ბერლინის სასამართლო: სერიოზული ეჭვებია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიჩნევაზე

პუბლიკა

ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე შუალედური გადაწყვეტილებით გამოთქვა ეჭვი, შეესაბამება თუ არა საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად დასახელება ევროკავშირის კანონმდებლობას.

2023 წლის ბოლოს გერმანიის ფედერალურმა საკანონმდებლო ორგანომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად შეაფასა.

შედეგად, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიღებაზე უარი გამარტივდა.

სასამართლოს თანახმად, ბერლინის სასამართლოს ქართველმა წყვილმა მიმართა და შეიტანა გადაუდებელი განცხადება თავშესაფრის მოთხოვნაზე კვალიფიცირებული უარის თაობაზე.

ისინი, სხვა საკითხებთან ერთად, აცხადებენ, რომ ქმარი, რომელიც საჯარო დაწესებულებაში ვეტერინარად მუშაობდა, სამსახურიდან პოლიტიკური მიზეზების გამო გაათავისუფლეს – მასზე ანგარიშსწორება მოხდა საქართველოს “რუსული კანონების” წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო.

ცოლმა კი თქვა, რომ მას საპროტესტო აქციებში მონაწილეობის შემდეგ საჯარო დამსაქმებელმა უსაყვედურა.

სასამართლომ გადაუდებელი განაცხადები დააკმაყოფილა.

ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიუთითა, რომ „ეჭვები, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად დასახელება ევროკავშირის კანონმდებლობას, ჩნდება იქიდან, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს ეკუთვნის ორი ტერიტორია, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც, როგორც სეპარატისტული ტერიტორიები, არ არიან მისი მთავრობის კონტროლის ქვეშ”.

დასკვნის თანახმად, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ (CJEU) მოლდოვის შესახებ საქმის განხილვის შედეგად დაასკვნა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ ვერ გამოცხადდება, თუ მისი ტერიტორიის რომელიმე ნაწილი სახიფათოა.

გარდა ამისა, სასამართლო მიუთითებს, რომ შესაძლოა, ღიად დარჩეს  საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად კლასიფიკაციის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა ლგბტიქ* პირების პოტენციური დევნის გამო.

ბერლინის სასამართლოს წარმომადგენელმა გერმანულ მედიასთან თქვა, რომ დასკვნის შედეგად, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ქართველ წყვილს გერმანიაში დარჩენა შეუძლია.