სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საპატრიარქოში ვიზიტზე

პუბლიკა

პატრიარქ შიო III-თან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო საქართველოში აქვეყნებს.

„შეერთებული შტატების დელეგაციისთვის პატივი იყო თბილისში, საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მის უწმინდესობასა და უნეტარესობასთან, შიო III-სთან შეხვედრა.

დელეგაციამ ხაზი გაუსვა იმ ცივილიზაციურ კავშირებს, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების საყრდენს წარმოადგენს. შეერთებული შტატები ამ მეგობრობის საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ შორის: სარწმუნოებას, ოჯახს, ეროვნულ იდენტობასა და ღრმა პატივისცემას ღვთივბოძებული უფლებებისადმი, რომელიც ადამიანის ღირსებას უზრუნველყოფს.

აშშ-ის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა იმ ქრისტიანულ სათნოებებზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოარჩევდა ქართულ ცივილიზაციას თანაგრძნობითა და გულმოწყალებით, ასევე, ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა. დელეგაციამ იმედი გამოთქვა, რომ ეკლესია ეროვნული ერთიანობის გამტკიცების ამ მისიას განახლებული სულისკვეთებით გააგრძელებს.

შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები 27 მაისს მიიღო.

შეხვედრას ამერიკიდან ესწრებოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები: ჩარლზ იოქი და პიტერ ანდრეოლი, ასევე მათი თანმხლები პირები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.