოამბეში“ არ გადიოდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ანდა სიღრმისეული და საგამოძიებო სიუჟეტები. გამონაკლისის სახით უნდა ითქვას, რომ განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკა ჰქონდა „ახალ კვირას“, სადაც გვხვდებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების კრიტიკა“, – ვკითხულობთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გასულ წელს გამოქვეყნებულ სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის შემაჯამებელ ანგარიშში.

ჟურნალისტი თამთა ჯანაძე გვიყვება, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობები მუდმივად უსიამოვნო პროცესებთან იყო დაკავშირებული, ხოლო საკუთარი პროფესიული ხედვის ბოლომდე გატანა დიდ ძალისხმევას მოითხოვდა.

„როცა გვეუბნებიან, მთელი 4 წელიწადი სად იყავით, ამ მთელი 4 წლის განმავლობაში პირველივე შემთხვევაზე ძალიან იშვიათად გამოდის ყველაფერი გარეთ. სანამ გარეთ გამოვიდოდა, ეს ყველაფერი შიგნით ხდებოდა, აზრთა სხვადასხვაობა, ჭიდილი და ა.შ. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ, როგორც ჩანს, ცენზურის დეფინიციაში ჩვენ და მაუწყებლის მენეჯმენტი ვერ ვთანხმდებით, რადგან, როცა კონკრეტული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე პროდიუსერი ცდილობს, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ დაარედაქტიროს ჟურნალისტური პროდუქტი, ჩემთვის ეს არის ცენზურის მცდელობა და ცენზურა, და ძალიან მარტივია ამის გარჩევა ჯანსაღი სამუშაო პროცესისგან“, – ამბობს თამთა ჯანაძე.

მისივე თქმით, „ახალი კვირის“ ჟურნალისტების წინაშე არსებული პრობლემები სხვადასხვა დროს მენეჯმენტის თითქმის ყველა რგოლში იყო განხილული.

„ახალი კვირა“ 2022 წლიდან ეთერში აღარ გადის. მაუწყებლის განცხადებით, „პირველი არხი“ მაყურებელს შესთავაზებს გადაცემის განახლებულ ფორმატს, რომელზეც სწორედ „ახალი კვირის“ გუნდი მუშაობს.

„როდესაც გვეკითხებიან, რატომ ახლა – იმიტომ ახლა, რომ გადაცემა არსებული ფორმატით დაიხურა, მთელი ამ რეორგანიზაციის პროცესში ჩართული არ ვიყავით. რეორგანიზაციის პროცესიდან გამომდინარე ჩვენ არავინ დაგველაპარაკა და არ გვითხრა, რა ტიპის ფორმატზე აპირებდნენ საუბარს. ყურმოკრული ინფორმაციებით ვიგებდით, რომ გვთავაზობდნენ ისეთ ფორმატს, რომელიც ადრე იყო განხილული, თუმცა, როგორც არარეალური, ვერ განხორციელდა. გვეუბნებოდნენ, რომ შესაძლოა თითოეული ჩვენგანი, მათ შორის, თამარ გოგესაშვილი გახდეს გადაცემის წამყვანი და ამ ფორმატში გაგრძელდეს გადაცემა და ჩვენ ვამბობდით, რომ მაშინ ჩვენ ფაქტობრივად ბერკეტს ვკარგავდით იმისა, რომ გადაცემა ყოფილიყო ობიექტური…“, – ამბობს ჟურნალისტი თამთა ჯანაძე.