ბიზნესმენი ლევან ბიძინაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

პუბლიკა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული ლევან ბიძინაშვილი უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ რამდენიმე წიუთის წინ გამოაცხადა.

ლევან ბიძინაშვილი 8 თვის წინ დააკავეს. მას პროკურატურა ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით სდებდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას ითვალისწინებს.

ბიძინაშვილი დაკავების დღიდან ამტკიცებდა, რომ პოლიციელებმა იარაღი ჩაუდეს და სიღნაღის პოლიციის განყოფილებაში მასზე იძალადეს კიდეც.

ლევან ბიძინაშვილი „რადიო თავისუფლებას” ციხიდან მიცემულ ინტერვიუში ეუბნება, რომ მისი დაპატიმრების რეალური მიზეზი მისი ოჯახის მფლობელობაში არსებული მიწაა, რომელიც არ დათმო.

„დაახლოებით 1 წელი მიდიოდა ამაზე ლაპარაკი, მომიგზავნეს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც მითხრა, რომ სიღნაღის პოლიციის უფროსს და მის მეგობრებს კახეთში სჭირდებოდათ 200 ჰექტარი მიწა და მე უნდა გავწეულიყავი იმ 70 ჰექტარიდან, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის და ჩემმა მეუღლემ 49-წლიანი იჯარა მემკვიდრეობით მიიღო გარდაცვლილი მამისგან.

მე უნდა გავჩუმებულიყავი და გავწეულიყავი, რაზეც არ დავთანხმდი, შემომითვალეს, თუ არ გავიწეოდი, დავისჯებოდი და შემოთვლიდან მალევე ეს გამიკეთეს. იარაღი სიღნაღის პოლიციის უფროსის [ლევან მაისურაძის] დავალებით ჩამიდეს, პირადად ხელმძღვანელობდა და პირადად დამიჭირა”, – ლევან ბიძინაშვილმა „რადიო თავისუფლების” შეკითხვებს ციხიდან წერილობით უპასუხა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „რადიო თავისუფლებას” მისწერა, რომ პოლიციელების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 8 თვის წინ დაიწყო და დღემდე „მიმდინარეობს ყოველმხრივი გამოძიება”, თუმცა რა გამოიკვეთა ამ გამოძიებისას, არ უთქვამთ.

„რადიო თავისუფლებამ” საქმის პროკურორსაც ჰკითხა, როცა ბრალდებული იარაღის ჩადებაზე საუბრობს, აწარმოა თუ არა გამოძიება ამ მიმართულებით. „გამოძიება სრულყოფილი სახით არის ნაწარმოები”, – იყო საქმის პროკურორის პასუხი.