„ბლექ სი არენას“ მოპირდაპირედ მრავალფუნქციურ კომპლექსს შპს „ავსტრია ჰოსფითალითი” ააშენებს. შეკვეთილში მდებარე 24 999 კვ.მ მიწაზე გამოცხადებული პირობიანი აუქციონი დასრულდა. აუქციონზე მხოლოდ 1 ბიჯი (5 000 ლარი) დაფიქსირდა და მიწა 5001 ლარად გაიყიდა. მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება 4 902 634 ლარით იყო განსაზღვრული.
შპს „ავსტრია ჰოსფითალითის” კახაბერ ჩინჩალაძე, გოდერძი ფირცხალავა და აკაკი ზერეკიძე ფლობენ. ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწის ნაკვეთები აუქციონზე 15 ივლისს გამოიტანა და 29 ივლისამდე გაგრძელდა. კომპანია აუქციონის მიმდინარეობის პერიოდში 22 ივლისს დაფუძნდა.
შპს „ავსტრია ჰოსპითალითის“ მიერ ტერიტორიის განვითარებისთვის გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების ჯამური მოცულობა 10 956 000 ლარს შეადგენს.
გამარჯვებულმა კომპანიამ 3 წლის განმავლობაში, „სთარინგ ჯორჯიასთან“ შეთანხმებული პროექტის მიხედვით, არანაკლებ 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უნდა ააშენოს 72-ნომრიანი შენობა, რომელიც აპარტამენტებს, საკონფერენციო დარბაზს, კაფეტერიასა და სამუშაო სივრცეს გააერთიანებს. თითოეული ნომრის ფართობი 30 კვ.მ-ით განისაზღვრება, გარდა 6 ნომრისა, რომელთა ფართობი არანაკლებ 60 კვ.მ-ს უნდა შეადგენდეს, ხოლო ერთი ნომრის შემთხვევაში – 40 კვ.მ-ს. თითოეული ნომერი უნდა მოიცავდეს ინდივიდუალურ სველ წერტილსა და სამზარეულო კუთხეს. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის 7 956 000 ლარია გათვალისწინებული.
აუქციონის პირობების თანახმად, 6 წლის განმავლობაში, დამატებით არანაკლებ 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა ააშენოს მინიმუმ 100-ნომრიანი სასტუმრო/აპარტამენტი/ჰოსტელი, რომელიც მოიცავს გამაჯანსაღებელ და კვების სივრცეებს, ასევე საბავშვო და შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილ სივრცეებს. ამ ყველაფრისთვის კომპანიამ დამატებით 3 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.