ბევრი ამბობს, რომ სულ 2-3 კვირას გავიძახი, არაა ასე - გამყრელიძე

პუბლიკა

„მე ვიცი, ფეისბუქზე ბევრი ამბობს, რომ, აი, გამყრელიძე გამოვა და იტყვის, კიდევ 2-3 კვირა, კიდევ 2-3 კვირა, კიდევ 2-3 კვირა… არა, ბატონო, თავიდანვე ვთქვი, თავიდანვე ვთქვი, რომ ახალ ველოსიპედს ჩვენ ვერ გამოვიგონებთ, შიდა გავრცელების დაწყებიდან მე-6, მე-7. მე-8 კვირა არის ხოლმე ყოველთვის საფრთხილო”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკის პროგნოზირების შესახებ საუბრისას.

ამირან გამყრელიძის თქმით, შიდა გავრცელება საქართველოში დაიწყო 23 მარტს, ახლა კი მე-7 კვირაში ვართ.

„მე-7 კვირა, მე-8 კვირა დავაკვირდეთ და ვნახოთ, როგორ გავივლით. ამასობაში ზაფხულიც მოგვიწევს, დადგება თბილი, მდგრადი ამინდები და ძალიან დიდი იმედი გვაქვს. იცით, ამაზე ბევრი თეორია არსებობს, რომ ესეც გარკვეულად შეგვეხიდება.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება, რა თქმა უნდა, შემსუბუქების ეტაპებიდან გამომდინარე. მოგვდის შეტყობინებები, თურმე, მოსახლეობა გაბრაზებულია. ჰგონიათ, ჩვენ ვაწესებთ ამ შეზღუდვებს. არა, ბატონებო, ჩვენი ცენტრი იძლევა გარკვეულ რეკომენდაციებს და ამ რეკომენდაციების შესახებ მსჯელობს საკოორდინაციო საბჭო და ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას კონსენსუსის პრინციპით, მაგრამ ისეთი რამე განგვეხორციელებინოს, რაც არც ერთ ქვეყანას არ განუხორციელებია, არა, ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ. შემსუბუქების ღონისძიებები საკმაოდ ეფექტიანად გაატარა ქვეყანამ და ამიტომ არ გვაქვს 100-ეული შემთხვევა.

დათბა და ყველას გვინდა გარეთ სიარული და ჯგუფურად შეკრება, მაგრამ გთხოვთ ყველას, თავი შევიკავოთ და გავიჭირვოთ. სოციალური დისტანცია არის ყველაზე ეფექტიანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დიდხანს მოგვიწევს ნიღბის გამოყენება და მასობრივ თავშეყრაზე უარის თქმა, თუმცა ეს არ გამორიცხავს დისტანცირებულად სეირნობას ან ერთმანეთთან წესების დაცვით დროის გატარებას.

„ძალიან მიყვარს ფეხბურთი და კალათბურთი. ვეღარ დავდივარ ხშირად, მაგრამ მაინც მიყვარდა სიარული. სამწუხაროდ, დაგვჭირდება თავის არიდება დიდ თავშეყრის ადგილებზე სიარულისთვის. დაგვჭირდება დიდი ქორწილის გადადება. დაგვჭირდება დიდი ჭირის სუფრის გადადება. მიმძიმს ამ თემებზე საუბარი, თუმცა საჭიროა. დამიჯერეთ, რომ კორონამ სამყარო შეარყია“, – განაცხადა გამყრელიძემ.