ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა შესაძლოა 28 დეკემბერს დაამტკიცონ

პუბლიკა

აფხაზური საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, 28 დეკემბერს ბიჭვინთის აგარაკები რუსეთს საბოლოოდ გადაეცეს – თვითგამოცხადებული პარლამენტი შესაბამისი დოკუმენტის „რატიფიკაციას” სწორედ ამ დღეს გეგმავს.

მანამდე გამოცემა „ნუჟნაია გაზეტა” წერდა, რომ დოკუმენტი, შესაძლოა, ახალ წლამდე დამტკიცდეს.

ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას აფხაზეთში მცხოვრებლები აპროტესტებენ. საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით კი, საზოგადოების აღშფოთება მხოლოდ კოორდინატების კორექტირებას უკავშირდება – რუსულ-აფხაზურ შეთანხმებაში ბიჭვინთის აგარაკებისა და აკვატორიის კოორდინატები არასწორად იყო მითითებული.

2022 წლის იანვარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავრობასა და რუსეთს შორის საიდუმლო ვითარებაში გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც,  სამთავრობო აგარაკი “ბიჭვინთა” რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადავა. კერძოდ: ოკუპანტი ქვეყნის მფლობელობაში 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი გადადის.

ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა. დოკუმენტი რუსეთისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს.

17 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ბიჭვინთაში რეზიდენციის მოწყობა უნდა.