სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა, შედეგები თავიდან უნდა გადაითვალოს - ISFED

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგიით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს.

ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, და ამდენად საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა.

„ჩვენი აზრით, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, გადათვლაზე მიწვეულ უნდა იქნას ყველა დაინტერესებული  მხარე – საარჩევნო სუბიექტების, პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დისბალანსის ტენდენციასთან ერთად, ასევე გარკვეულ უბნებზე შეინიშნებოდა კომისიის წევრთა მცდელობები არ მიეცათ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის შემაჯამებელი ოქმების სათანადოდ დამოწმებული ასლები, რის მიზეზადაც ძირითადად შესაბამისი ტექნიკის გაუმართაობა ან უქონლობა სახელდებოდა. მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენდა დამკვირვებლებზე ზეწოლისა და ხელშეშლის ფაქტები. ხმის დათვლის და შეჯამების პროცესში, ცალკეულ უბნებზე ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ დარღვევებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის ორგანიზაციის მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 94 საჩივარი, საოლქო კომისიებში – 106 საჩივარი, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 37 შენიშვნა.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები:

 

ზეწოლა დამკვირვებელზე და დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა

 

  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #69 საარჩევნო უბანზე კომისიამ წილისყრის ჩაუტარებლად გამოავლინა მთვლელები, რაზეც „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელმა გამოთქვა შენიშვნა და კომისიას მოუწოდა პროცედურების დაცვისკენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ბარაბაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დამკვირვებელს და სცადა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც. კომისიის წევრებმა აგრესიული ქცევით, შეუძლებელი გახადეს დამკვირვებლის საქმიანობა უბანზე. ისინი დამკვირვებელს უყვიროდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამ პროცესში მონაწილეობდა კომისიის ყველა წევრი.
  • #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლალი ოხანაშვილი მთელი დღის განმავლობაში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი. იგი დამკვირვებელს არ აძლევდა გადაღების უფლებას.
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #71 საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული კომისიის წევრი ზაზა ალხანიშვილი არ იყო წილისყრის შედეგად გამოვლენილი მთვლელი, თუმცა ხელით ამოწმებდა ბიულეტენების რაოდენობას. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ მან დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
  • #22 მარნეულის ოლქის #69 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს უკანონოდ ეთქვა უარი აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით, მის მიერ წარდგენილი საჩივრის რეგისტრაციაზე თავმჯდომარისა და მდივნის მიერ.
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #124 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს არ მიაწოდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩეველთა მონაწილეების რაოდენობა.

შემაჯამებელ ოქმებში არსებული დისბალანსი

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #14 უბნის შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირებულია პროპორციულ სიაში ზედმეტი ხმების რაოდენობა.
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #47 უბანზე გამოვლინდა ერთით ზედმეტი ხმა ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების რაოდენობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება დააწერინეს ერთ-ერთ რეგისტრატორს. მოხდა შედეგების თავიდან გადათვლა, თუმცა კვლავ ერთით მეტი ხმა დაფიქსირდა.
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #33 საარჩევნო უბნის პროპორციული სისტემის შემაჯამებლ ოქმში ბიულეტენების რაოდენობა 54-ით აღემატება ამომრჩევლების ხელმოწერებს.
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #56 საარჩევნო უბნის პროპორციული არჩევნების შემაჯამებელ ოქმში ბიულეტენების რაოდენობა 19-ით აღემატებოდა ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობას.
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმებში (პროპორციული და მაჟორიტარული) 20-20 ბიულეტენით აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების რაოდენობას.
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #84 საარჩევნო უბანზე პროპორციული სისტემით შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი 29-ით ნაკლებია ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების საერთო რაოდენობაზე.
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #90 და #92 საარჩევნო უბნის პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში გაცემული ბიულეტენების რაოდენობა 1-ით მეტი იყო ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.
  • #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმებში სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილი ბიულეტენების ჯამი განსხვავდება ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა რაოდენობისგან, კერძოდ, 19-ით ნაკლებია მაჟორიტარული ოქმის და 54-ით ნაკლებია პროპორციული ოქმის მონაცემები.
  • #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბნის პროპორციული სისტემის შემაჯამებელ ოქმში სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი 3-ით აღემატებოდა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას.
  • #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბნის პროპორციული სისტემის შემაჯამებელ ოქმში სუბიექტების მიერ მიღებული ხმები 210-ით ნაკლებია ამომრჩეველთა ხელმოწერებზე.
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #89 საარჩევნო უბნის პროპორციული სისტემის შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები 83-ით ნაკლებია ამომრჩეველთა ხელმოწერებზე.
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #48 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ პროპორციულ ოქმში გაცემული ბიულეტენის რაოდენობა 1-ით მეტი იყო ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.