ბიჭიკო პაიკიძეს და ამ საქმეზე დაკავებულებს ბრალდება ოფიციალურად წარედგინათ

პუბლიკა

კომპანია B.P. TRANS-ის მფლობელსა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატს,  ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დატოვების შემდეგ მისმა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ მედიასთან თქვა, რომ პაიკიძის მიერ საქართველოს დატოვება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.

ადვოკატის განცხადებით, ამ ეტაპზე სად იმყოფება მისი დაცვის ქვეშ მყოფი, არ იცის, ხოლო ბრალთან დაკავშირებით პოზიციას მას შემდეგ ჩამოაყალიბებს, რაც დოკუმენტაციას სრულად გაეცნობა:

„ბატონი ბიჭიკო პაიკიძე საზოგადოებისთვის სავარაუდოდ ცნობილი პიროვნებაა, მისი უშუალო ჩართულობით ხდებოდა შოვის ტრაგედიის სალიკვიდაციო სამუშაოები, ყველა ტრაგედია, სტიქიები, რაც საქართველოში ხდებოდა ხოლმე, ყველა სალიკვიდაციო სამუშაოებს ის აკეთებდა. ის ყველაფერს აკეთებდა მისი ქვეყნის სასარგებლოდ, დანარჩენს, ბრალთან დაკავშირებით სანამ არ გავეცნობი, მანამდე პოზიციას ვერ ჩამოვაყალიბებ. ბატონი პაიკიძე გაფრთხილებული არ ყოფილა არავის მხრიდან. მისი საქართველოს დატოვება უკავშირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე საგამოძიებო ორგანოებისთვის ცნობილია, რომ მას ძალიან ხშირად უფიქსირდებოდა საზღვრის კვეთა, რომელიც აქვე გიმეორებთ, უკავშირდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვინაიდან არაერთხელ მას აქვს სხვადასხვა ოპერაციული ჩარევა გაკეთებული… ბატონმა პაიკიძემ თურქეთის მიმართულებით დატოვა [ქვეყანა], ვინაიდან ის იმყოფებოდა სამკურნალოდ, ამ ეტაპზე სად არის, არ ვიცი, რომც ვიცოდე, მაინც არ გეტყვით“, – თქვა ირმა ჭკადუამ, ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატმა.

ჭკადუა ამბობს, რომ იმ მასალების მიხედვით, რაც უკვე ნახა, საქმეში გრიგოლ ლილუაშვილის სახელი არ ფიგურირებს. პაიკიძის შვილის ნათლიაა სუსის ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი.

კომპანია B.P. TRANS-ის დირექტორის, სუსის მიერ დაკავებულ ვალერიან კვარაცხელიას ადვოკატის, თეონა გვაზავას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კომპანიაში 2021 წლის აგვისტოდან მივიდა და ტენდერი, რომელსაც საქმე ეხება, 2020 წლის ნოემბერშია გამოცხადებული.

„ბრალდების წარდგენის შემდგომ ჩვენება არ დაფიქსირებულა, ვინაიდან იყენებს კანონით გათვალისწინებულ დუმილის უფლებას. ტენდერი გამოცხადდა 2020 წლის 6 ნოემბერს, შესაბამისად, ხელშეკრულებაც სახელმწიფოსთან გაფორმებულია შესაბამის დაწესებულებასთან 2020 წლის 19 დეკემბერს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დირექტორის პოზიციას კომპანიას იკავებს 2021 წლის 10 აგვისტოდან… სამუშაოები ჩაბარებულია კეთილსინდისიერად, ხარისხობრივად, შეესაბამება იმ სტანდარტებს, რა სტანდარტებიც დადგენილი იყო სახელმწიფო შესყიდვის მიერ… ვალერიან კვარაცხელია აქამდე არაერთხელაა დაკითხული  და თითქმის ყველა დოკუმენტი, რომელზეც ეფუძნება გამოძიება, რომელზეც შედგენილია ექსპერტიზის დასკვნა, თვითწარმოდგენილია საგამოძიებო ორგანოში“, – ამბობს გვაზავა.

ბრალდება ოფიციალურად წარედგინათ სხვა დაკავებულებსაც.

პროკურატურის განცხადებით, კომპანიის მფლობელს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კომპანიის დირექტორს და კომპანიის თანამშრომელს, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად  6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით სუსმა 5 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან BP Trans-ის დირექტორი ვალერიანე კვარაცხელია, ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის 3 თანამშრომელი. ბიჭიკო პაიკიძეზე კი, რომელიც კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია, ძებნა გამოცხადდა.

სუსი ამბობს, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი ქვაყრილის ლოდების მოპირკეთების სამუშაოების განხორციელებისას შპს B.P. TRANS-ის 100%-ანი წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ვალერიანე კვარაცხელიას, კომპანიის თანამშრომელ ი.ჭ-ს და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების გ.კ-ს, რ.ფ-ს და ი.გ-ს დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს.