„ბინაში სადაც გაზი ჟონავდა, ბავშვები მარტო იყვნენ“ | თბილისი ენერჯი

პუბლიკა

„ისანში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ბინაში, სადაც გაზი ჟონავდა, ბავშვები მარტო იყვნენ.  ყურადღებიანი მეზობლის წყალობით და სწრაფი რეაგირების სამსახურის ოპერატიული მოქმედებით, სახლში მარტო დატოვებული ბავშვებიც და მეზობლებიც დიდ უბედურებას გადაურჩნენ“, – ავრცელებს ინფორმაციას თბილისი ენერჯი.

მათი ცნობით, მეზობელმა, როგორც კი სადარბაზოში გაზის სუნი  იგრძნო, სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე – 114-ზე დარეკა. სწრაფი რეაგირების სამსახური ადგილზე მალე მივიდა. შემოწმდა მთელი სადარბაზო. სპეციალურმა ლაზერულმა აპარატმა გაზის მაღალი კონცენტრაცია პირველ სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში დააფიქსირა.

„ბინაში მხოლოდ ბავშვები აღმოჩნდნენ. გაზქურის ონკანი კი ღია იყო, საიდანაც გაზი ჟონავდა. შემოწმებისას ასევე აღმოჩნდა, რომ თავად გაზქურაც დაზიანებული იყო და გაზი ჩაკეტილ მდგომარეობაშიც ჟონავდა.

გაზგაყვანილობაც კუსტარულად იყო დამონტაჟებული. 114-ის თანამშრომლებმა თითქმის ყველა საშიში დარღვევა ნახეს, რაც ყველა შემთხვევაში აფეთქებას გამოიწვევდა.

ბინა განიავდა და გაზი გადაიკეტა. ბავშვების მშობლებიც მალევე გამოჩნდნენ. მათ გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე გაფრთხილება მიიღეს და ინსტრუქცია ჩაუტარდათ“, – ამბობენ კომპანიაში.

კომპანია კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები.

„ნუ რისკავთ ოჯახის წევრებისა და მეზობლების სიცოცხლით

გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე პასუხისმგებელია აბონენტი. „თბილისი ენერჯი“ ნებისმიერ დროს უფასოდ ამოწმებს თქვენს სახლში გაზის ქსელის უსაფრთხოებას“, – ამბობენ კომპანიაში.