„ოცნების“ პარლამენტის ბიურომ რეგისტრაციაში გაატარა ფსევდოოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“.
პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანდნენ ილია ინჯია, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი.
პოლიტიკური ჯგუფის შესაქმნელად მათ „ქართული ოცნება“ დატოვეს.
ილია ინჯიას პოზიციით, ჯგუფი თავს ხედავს „ჯანსაღი ოპოზიციის მისიის შესრულებაში“, ამასთან, მათი დამოკიდებულება „რადიკალური ოპოზიციის მიმართ რჩება ისეთივე პრინციპული, როგორიც დღემდე იყო“.
„ოცნების“ პარლამენტში ამჟამად „ქართული ოცნების“ ფრაქცია და ორი პოლიტიკური ჯგუფია, ორივე – ფსევდოოპოზიციური: „ხალხის ძალა“, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში „ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატებისგან შეიქმნა, ახალ პარლამენტში „ოცნების“ სიით შევიდა, შემდეგ კი საპარლამენტო ოპოზიციად გამოყოფა გადაწყვიტა და მეორე – „ევროპელი სოციალისტები“, ასევე „ოცნების“ რიგებიდან წამოსული დეპუტატებისგან შექმნილი ახალი გაერთიანება.
ორივე ჯგუფი საპარლამენტო დელეგაციებში, ჯგუფებსა თუ მექანიზმებში ოპოზიციის კვოტით იწყებს მუშაობას.