წერილის ავტორი – ანასტასია ზინოვკინა
29.06.2025
N5 პენიტენციური დაწესებულება
თარგმანი შეიძლება შეიცავდეს კონტექსტთან დაკავშირებულ უზუსტობას.
ასტრახანი, 2012 წელი – „Настя Топор” – ნაჯახი
ნაჯახი დამცავ ყუთში იდო – ამან გადამარჩინა ვარაუდებსა და ბრალდებებისგან. დაკავება, სულ ცოტა, ეპიკური იყო.
ბორცვზე, სადაც საჯარო მოხელე იდგა, ხალხის ბრბო იყო. ჩინოვნიკები, მათი დაცვა, „ნაშისტები“, ჟურნალისტები და მაყურებლები. ბორცვის ფერდობზე – ქალაქის მთელი პოლიცია. პოლიციის უკან – წაგებული მერობის კანდიდატის მიტინგი იყო, რომელიც არ ეთანხმებოდა არჩევნების შედეგებს. მიტინგი ხმების თავიდან გადათვლის მოთხოვნებით იმართებოდა… ორივე მხარეს, ნომერ პირველსა და ნომერ მეორე კანდიდატს შორის სერიოზული ბრძოლა იყო. მთელი ქალაქი ორად გაიყო. მთელი რუსეთიდან ჩამოვიდნენ ჩინოვნიკები და აქტივისტები, რათა მათ გვერდში დადგომოდნენ. მიმდებარე ქუჩები სავსე იყო ხალხით, ჭყლეტის გარეშე.
მე უპრობლემოდ მივაღწიე იმ კაცამდე, რომლისთვისაც მინდოდა საჩუქარი გამეკეთებინა. მხარი გავკარი ჩინოვნიკს, მაგრამ ის ძალიან დაინტერესებული იყო მიტინგით და თვალმოუშორებლად უყურებდა. გამომხედა და ისევ მიტინგს მიაჩერდა. მაგრამ მე ვერ მოვასწარი მივმხვდარიყავი, რომ ის იმდენად გატაცებული იყო, რომ მთლიანად არ შემობრუნდა ჩემკენ. პარკიდან ნაჯახი ამოვიღე და ისევ შევეხე მხარზე. მან კი, უბიძგა თავის მცველს. ახლა რეალობა დაემსგავსა სცენას ფილმიდან – ჩემს წინ დგას ჩინოვნიკი და ორი კიდევ უფრო მაღალი, მხარბეჭიანი მამაკაცი, მის ორივე მხარეს. ვფიქრობ, რომ ეს მისი დაცვა იყო. ერთმა მცველმა უბიძგა მეორეს, ორი ერთნაირი, მსგავსი სახეებით – პირები ღია, თვალები თითქმის გადმოცვენილი ბუდიდან. და მე – ვდგავარ ნაჯახით ხელში და ვნერვიულობ, რომ არ დამავიწყდეს საზეიმო ტექსტი. უცებ ერთმა მცველმა უბრალოდ დაიყვირა – „ აააააა…“, ერთი „ნაშისტი“. შემობრუნდა და რომ დამინახა, წვრილი ხმით დაიყვირა – „გოგონა ნაჯახით“. დაიწყო არეულობა, ხალხი შეშინებული დარბოდა ერთი მხრიდან მეორესკენ, ზოგი ჩემგან, ზოგიც ჩემკენ. „პოლიცია!!!“
სრულიად მთელი პოლიცია, რომელიც ბორცვის ჩვენ მხარეს მიტინგს იცავდა, გამოექანა ჩვენკენ. მეც დავიწყე ყვირილი, თითქმის ბასით და აღშფოთებულმა – „ეს საჩუქარია“ და ნაჯახს ორი ხელით ვიხუტებდი გულში. ცდილობდნენ, რომ წაერთმიათ, მაგრამ ხელიდან რომ გამეშვა, შეიძლებოდა ვიღაცას მართლა ძლიერად მოხვედროდა – ამიტომ იძულებული ვიყავი, ძალიან მაგრად ჩავჭიდებოდი. პირდაპირ მასთან ერთად შემიტანეს პოლიციის დიდ, ფანჯრებიან ავტობუსში – „პაზიკში“. ჩამოუშვეს ფარდები. „პაზიკს“ გარშემოერტყა უამრავი პოლიციელი. მომიტინგე ხალხის ნაწილი „გამოექანა“ „პაზიკისკენ“, რათა გაერკვიათ რა ხდებოდა, ვინ და რისთვის დააკავეს.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაკავება მიტინგზე კი არა, „ოპონენტების“ ბრბოში მოხდა, ეს იყო ამაღელვებელი სცენა. ხალხისთვის აუცილებელი იყო დარწმუნებული ყოფილიყვნენ იმაში, რომ მათ მტერსაც კი ადამიანურად ექცეოდნენ, რომ კანონი პოლიციელების მიერ დაცული იყო ყველას მიმართ. „უფლებამოსილი აქციაა და ეს ქუჩაც შეთანხმებულია მიტინგისთვის“. „თქვენ წესრიგი უნდა დაიცვათ და არა – დააკავოთ ვინმე არაფრისთვის“.
ასე კამათით და მოლაპარაკებით აქციის მონაწილეებმა გაიგეს ჩემი სახელი. გაიგეს, რომ მე დამაკავეს „ნაჯახით“. არ დაიჯერეს, ითხოვდნენ ჩემ გათავისუფლებას. ხო, მაშინ მეც ვერ დავიჯერებდი. პატარა, მუდმივად მოღიმარი გოგონა, რომელიც მიამიტურ რაღაცებს ამბობს იმის შესახებ, რომ პოლიტიკური ბრძოლა უნდა ხდებოდეს კანონის ფარგლებში. და საერთოდ, იცინის და ალბათ ფიქრობს, რომ ცხოვრება თამაშია. მაგრამ ესენი იყვნენ ისინი, ვინც მოასწრო ჩემი გაცნობა. ხოლო რას ფიქრობდა დანარჩენი ხალხი, წარმოდგენაც კი არ მინდა.
მიმიყვანეს განყოფილებაში და რამდენიმე საათის შემდეგ იქვე მოვიდა ჩინოვნიკი ***** და თქვა, რომ არ ფიქრობდა, რომ მე შემეძლო შემესრულებინა მოლაპარაკება ასე სწრაფად, იმ საათშივე და რომ საქმე ასე წარიმართებოდა.
მოკლედ, სულ რაღაც სამი საათის შემდეგ, ხმაურიანი დაკავების მერე, აღმოვჩნდი წაგებული კანდიდატის შტაბში. მოვედი და კარიდან ვთქვი: „ადვოკატი მჭირდება“. „რა თქმა უნდა გჭირდება“ – ახმაურდა ყველა. რომ გაიგო „მთელმა ქვეყანამ“ რომ გამოვედი, მოდიოდნენ სურათების გადასაღებად, ყურადღების ცენტრად გამხადეს. როგორც ბავშვს, უფროსების წვეულებაზე, დამჭირდა ამ ამბის ათასჯერ მოყოლა. მათ შორის იმ საპარლამენტო პარტიის ხელმძღვანელთანაც, რომელსაც წაგებული კანდიდატი მიეკუთვნებოდა და არასისტემურ ოპოზიციურ „ვარსკვლავებთანაც“ . კიდევ კარგი, რომ გადავრჩი ჯორკოს („ტაბურეტკას”) ოთახის ცენტრში და მონაყოლისთვის კანფეტების ჩუქებას, როგორც საბავშვო ბაღში საახალწლო წვეულებისას. მაგრამ რას ვიზამთ. ის, თუ როგორ დამაკავეს და როგორ გამომიშვეს სასაცილო ისტორიაა. პროტოკოლები არ შედგენილა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არ გადმოუციათ.
პოლიციის განყოფილებიდან გამოშვებისას ჩემი ნაჯახი არ დამიბრუნეს. (მისია არ იყო შესრულებული, მე კი ეს არ მომწონდა. სიმტკიცე და შეუპოვრობა ჩემი ძლიერი მხარეა). ვფიქრობ, რომ თუ როგორ ვიყავი აღშფოთებული და როგორ მინდოდა, ადვოკატთან ერთად, პოლიციაში დაბრუნება ნაჯახის წამოსაღებად, არის მთავარი შტრიხი (კულმინაცია).
და მე, სხვათაშორის დავბრუნდი. დამარწმუნეს, რომ საღამოს პოლიციაში მხოლოდ მორიგეები არიან და მისვლას აზრი არ აქვს (აკრძალული მანევრი – ეცადო გადაადებინო ბავშვს თავისი სურვილები, იმ იმედით, რომ მალე დაავიწყდება); რომ უფროსობის გარეშე, თითქოს, არც დაკავების (თუ საერთოდ არსებობდა), არც ნაჯახის ჩამორთმევის დოკუმენტებს და თვითონ ნაჯახსაც არ მომცემდნენ.
მეორე სამუშაო დღის დილას, არ დაველოდე ადვოკატს და წავედი განყოფილებაში. რამდენიმე ადამიანი გამომყვა, როდესაც მიხვდნენ, რომ არ ვხუმრობდი ჩემი გეგმის შესახებ – დავბრუნებულიყავი პოლიციაში, უბრალოდ შეეშინდათ იქ ჩემი მარტო გაშვება.
განყოფილებაში თბილად მიმიღეს. იშვიათად აქვთ მათ ასეთი სასაცილო ისტორიები და მეც არ აღვშფოთებულვარ, რომ დამიჭირეს. აღვშფოთდი მხოლოდ იმიტომ, რომ ნაჯახი არ დამიბრუნეს გათავისუფლებისას.
და აი, ქალაქ ასტრახანის პოლიციის განყოფილებაში, მოთმინებით ვუხსნი მოცინარ მორიგეებს, გამომძიებლებს და ყველა იქ მყოფთ, ჩემი ახალი ვიზიტის მიზეზის შესახებ. ხელში მეჭირა განცხადება იმის შესახებ, რომ ქალაქ ასტრახანის პოლიციელებმა მომპარეს ნაჯახი. ბრავადოა, მაგრამ ასეთი განცხადების შემდეგ, შემოწმებისას უსიამოვნებები ექნებოდათ იმიტომ, რომ არ გააფორმეს პროტოკოლები.
და ისინი მიდიან ჩემი ნაჯახის საძებნელად. მოტრიალე კარი შემოსასვლელში, მის გვერდით დგანან მორიგე და ჩემი მეგობრები. შემოსასვლელთან, სკამზე ზის მამაკაცი განცხადებით ძარცვის თუ რაღაც საყოფაცხოვრებო პრობლემის შესახებ, ნერვიულად იქნევს თავს და გვიყურებს. ამ კაცის გასწვრივ, იატაკზე შლიან ნაჭერს და მასზე აწყობენ ნაჯახებს. გამომიტანეს ექვსი თუ შვიდი სხვადასხვა ნაჯახი. მთელ ამ ისტორიაში დღემდე, ყველაზე უფრო ეს ფაქტი მაშინებს – ამ რაოდენობის ნაჯახები. ნუთუ ასტრახანში მასიური ტენდენციაა ნაჯახი? შეიძლება იქაური ჩინოვნიკის სიტყვები იყო ადგილობრივი საზოგადოების ვნების ანარეკლი ამ ტიპის იარაღის მიმართ? არ მგონია, რომ ყოფაცხოვრებაში ნაჯახი ასეთ საჭიროებას წარმოადგენდეს ქალაქის მცხოვრებლებისთვის.
მოკლედ, ისინი უკვე მზად იყვნენ მოეცათ ნებისმიერი ნაჯახი, მაგრამ რადგან მე მინდოდა მხოლოდ ჩემი, და მათ კი ვერ იპოვეს, წამოვედი პირში ჩალა გამოვლებული.
აი, მთელი ისტორია.
გამბედაობა? არ ვიცი გამოვიჩინე თუა არა ამ ისტორიაში გამბედაობა, მაგრამ შემთხვევა მხიარული და დასამახსოვრებელია. ჩემთვის გამბედაობა, თვითონ სიტყვის მნიშვნელობა, დროში უფრო უწყვეტ რაღაცას ნიშნავს.
კრიმსკი, 2012 წელი
ვფიქრობ, რომ გამბედაობა მჭირდებოდა მაგალითად, რომ ვყოფილიყავი მოხალისე წყალდიდობის, ხანძრის და სხვა სტიქიური კატასტროფების დროს ან „ლიზა ალერტის“ მოხალისეებთან ერთად მეძებნა ტყეში დაკარგული ხალხი. მახსოვს ჩემი ხელები იდაყვებამდე „გიფსში“ კრიმსკში. ჩვენ მუხლებამდე ჩაფლულები ვიდექით, მიწის, ჭუჭყის, სილის ნაზავში და ნიჩბებით ვჩეხდით წყალდიდობის დროს დაღუპული ცხვრების გვამებს, იმიტომ, რომ წყლისა და ჭუჭყის გამო გაიბერნენ და დამძიმდნენ და ამიტომ მთლიანად ვერ ამოგვქონდა. მატლები, ჩვენი ტლანქი მუშაობისას, რა თქმა უნდა „დასრიალებდნენ“ სხვადასხვა მხარეს. ზოგს გული ერეოდა ამ „სილამაზისა“ და სუნისგან, მაგრამ ყველაფერი ეს სწრაფად რომ არ გაგვესუფთავებინა, ნიადაგის დაინფიცირდებოდა, გვამური შხამებით მოიწამლებოდა ჭები და წყალსაცავები. ჩვენ ვიცოდით ეს და ვცდილობდით დაგვეთრგუნა თვალ-ყურის და ცხვირ-პირის ამოლესვის და შორს, სუფთა ჰაერზე გაქცევის სურვილი.
აზრი ხომ იმაში არ მდგომარეობს, რომ არ გეშინოდეს. შიში საჭიროა, ოღონდ უნდა შეგვეძლოს მისი მართვა და გვეშინოდეს სწორი რაღაცების. იმ დროს უნდა შეგვშინებოდა ჭირის და სხვა დაავადებების, რომელიც შეიძლება გავრცელებულიყო ადამიანებსა და ცხოველებში. ასე, რომ ახალი გვამების დანახვის ან ყროლისგან სიკვდილის თავი არ უნდა გვქონოდა.
ბიჭებმა, საგანგებო სიტუაციების სამინისტროდან, ერთ დღეს წამართვეს ჩემი და იძულებით ჩამაცვეს დიდი, რეზინის სანადირო ჩექმა, რომელიც ძალიან დიდი ზომის იყო – თითქმის თეძოებთან ვიკრავდი. კარგი ჩექმა იყო, მათი მეშვეობით ვცურავდი სქელ ტალახში, როგორც ტერმინატორი და ამის საპასუხოდ სსს ბიჭებს ვაჩუქე ბინტები, „ზელიონკა” და საძილე ტომარა.
მივდიოდი სსს (საგანგებო სიტუაციების სამინისტრო) შტაბში – უფრო ზუსტად, შტაბის კარავში – შეხვედრებზე ვიღაც ბოსებთან, რათა დამერწმუნებინა ისინი, რომ დაეწვათ ცხოველების გვამები. რადგან ვხედავდი უბრალოდ როგორ ყრიდნენ მათ ორმოში. ვუთხარი – ჯერ დაწვით ეს ნეშტი. ისინი მპასუხობდნენ, რომ მე სულელი ვარ და გვამები კი სველია. გავიქეცი შტაბში, რადგან მეშინოდა, რომ ასე დატოვებდნენ. შტაბში მისვლის უკვე აღარ მეშინოდა.
კრიმსკში თვეზე მეტი გავატარე. იქიდან ძილბურანში გამოვემგზავრე. როდესაც მე და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩემი თანამებრძოლები ჩამოვედით მატარებლიდან მოსკოვში, თავს ვგრძნობდით ალბათ ისევე, როგორც ჯარისკაცები უკანა ფრონტზე დაბრუნებისას. საშიში და უხერხული იყო თვალისმომჭრელი შუქებისა და ხალხმრავლობის გამო. ისინი… ისინი… ცხოვრობენ ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, თითქოს არ არსებობდეს ეს ომი. მაგრამ ….
დამჭირდა სიმამაცე, რომ დავბრუნებულიყავი ამ სამყაროში და არ განმესაჯა გარშემომყოფთა გულგრილობა, არ შემძულებოდა ისინი; და რომ ვყოფილიყავი ჩუმად. უსიტყვოდ გამეგრძელებინა ადამიანების დახმარება; რომ არ მეკვნიტა ტუჩები სიბრაზისგან, როდესაც ამ ტყუილში მყოფი ვპასუხობდი ტელეფონზე ჟურნალისტებს, რომელთაც არ აინტერესებდათ თუნდაც პატარა სიმართლის დაწერა ამ ტრაგედიის შესახებ.
მჭირდებოდა სიმამაცე, რომ მდინარესთან ახლო მდგომი სახლის მცხოვრებლისთვის შემეტყობინებინა, რომ მათი შინაური ცხოველები, მანქანა და ტრაქტორი გორაკის უკან, ტალახში ვიპოვეთ; რომ ცხოველები დაიხოცნენ, ტექნიკა კი უიმედოდ გაფუჭდა; და რომ მათ უკვე აღარაფერი ებადათ თავიანთი თავის გარდა; რომ არ წამომცდენოდა ის, რომ გაუმართლათ, რომ ცოცხლები დარჩნენ; რომ უსმინო მათ გოდებას იმის შესახებ, რომ „გაღლეტილები“ დარჩნენ. მჭირდებოდა სიმამაცე იმისთვისაც, რომ მეყურებინა დაღუპული ბავშვის მშობლებისთვის.
დადიხარ გადარჩენილ სახლებში და აგროვებ ჯგუფს, რომ ერთიანი ძალით გამთენიიდან დაღამებამდე რაც შეიძლება უფრო დიდი ტერიტორია გაწმინდოთ. აწვდი ნიჩაბს ყველას, ვისაც დღეს დახმარება შეუძლია. მერე უცებ მტკივნეული აზრი ბუნდოვნად მივლის. ვაჩერდები მოპირდაპირეს თვალებთან, თვალები „შუშისაა“. მაგრამ „შუშის თვალები“ იღებენ ნიჩაბს და სხვებთან ერთად „ყვავილების“ საძებნელად მოდიან. (ასე დავარქვით იმისთვის, რომ ნაკლებად გვეხმარა სიტყვა „გვამი“ . ცხვრების და სხვა ცხოველების ამოყვანა ადამიანის ამოყვანას არ შეედრება, ეს ჯერ კიდევ „ყვავილებია“).
მეგობრებიდან რომელიღაცამ მიჩურჩულა: „ამათ ბავშვი დაეღუპათ, არ უნდა დაგვეძახა“, მაგრამ რა ვქნათ, როდესაც ვეძახდით, ჯერ არ ვიცოდით ეს ამბავი.
ვდგავარ და ვებრძვი საკუთარ თავს, რომ მზერა უხერხულად არ მოვარიდო. ველაპარაკები მხნედ, ისე როგორც სხვებს გარშემო, თვალებში ვუყურებ. ვაწვდი სიგარეტს და წყალს, ვთავაზობ თერმოსის თავსახურში ჩასხმულ ჩაის, ისეთივე ღიმილით, როგორც სხვებს.
მძიმე დღე იყო, გულწრფელად, მაგრამ საღამოსთვის ისინი უკვე „აზრზე მოვიდნენ“. სხვის მხარში ამოდგომა გეხმარება არ ჩაიძირო საკუთარ მწუხარებაში.
იყო კიდევ სხვა მომენტებიც ცხოვრებაში, როდესაც დამჭირდა კრიჭაშეკრულს მთელი სიმამაცის მოკრეფა, დანებების სურვილის და დაღლილობის ჩახშობა. მაგრამ შემდეგ ადვილი იყო ამაზე კონცენტრირება.
ციმბირი
ერთხელ ტყის ხანძრების სეზონზე აღმოვჩნდი ციმბირში. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომელები არ უშვებდნენ მოხალისეებს ცეცხლის ჩასაქრობად. ძალიან სახიფათო იყო. მაგრამ ჩვენ ვეხმარებოდით უკვე ერთი კვირა და ნანახი გვქონდა რუკა თხრილების და გადაფარვის გეგმით. იმ დღეს გაგვყარეს, იმიტომ, რომ ვიღაც უფროსებმა გადაწყვიტეს, რომ არ დაეხარჯათ ძალები ახლომდებარე სოფელზე და გადაერჩინათ სხვა სოფელი, რომელიც უფრო შორს მდებარეობდა. მარტო მოხალისეების გაშვება კი ვერ გაბედეს. ალბათ გონივრული გადაწყვეტილება იყო. ახლო სოფელთან გვერდით იყო სსს საველე შტაბი, ექიმები, დახმარება, ცივილიზაცია და ბავშვების ევაკუაციაც უკვე მოახდინეს.
რადგანაც ჩვენ არ ჩაგვრთეს ძირითად გეგმაში, გადავწყვიტეთ, რომ თვითონ გავუმკლავდებოდით. გადავწყვიტეთ ტყის უკანა მხარეს გავსულიყავით და იქ გვეთხარა არხები – სსს მეხანძრეების საპირისპირო მხრიდან, ისე როგორც თავიდან იყო დაგეგმილი. ვიყავით ურაციოდ, შტაბთან კავშირის გარეშე და არ ვიცოდით რომელ მხარეს მიემართებოდა ცეცხლი. სიცხე კი ისეთი იდგა, რომ ვერ ვიგებდით უკვე ვიწვით თუ ჯერ არა. სიცხე, ტკაცუნი და კვამლის ნაკადები.
მოკლედ, არხი ჩვენ გავთხარეთ. და მერე დამჭირდა ნამდვილი სიმამაცე, რომ გამოვსულიყავი წინ და მეღიარებინა, რომ იდეა ჩემი იყო. ყვირილი და ჩხუბი იყო… სიმამაცე არის ის, რომ მოიქცე ისე, როგორც საჭიროა, მაშინ როცა მადლობას არავინ გეტყვის ამისთვის; იყო კეთილი მაშინ, როდესაც საპასუხოდ ბოროტებას მიიღებ და ამის შემდეგ მაინც განაგრძო სწორი საქმის კეთება.
სიმამცე, რა თქმა უნდა საჭიროა სიმართლისა და სამართლიანობისთვის საბრძოლველად, მაშინაც კი, როდესაც ეს უიმედოა და აპრიორი წაგებული.
მე და არტემი
ახლა მე, არტიომ გრიბულთან ერთად სამუდამო პატიმრობას გვისჯიან, სამედიცინო დახმარებას არ გვიწევენ. რა თქმა უნდა უფრო ადვილი იქნება, რომ ვაღიაროთ დანაშაული და წყნარად მოვიხადოთ სასჯელი. არ ვიბრძოლოთ.
მაგრამ თუ ჩვენ ასე ვიზამთ, „ ვაღიარებთ“ იმას, რისი გულისთვისაც უსამართლოდ გვადანაშაულებენ, თუ დავნებდებით, გავტდებით და არ დავიცავთ ჩვენს უფლებებს, მაშინ… ეს გახდება ახალი ნორმა.
ნარკოტიკებს ჩაუდებენ ყველას. მუქარა, ძალადობა და თვითნებობა გაიზრდება.
როდესაც ერთი ადამიანი უარყოფს თავის უფლებებს და უარს ამბობს ბრძოლაზე, ასეთი თვინიერება, დაცემა უაღრესად საშინელია. ეს არ არის მხოლოდ დამორჩილებულის დანგრეული ფსიქიკა. ეს აძლევთ საშუალებას ძალადობის ინიციატორებს, რომ დაუსჯელობა იგრძნონ. ამას მივყავართ ახალ მსხვერპლებთან და დანგრეულ ცხოვრებებთან.
არასდროს უნდა დაგვავიწყდეს საკუთარი პასუხისმგებლობები მსოფლიოს მიმართ და ურთიერთობა სამყაროსთან.
ადამიანი ცხოვრობს ისე, როგორც არსებული გარემოებებისა და შინაგანი შიშების გადალახვა შეუძლია. მოჰყავს ჰარმონიაში თავისი შეხედულებები, პრინციპები და შიდა და გარე სამყარო. იმიტომ, რომ რამდენადაც შეძლებ წაიწიო ამ მიმართულებით, იმდენად ბედნიერი იქნები, ყველაფრის მიუხედავად.
ისეც ხდება, რომ ხალხი უფრო ნაკლებ სირთულეებზე ნებდება, ვიდრე ახლა არის ჩემი და არტიომის ცხოვრებაში. მაქვს რისკი სიკვდილისა კისერსა და ზურგში გადაადგილებული ხერხემლის მალის გამო. ჯერჯერობით სრულ დიაგნოსტიკის ჩატარებას ვერ მივაღწიე, მხოლოდ გამაყუჩებლები. არტიომს MRT-ც კი არ გაუკეთეს ციხეში ცემის შემდეგ. ჰემატომები სახესა და ტანზე ექიმმა ნახა და ასეც „შეუხორცდებაო“.
სიმხდალე და ღალატი ზოგი ნაცნობისა და ნათესავის, რომლებმაც ჩვენი თხოვნის მიუხედავად, რომ ჩვენთვის საერთო ადვოკატი აეყვანათ და დაერეკათ მედიაში, ჩვენივე თანხებით აგვიყვანეს ორი სხვადასხვა ადვოკატი და უშლიდნენ მედიას, დაეწერათ ჩვენ შესახებ. მატყუებდნენ მე, რომ არტიომმა აღიარა დანაშაული. ცდილობდნენ ჩვენ დაშორებას და დაპირისპირებას. ეს არის ის ხალხი, რომელიც დაკავებამდე გვეგონა, რომ ახლობლები იყვნენ და რთულ დროს დაგვეხმარებოდნენ. გვატყუებდნენ იმის შესახებ, რომ როგორც კი ვაღიარებდით დანაშაულს, მოხდებოდა გარიგება და გაგვათავისუფლებდნენ. ალბათ სხვა პოლიტპატიმრებსაც მოუწიათ ამ გზის გავლა და ზოგმა ალბათ აღიარა კიდეც, მაგრამ არ გაათავისუფლეს. გთხოვთ, მკაცრად ნუ განსჯით მათ, გააგრძელეთ დახმარება და მათი წერილების გამოქვეყნება… არავინ მოსულა ჩვენთან პროკურატურიდან და არავის შემოუთავაზებია რამე გარიგება. დაჩოქებას და შეწყალების თხოვნას „გვთხოვდნენ“ არა ისინი, არამედ, ასე ვთქვათ „ჩვენიანები“, მბრძანებლური ტონით და არა რჩევის სახით.
და ასეთი ღალატი რომ გადაიტანო და ყველა გარშემომყოფი მოღალატედ და მშიშარად არ აღიქვა, ალბათ დიდი გამბედაობაა საჭირო. რომ განაგრძო რისკზე წასვლა ადამიანების მიმართ ნდობით და არ მოლოდინით, რომ ყველა გიღალატებს (არა, რჩევის სახით ნებისმიერი ინფორმაციის მოსმენა ნორმალური იქნებოდა, მაგრამ ხდება ისე, რომ ჩვენგან სიმხდალეს მოითხოვენ, რომ ჩვენ ნებას თელავენ და გვახვევენ თავისას. დახმარებას ვთხოვთ და ისინი პირიქით აკეთებენ). კიდევ კარგი, რომ ყველა არაა ასეთი.
სხვათა შორის, ცნობისთვის, მე და არტიომს ერთმანეთში გვიზიდავს გამბედაობა და სიმტკიცე და სხვა ხალხშიც. ჩვენ ორივეს გულწრფელად მიგვაჩნდა, რომ ეს თვისებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბედნიერებისთვის. რა თქმა უნდა ჩვენ ერთმანეთისთვის ძალიან ახლო მეგობრები მხოლოდ ამიტომ არ ვართ, მაგრამ ამ თვისებებისა და მათზე საერთო შეხედულების გარეშე ვერ გავხდებოდით ახლობელი ადამიანები ერთმანეთისთვის. მხდალებისგან ჩვენ სწრაფად ვიღლებით.
როდესაც ჩვენ პირველ სასამართლოზე, 19 დეკემბერს 2024 წელს არტიომმა მკითხა, გავყვებოდი თუ არა მას ცოლად, თუ მხოლოდ ქაღალდის ბეჭდის ჩუქებას შეძლებდა, მე დავთანხმდი.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვაგრძელებთ და შევხარით ცხოვრებას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მაგალითი შთააგონებს ვინმეს.
რა მსხვერპლის გაღება მოგვიწია მე და ჩემს მეგობრებს? – ყველაფრის.
ყველაფრის – შინაგანი ჰარმონიის გარდა, ყველაფრის – სულის გარდა, ნამდვილი ადამიანობის გაგების გარდა, აქ უკვე სხვადასხვაგვარად შეიძლება თქვა, მაგრამ არსი ერთია.
ყველაფრის – წარმატების, შესაძლებლობების, მეგობრებთან, შეყვარებულებთან, ახლობლებთან გვერდით ყოფნის, ფულის, მატერიალური უზრუნველყოფის.
თავისუფლების.
ჯანმრთელობის.
ცხოვრების.
მაგრამ არა შესაძლებლობის – დარჩე ის, ვინც ხარ და ჰარმონიით შენს შიგნით.
არის ასეთი სიმღერა: „რა შეგიძლია ასწავლო ბავშვებს, გარდა იმისა, რომ დანებდნენ და უღალატონ საკუთარ თავს ყოველდღე?“.
როდესაც აღარ მაქვს ბრძოლის ძალა, ვმღერი ხოლმე ჩემთვის და მეშინია, რომ ამ სიმღერის პერსონაჟი არ გავხდე და მაშინ ისევ მიჩნდება ბრძოლის ძალა და უმნიშვნელო წვრილმანებს არ აქვთ ადგილი ჩემს ფიქრებში.
ცხოვრება მშვენიერია და სავსე სიყვარულით. უბრალოდ, უნდა იცოდე თუ როგორ იცხოვრო. შეძლო საკუთარი შიშებისა და მწუხარების დაძლევა. ამაში ემპათია გვეხმარება. უნდა შევძლოთ ბედნიერება და სიყვარული საკუთარ თავში ვიპოვოთ, მაშინაც კი, როდესაც ახლობელი ადამიანები კვდებიან. უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება, რომ ცხოვრებაში შეხვდი ახლობელ ადამიანს, ამ უბედურებაზე მეტია. ეს არის ის, როდესაც მხოლოდ გაფიქრებაც კი იმის შესახებ, რომ ასეთი ადამიანი არსებობს ან არსებობდა, ისეთი სინათლე მოაქვს, რომ დანაკარგით გამოწვეული მწუხარება ძალას კარგავს და უფერულდება.
ასე რომ, დანაკარგების მიუხედავად, მე ბედნიერი ვარ.
სიკვდილისთვის, დაპატიმრებისთვის და უბრალოდ ეჭვიანობისთვის მზადყოფნა ყველანაირად შეუძლებელია. მაგრამ შესაძლებელია იპოვო შენში სიმამაცე იცხოვრო, არ უღალატო საკუთარ თავს, გიყვარდეს. შესაძლებელია არ დახუჭო თვალები, არ შეაქციო ზურგი ტკივილს, ბოროტებას, უბედურებას. შესაძლებელია, იპოვო ჰარმონია ამ ყველაფრის მიუხედავად , იყო ბედნიერი ყველაფრის მიუხედავად. მჯერა, რომ ამით ცოტა უფრო ნაკლები ბოროტება რჩება მსოფლიოში .
დაეხმარო ხალხს, იგრძნო ემპათია – ძალიან მნიშვნელოვანია. იყო სულიერად ახლობელ ადამიანების გვერდით – ესეც. იმიტომ, რომ, როდესაც ადამიანების დახმარებისთვის თავისუფლების, სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაღება მოგიწევთ, არ ინანებთ თქვენი კარგი ქმედებების გამო, რაც არ უნდა მაღალი იყოს მათი ფასი. თქვენ ინანებთ მხოლოდ იმის შესახებ, რომ იყავით გარშემორტყმულნი ისეთი ადამიანებით, რომლებიც არ იზიარებდნენ თქვენს მსოფლმხედველობას, მისწრაფებებს და ცხოვრებისეულ პრინციპებს.