1,2,3...

ალექს ჩიღვინაძე
“სიკვდილო, შვილი გაგიზარდე,
მე სხვა დედებს კი არ ვგევარ,
ძალიან დაღონებული ვარ,
სისხლის და ცრემლის ტბორში ვზივარ.
აქამდე ბედნიერი ვიყავი,
ეხლა კი მწუხარების მზე ვარ,
დაღონების მზე გადახრილი,
გორს იქით გადაფარებული”

თუ ჯოჯოხეთი არსებობს, მგონია, რომ იქ ერთდროულად ჩვენს მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა ისმის.

ემპათიის პროჟექტორი სულ უფრო მბჟუტავ და მკრთალ სინათლეს ასხივებს. სიბნელეში ხელის ცეცებით ხან იმ ბავშვს ვეხები, გადაუდებელი ოპერაცია რომ სჭირდება და ხან ბინიდან გამოსახლებული ოთხშვილიანი ოჯახის დალუქულ კარს. ათიათასობით რჩებიან სიბნელეში.

რა ვთქვა და როგორ? ინსტიტუტები ჩამოშლილია. ქვეყანა ფიზიკურად ლპება.  კულტურა იგივე როლს ასრულებს, რასაც ჩაჟამებულ ვიტრინაში მანეკენი, რომელიც ერთ-ორი ნორმალური აქსესუარის ამარა დგას და საერთო ჯამში ვიცით, რომ უსიცოცხლო პლასტმასია, შხამიანი ჰაერისგან გაშავებული.

სათქმელი სიტყვებში თვლემს. დუმილი და დავიწყება, რა თქმა უნდა, უფრო კომფორტული იქნებოდა, მაგრამ ზოგიერთი პერსონაჟი არ მემეტება. ამიტომ წარმოვიდგენ, რომ ვამჟღავნებ მათ იდუმალ ყოფას, რათა ჩვენ-ჩვენი უხილავი ცხოვრების ფონზე, ოდნავ მაინც გასაგები გახდეს რეალობა.

სტუდენტი

სუსხიანი კვირა დილა გათენდა. მაღაზიაში ჩასულს არეულობა დამხვდა. დისტრიბუტორებს ტომრებით და ყუთებით შემოეტანათ ბოსტნეული. ორი ღამენათევი, პატარა გოგო ალაგებდა პროდუქტს, იმიტომ რომ ამ მაღაზიას არ ჰყავს დამატებითი კადრი და კონსულტანტებს თვითონ უწევთ დალაგებაც და გადალაგებაც, აღწერაც, კლიენტების მომსახურებაც, სალაროსთან დგომა და ტომრების თუ ყუთების ზიდვა. მსმენია, რომ მაღაზიის ეს ქსელი ერთ-ერთ დეპუტატს ეკუთვნის ან იქ წილი აქვს, ნუ როგორც არის ხოლმე. აქ ყოველთვიურად იცვლებიან თანამშომლები, რადგან დიდი ხნით ვერავინ ჩერდება სამუშაო პირობების და ხელფასის გამო, მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობისას, ერთ-ორი თვით პურის ფულის საშოვნელად, იმ იმედით რომ მალე რამე გამოჩნდება.

კონსულტანტი იდგა და ტომრებს დაჰყურებდა. ამოღამებული თვალებით, წელშიმოხრილი და სუსტი. თავისთვის ჩაილაპარაკა: “სახლში მინდა!” თითქოს ვინმეს შესთხოვდა სახლში წასვლის უფლებას. კიდევ რამდენი საათი დარჩა? სად ცხოვრობს? მეტროთი წავა თუ გაძეძგილ, უჰაერო ავტობუსს გაჰყვება?

ისე ღმერთს თუ იუმორის გრძნობა ოდნავ მაინც აქვს, სიკვდილის მერე თბილისის ყველა მერი ავტობუსის გაჩერებაზე მოხვდება, შავ კვამლში, მტვერში, ღმუილში და იდგება ასე მარადიულად – მოლოდინის წუთები არასდროს ამოიწურება და ყველა მათი ნათქვამი სიტყვა მორბენალ სტრიქონებად ირბენს მათ გარშემო.

ეს გოგო ალბათ სტუდენტია, როგორც ამ მაღაზიაში მომუშავე ახალგაზრდების უმრავლესობა.  რამდენიმე საათით დაიძინებს და მერე სამეცადინოდ დაჯდება. უგემოვნოდ შეჭამს რამდენიმე ლუკმას, მალე სმენაც მოახლოვდება და მერე მთელი ღამე ისევ კლიენტები სალაროსთან: რეივერები, აღადავებული პოლიციელები, ბენზისგასამართი სადგურების გაყინული ოპერატორები, ტურისტები, ღამის ეკონომისტები, მთვრალები, გადარეულები… დილით კი ისევ დისტრიბუცის ყოჩაღი ბიჭები შემოზიდავენ უზარმაზარ და მძიმე ტომრებს.

მოსწავლე

ახალი ამბები მალე მიგვავიწყდება ხოლმე, მაგრამ ეს არ ამომდის თავიდან: გამთენიისას ბიჭი ქალაქის ყველაზე მაღალი კორპუსიდან გადმოხტა. იგი ამ მიზნის განსახორციელებლად სახლიდან მოშორებით, მეორე უბანში წავიდა. ბიჭმა 9 სართულიანი კორპუსი, სავარაუდოდ,  განგებ შეარჩია, რადგან თავად დაბალსართულიან შენობაში  ცხოვრობდა.

„აქ გარანტირებულად იცოდა, რომ მოკვდებოდა“, – აცხადებენ მეზობლები. ასე შეაჯამეს სიუჟეტი. გარანტირებულად იცოდა, რომ მოკვდებოდა.

“ბოლო დროს ყველაფრის მიმართ დაკარგა ინტერესი. თუ მაინც ტაქსის მძღოლი უნდა ვიყო, რა აზრი აქვს სწავლასო“ — იხსნებს მისი მასწავლებელი. ნეტავ ვინმე თუ ეუბნებოდა, რომ ვინც არ უნდა გამოსულიყო, როგორც არ უნდა დახლართულიყო მისი გზა, როგორი ანარეკლებისგანაც არ უნდა შეკოწიწებულიყო მისი პიროვნება, რა ბნელ ჩიხშიც არ უნდა შესულიყო მისი თვითიდენტიფიკაციები, ყველაფრის მიუხედავად ის ძვირფასი და მნიშვნელოვანი არსება იყო, რომელსაც აფასებდნენ, პატივს სცემდნენ, უყვარდათ.

თვითმკვლელობის ერთადერთ, არაოფიციალურ ვერსიად ინტერნეტთამაში „ლურჯი ვეშაპი“ განიხილება… ჰო, ალბათ როგორც ბაგაში მაცხოვარი, მის ბაგეებში იწვა ენა, როცა სულამდე უწია წყალმა და უფსკრული შემოესალტა, მთების ფესვამდე ჩაააღწია, მიწა ჩაერაზა.

გთხოვ უფალო, ერთ დღეს შავი ზღვის სანაპიროზე ყველა ვეშაპმა ამოტყორცნოს ყველა ეს ბიჭი,  გადაყლაპული, წაგებული, გაპარული, გადამხტარი, ჩამომხრჩვალი, მიტოვებული და დაე, მოედონ მთელ საქართველოს და დაფარონ გზები.

დედ-მამა

თემირლანის დედ-მამისთვის რუსთაველზე ბევრჯერ მომიკრავს თვალი და ბევრჯერ თვალიც ამირიდებია. იმ დღესაც რაღაცას ზეიმობდნენ ქუჩაზე. ესენი ფიქრებში წასულები ისე ისხდნენ, როგორც ალბათ საღამოობით ისხდნენ ხოლმე სოფელში, როცა ვერც კი წარმოიდგენ, რომ სპეცრაზმელები მოცოცავენ სოფელში, მდინარეში, სამზარეულოში, საძინებელში. ხმა იყო მეხის გავარდნასავით.

თემირლანის დედ-მამა აბებივით ყლაპავდნენ ცრემლებს, მაშინ როცა აქტივისტები მიტინგებისთვის საქართველოს დალაქავებულ დროშებს შლიდნენ და საყვირებს იმარჯვებდნენ.

თემირლანის დედ-მამა ითმენდნენ ცრემლებს, როცა რუსთაველს კეტავდნენ. როცა შაოსანი დედების პირისპირ შაოსანი სპეცრაზმელები ლაგდებოდნენ და იღებდნენ გადაკეტილ ქუჩას.

თემირლანის დედ-მამა მაშინაც დამალავს ცრემლებს როცა საახალწლოდ მორთავენ ქუჩებს. იტალიაში ნაყიდ, მილიონიან განათებას როცა ჩამოჰკიდებენ და ტყვიით დაწამლული, სანახევროდ მშიერი ბავშვებისთვის გაამზადებენ 25 მეტრიან ნაძვის ხეს. და დაითვლიან: 1,2,3… იმ ნაძვის ხის შორიახლოს იდგება თემირლანის დედა და მამა. თემირლანზე ფიქრებით, იმ 19 წლის ბიჭზე, რომელსაც საძინებელში „ბრმა ტყვია” მოხვდა. იფიქრებენ მის ბავშვობაზე სულ ცოტა ხნის წინ რომ არსებობდა, მათ გვერდით, მათ ფერხთით, მათ თვალწინ, მათ გარშემო, მათ შიგნით და აბებივით ჩაყლაპავენ ცრემლებს, ერთია რომ ეს აბები არ იმოქმედებს.

თემირლანის დედ-მამის კითხვები ჩვენი კითხვებია.