„ბიბლუსმა" ცილისწამების საქმეზე სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოშიც წააგო - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პუბლიკა

„ბიბლუსმა” ცილისწამების საქმეზე სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოშიც წააგო, – სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ ბიბლუსის საჩივარი ცილისწამებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და უცვლელი დატოვა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

როგორც ორგანიზაცია წერს, სასამართლომ მიიჩნია, რომ თანამშრომლების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის ერთი ნაწილი წარმოადგენდა სწორ ფაქტებს, ხოლო მეორე ნაწილი – მათ პირად აზრს, რაც გამოხატვის თავისუფლების უფლებითაა დაცული.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი ბიბლუსში დასაქმებულ მშრომელთა დამცველად მაშინვე ჩაერთო, როდესაც კომპანიამ 2017 წელის მაისში სასამართლოს მიმართა და განთავისუფლებული დასაქმებულებისგან ცილისმწამებლური და კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაცის უარყოფა მოითხოვა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის თებერვალში წიგნის მაღაზია „ბიბლუსი გალერიში“ დასაქმებული თანამშრომლების ნაწილმა გაავრცელა აუდიო და წერილობითი განცხადება, სადაც ისინი მძიმე და არანორმირებულ სამუშაო გრაფიკზე, დაბალ ანაზღაურებაზე, შრომით ექსპლუატაციასა და დაჯარიმების უსამართლო პრაქტიკაზე საუბრობდნენ. ამ განცხადებას წინ უსწრებდა ორი თანამშრომლის გათავისუფლება. შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას დამატებით ორი თანამშრომლის გათავისუფლებაც მოჰყვა. ამ ორი პირის განთავისუფლება, სოციალური სამართლიანობის ცენტრის სარჩელის საფუძველზე, 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო, თუმცა სამართლებრივი დავა ზემდგომ ინსტანციებში დღემდე მიმდინარეობს”, – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.