PVT მეთოდოლოგიით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ISFED-ში აცხადებენ, რომ შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როდესაც ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს.
ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. აღნიშნული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა.
ორგანიზაციის განცხადებით, ამ შედეგების შესაძლო მაქსიმალური გავლენა სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები.
„აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას და, ამდენად, საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან.“ – აღნიშნულია ISFED-ის განცხადებაში.
ბიულეტენების თავიდან დათვლა შედეგებისადმი უნდობლობას და პოლიტიკურ დაძაბულობას რომ შეამცირებს, განცხადება ამის შესახებ „გამჭირვალობა საქართველომაც“ გაავრცელა.
ვინ უნდა მიიღოს ხმების გადათვლაზე გადაწყვეტილება და რა ვადებაში? ამ შეკითხვით „პუბლიკა“ ISFED-ის აღმასრულებელ დირექტორს, ელენე ნიჟარაძეს ესაუბრა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საოლქო კომისიებმა, შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე.
„ოლქებისთვის უკვე ცნობილია ასეთი ოქმების შესახებ და მათ თავად უნდა გამოავლინონ ნება, გადათვალონ სადავო ბიულეტენები“. – ამბობს ელენე ნიჟარაძე.
ელენე ნიჟარაძის თქმით, გასულ არჩევნებზე იდგა ეს პრობლემა დღის წესრიგში, თუმცა მას ასეთი მასშტაბი არ ჰქონია.
ელენე ნიჟარაძე წინა წლების გამოცდილებას გვიყვება და ამბობს, რომ ოლქები, როგორც წესი, არ ითვლიან უბნებს თავიდან და ასეთ შემთხვევებზე საკმარისად მიიჩნევენ უბნის წევრების განმარტებებს, რომელშიც აღწერიალია, ხოლმე, დისბალანსის შესაძლო მიზეზი. ის ამბობს, რომ ასეთი განმარტებები საკმარისი არაა. აუცილებელია, ხმები თავიდან გადაითვალოს და დადგინდეს, რატომ იყო დისბალანსის პრობლემა.
ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე ამბობს, რომ გადათვალზე გადაწყვეტილება ოლქებმა უნდა მიიღონ შესული საჩივრების საფუძველზე და ცენტრალური საარჩევნო კომისია მსგავს გადაწყვეტილებებში არ და ვერ ერევა.
ანა მიქელაძის თქმით, რომელ ოლქებში გამოიკვეთა ოქმებში დისბალანსის პრობლემა და რამდენი საჩივარია დაწერილი, ამის ნახვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გვერდზე, საჩივრების რეესტრშია შესაძლებელი.
საჩივრების რეესტრის გვერდზე, ამ წუთის მონაცემებით, შემაჯამებელ ოქმებში დისბალანასის შესახებ 8-მდე საჩივარია დაწერილი.