გულბაათ რცხილაძესა და ირაკლი ჩიხლაძეს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

პუბლიკა

პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ გულბაათ რცხილაძესა და ირაკლი ჩიხლაძეს ბრალდება სსკ-ის 314-ე მუხლით წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახით 12 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ორ საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს ორი მოქალაქე მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნების დაზვერვის დავალებით, სისტემატურად აგროვებდნენ და აწვდიდნენ მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებული მიღებული თანხიდან ნაწილს სადაზვერვო ინფორმაციის მომპოვებელ სხვა პირებსაც გადასცემდა.

დაკავებულებს ბრალდება ჯაშუშობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გულბაათ რცხილაძე პრორუსული ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებელია. გუშინ, 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცახდეს, რომ დაკავებული ორ ქვეყანასთან თანამშრომლობდა და პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებდა. სუსის ინფორმაციით, ბრალდებულს შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებს.

„ევრაზიის ინსტიტუტმა“ და რამდენიმე სხვა პრორუსულმა ჯგუფმა 25 მაისს საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ დააფუძნეს. ამასთან გულბათ რცხილაძე იყო ტელე-რადიო კომპანია „ობიექტივზე” ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ირაკლი ჩიხლაძეს, ის 2008 წლის აგვისტოს ომში მოკლული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის ძმაა. საჯარო წყაროებით, ირაკლი ჩიხლაძე ინტერნეტგამოცემა „ახალი კავკასიის“ თანამშრომელია. პლატფორმაზე მისი ავტორობით არაერთი მასალა იძებნება.

სუს-ის თქმით, ჩიხლაძე ონლაინპლატფორმის საფარით სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს მართავდა. კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას. ასევე ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების განაწილებას სადაზვერვო ქსელის წევრებს შორის, აძლევდა მათ შესაბამის დავალებებს და აკონტროლებდა შესრულების პროცესს.