საზმაუს ბორდის წევრობა ვასილ მაღლაფერიძეს სურს

პუბლიკა

საზოგადოებრივ მაუწყებლის ბორდის წევრობა სურს მაუწყებლის ყოფილ ხელმძღვანელს, ვასილ მაღლაფერიძეს. მაღლაფერიძემ მაუწყებლის ბორდში 3 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი შეიტანა.

ბორდის წევრობის მსურველთა განაცხადები პარლამენტის საიტზე გამოქვეყნდა. განაცხადების წარდგენის ბოლო დღე 1 აპრილი იყო. განაცხადების შეფასებაზე და შემდგომ მათ ინტერვიუირებაზე სპეციალური კომისია იზრუნებს, რომელიც პარლამენტის მიერ უკვე დაკომპლექტდა.

კომისია შესული განაცხადებიდან შეარჩევს, ე.წ. მოკლე სიას და ამ სიიდან მმართველი პარტია, ოპოზიცია და ომბუდსმენი დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტს მათ მიერ შერჩეულ კანდიდატებს. კომისიის შემადგენლობა იხილეთ ბმულზე.

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე 2017 წლის იანვარში დაინიშნა. არასამთავრობო ორგანიზაციები 2017 წელს წერდნენ, რომ ვასილ მაღლაფერიძის არჩევა საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური ზეგავლენის გაძლიერებაზე მიუთითებდა. ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა ვადის ამოწურვამდე, 2020 წლის 18 აგვისტოს დატოვა.

„მიუხედავად იმისა, რომ სრულიად დარწმუნებული ვარ, პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ“, – აღნიშნა მან.

ამის შემდეგ, მაღლაფერიძე 2021 წლის იანვარში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გახდა, რამდენიმე თვეში კი, 2021 წლის 8 მარტს დატოვა თანამდებობა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.