მსოფლიო ლიტერატურის ტოპ 5 ბავშვი პერსონაჟი

ლევან ბერძენიშვილი

დავიწყოთ პირდაპირ:

ელისი

„ელისის საოცრებათა ქვეყანაში“, მოგეხსენებათ,  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საბავშვო წიგნია, რაც კი ოდესმე დაწერილა. მისი ავტორი ინგლისელი მათემატიკოსი, პოეტი, პროზაიკოსი, ჩარლზ ლ. დოდსონია, რომელსაც მსოფლიო ლუის კეროლის ფსევდონიმით იცნობს. წიგნი გამოიცა 1865 წელს.

მასში მოთხრობილი ამბები პატარა გოგონას, ელისს ეხება, რომელიც მოხვდა კურდღლის სოროში და ამის შემდეგ – ყველგან, სადაც მოხვედრა შეიძლებოდა.

ეს არის ანთროპომორფული არსებებით დასახლებული სამყარო. უცნაურია, რომ  ზღაპარი დაწერილია აბსურდის ჟანრში და პოპულარულია ბავშვებში. მასში საინტერესოა  ლინგვისტური, ფილოსოფიური, მათემატიკური ხუმრობები, ალუზიები. ამ ნაწარმოების სტრუქტურამ, აგებულებამ დიდი გავლენა მოახდინა შემდგომში მსოფლიო ლიტერატურაზე, განსაკუთრებით იმ ჟანრზე, რომელსაც ჰქვია ფენტეზი.

ლუის კეროლის ასევე ძალიან  ცნობილი ნაწარმოებია „ალისა სარკეების მიღმა“. რომელიც „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“-ს სიუჟეტური გაგრძელებაა.

რა არის ელისის მთავარი ამბები? „ელისს მოსწყინდა მდინარის ნაპირზე დის გვერდით უსაქმოდ ჯდომა. ერთი-ორჯერ ჩაიხედა წიგნში, რომელსაც მისი და კითხულობდა, მაგრამ იქ არც სურათები იყო და არც ლაპარაკი.

„რისი მაქნისია წიგნი, – გაიფიქრა ელისმა, – რომელსაც არც სურათები აქვს და არც ლაპარაკი?“ იჯდა და ცდილობდა გონებაში აეწონ-დაეწონა, ღირდა თუ არა გვირილებისგან გვირგვინის დაწნით მოგვრილი სიამოვნება იმად, რომ წამომდგარიყო და ყვავილების დაკრეფით შეეწუხებინა თავი. „და სწორედ ამ დროს ვარდისფერთვალება თეთრმა კურდღელმა მას ცხვირწინ ჩაურბინა“.

დედანში ნახსენებია rаbbit, ანუ ბოცვერი, მაგრამ მთარგმნელმა, გია გოკიელმა, რომელის თარგმანიც უბრწყინვალესია, და მასში, სხვათა შორის, პრემია „საბა“ აქვს აღებული,  თარგმნა როგორც კურდღელი, რადგან შესანიშნავად ესმოდა, რომ ქართველები ამ სიტყვას, ბოცვერს, ნაკლებად ვიყენებთ, კურდღელს კი ძალიან კარგად ვიცნობთ. რაკიღა დიდი განსხვავება ამ ცხოველებს შორის არ არის, ამიტომ უფრო პოპულარული ცხოველი ახსენა.

…კურდღელმა ჩაიბუტბუტა – ო, ღმერთო ჩემო როგორ მაგვიანდებაო. საათი ჰქონდა, რა თქმა უნდა, კურდღელს და მასზე დაიხედა. მოგვიანებით, როდესაც ამ ამბავს იხსენებდა, ელისს ეუცნაურა, რატომ არაფერი გაუკვირდა მაშინ. არ გაუკვირდა, რადგან საკვირველებათა მთელი წყება ექნება წინ.

ელისი ხან დიდი გახდება, ხან პატარა, ხან დუიმებში გაიზრდება, ხან შემცირდება, ხან რას დალევს, ხან რას შეჭამს იმისთვის, რომ გაიზარდოს, შემცირდეს, იმოგზაუროს და ამ მოგზაურობაში უამრავ რამეს გადაეყაროს.

თავდაპირველად საშინელ ვარდნას განიცდის, და მიუხედავად იმისა, რომ დიდი სიმაღლიდან დაეცემა, არაფერი დაუშავდება. შემდეგ და შემდეგ უფრო და უფრო უცნაური ამბები ხდება, ამ საქმეში გამოჩნდება ჩეშირელი კატა, მზარეული ქალი, ჰერცოგინია, ასევე სხვა  უამრავი ფიგურა და ყველაფერ ამაში ჩვენი ელისი მიიღებს მონაწილეობას.  ის, საბოლოო ჯამში, დაუბრუნდება რა თავის თავს, ერთ მომენტში კინაღამ დაიხრჩობა საკუთარი ცრემლების ზღვაში. იმიტომ, რომ როცა ძალიან დიდი გოგო იყო, ბევრი ცრემლი დაღვარა და როდესაც ძალიან დაპატარავდა, ამ ცრემლების ზღვაში ჩავარდა. მოკლედ, ავტორი მეტაფორებით, ძალიან უცნაური სახეებით აოგნებს ბავშვებს. იშვიათია წიგნი, რომელიც ამდენს იძლევა პატარა ბავშვისთვის.  იშვიათია ბავშვი პერსონაჟი, რომელიც ასეთი საინტერესოა: მას აქვს საარჩევნო რბოლა, მუხლუხი აძლევს რჩევას, მერე არის გოჭისა და პილპილის ამბავი, ჩაის გიჟურად სმა, მოუხდება კროკეტის თამაში დედოფალთან, იქნება ასთაკვების კადრილი, მერე ვიღაც მოიპარავს კვერებს, მერე სარკისმიღმეთში აღმოჩნდება, სარკის იქით არის სახლი, ცოცხალი ყვავილების ბაღი, სარკის მიღმა არიან მწერები, რანინა და რანუნა, მატყლი და წყალი, ალთა და ბალთა, ელისი დედოფალი გახდება, შეჯანჯღარდება და ბოლოს  გამოიღვიძებებს.

ელისს კატის კნუტი შერჩა ხელში. გამოეღვიძა და იქვე დაისმის ავტორის შესანიშნავი შეკითხვა – ვის დაესიზმრა ეს?

ეს სიზმარია, რომელიც კიდევ საკითხავია, სიზმარია თუ არა, ეს ბრწყინვალე პოეზია, ეს თავდაყირა დაყენებული სამყარო. ელისი, გახლავთ ის პერსონაჟი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ტოპ ხუთეულში თავის ადგილს, ვინაიდან სამყარო შეიძლება ძალიან დიდხანს არსებობდეს, მაგრამ ბავშვები აქ არასოდეს არ გაიზრდებიან ელისის გარეშე. ელისი სამყაროს ერთ-ერთი მთავარი ბავშვია.

ჰაკლბერი ფინი

მეორე კაცი ტოპ ხუთეულში რომ იმსახურებს ადგილს, ჩემი აზრით, არის ჰაკლბერი ფინი, რომელსაც ჩვენთან ჰეკლბერი ფინსაც უწოდებენ. ჰაკი,  შესანიშნავი ამერიკელი მწერლის, მაკ ტვენის ნაწარმოებიდან  – „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“.

ჩვენში კარგად იცნობენ ამ ნაწარმოების წინამავალ წიგნსაც – „ტომ სოიერის თავგადასავალს“. მიუხედევად იმისა, რომ საბჭოთა საქართველოში ტომ სოიერი შეიძლება უფრო პოპულარული იყო, ჰაკლბერი ფინი, როგორც პერსონაჟი, როგორც ბავშვი პერსონაჟი, გაცილებით, ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც მისი მეგობარი ტომი.

პირველ რიგში იმიტომ, რომ ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი ამერიკული ოდისეაა, და ამ ოდისეაში ბავშვის მონაწილეობა განსაკუთრებული რამ არის. საერთოდ, ამ წიგნიდან, როგორც ამტკიცებენ დიდი ამერიკელი მწერლები, ჰემინგუეი და ფოლკნერი, დაიბადა ამერიკული ლიტერატურა. ამერიკული ლიტერატურა ამერიკულად აქცია სწორედ მარკ ტვენმა. რადგან შესაძლოა ცხოვრობდე ამერიკაში, მაგრამ ქმნიდე ევროპულ ლიტერატურას.

ამერიკულ ლიტერატურას ორი მთავარი ნიშანი აქვს – ერთი, რომ იგი ძალიან სერიოზულადაა აქცენტირებული ბავშვებსა და მათ ჩამოყალიბებაზე და მასში აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი დიდი ქვეყანა ამერიკა.

ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს დიდი ქვეყანა ამერიკა და დიდი მდინარე მისისიპი, რომელზეც ჰაკლბერი ფინი მეგობრებთან ერთად მოგზაურობს.

ჰაკლბერი ფინი არის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი „ტომ სოიერის თავგადასავალში“, რა თქმა უნდა „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალში“, კიდევ ერთ რომანში, რომლსაც ჰქვია – „ტომ სოიერი – გამომძიებელი“ და „ტომ სოიერი უცხოეთში“.  არსებობს კიდევ ერთი დაუსრულებელი მოთხრობა, „ტომ სოიერის შეთქმულება“. იგი ერთ-ერთი ვარიანტია დაუსრულებელი მოთხრობისა – „საიდუმლო უცნობი“.

„ტომ სოიერის თავგადასავლის“ გარდა, ყველა ნაწარმოებში თხრობა ჰაკის პირით მიმდინარეობს, ის წარმოუდგენლად ძლიერი პერსონაჟია. როგორც ვიცით,  ჰაკლბერი ფინს  თავისი პროტოტიპი ჰყავდა – ტვენის ბავშვობის მეგობარი, ტომ ბლანკენშიპი. ავტორი აღიარებდა. რომ ჰაკი სწორედ ისეთია, როგორიც ტომ ბლენკენშიპი: აღუზრდელი, პირდაუბანელი, მუდმივად მშიერი, ამავე დროს ძალიან კეთილი გულით. ის სარგებლობდა წარმოუდგენელი, აბსოლუტურად შეუზღუდავი  თავისუფლებით. ერთადერთი დამოუკიდებელი ადამიანი იყო ჩემს ქალაქში და მისი ყველას შურდაო – აი, ასეთი კაცი იყო ჰაკლბერი ფინის პროტოტიპი.

ჰაკი არის უსახლკარო ლოთის ვაჟი. უპატრონო და მიგდებული. მან თვითონ იპოვა შაქრის დიდი კასრი და მასში ეძინა.  ეწევა ყალიონს, არ დადის სკოლაში, მუდმივად უსაქმურობს, მაგრამ ეს არის ცხოვრება, რომელიც  მოსწონს. ბავშვებს არ აქვთ უფლება, რომ ჰაკლბერი ფინთან იმეგობრონ და როდესაც ტომ სოიერი  დაარღვევს ამ წესს, ეს იქნება ძალიან სერიოზული ნაბიჯი მის ცხოვრებაში.

ამის შემდეგ ტომი და ჰაკი ძალიან ბევრ რამეს გააკეთებენ ერთად: ერთად აღმოაჩენენ საგანძურს, რის შემდეგაც მათი ცხოვრება შეიცვლება; ჰაკი გახდება ქვრივი ქალის, დუგლასის აღსაზრდელი, მაგრამ მისი აღზრდა აღმოჩნდება შეუძლებელი. ის გაიქცევა ზანგ ჯიმთან ერთად ტივით, და მათი ამოცანაა სადმე ისეთ ადგილზე აღმოჩნდნენ, სადაც ჯიმი მონობას დააღწევს თავს და გადარჩება. ტივზე უამრავი რამ მოხდება. მათ შეხვდებიან აფერისტები, მათ შორის მეფე, ჰერცოგი და ა.შ. ეს არის უაღრესად საინტერესო ნაწარმოები, უაღრესად საინტერესო სახე მსოფლიო ლიტერატურაში.

ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი არის თავისუფლების სიმღერა, თავისუფლების დღესასწაული.

ოლივერ ტვისტი

კიდევ ერთი კაცი ჩვენი ხუთეულიდან  – მსოფლიო ლიტერატურის ტოპ 5 ბავშვი – არის ოლივერ ტვისტი, დიკენსის შესანიშნავი რომანიდან – „ოლივერ ტვისტის თავგადასავალი“. ესაა ჩარლზ დიკენსის მეორე რომანი და პირველი ინგლისურ ლიტერატურაში, რომლის მთავარი გმირიც ბავშვია.

ამ ნაწარმოების სიუჟეტი ასეთია: ოლივერ ტვისტის დედა მშობიარობის დროს გარდაიცვლება. ოლივერი გაიზარდება ობოლი ბავშვების თავშესაფარში, რომელსაც ხელმძღვანელობს ადგილობრივი მრევლი, და რომლის შესაძლებლობები ძალიან მწირია, სადაც ბავშვები ძირითადად შიმშილობენ.

სიჯიუტისა და დაუმორჩილებლობის გამო ოლივერს გზავნიან მეკუბოვის კანტორაში, სადაც ბავშვი საშინელ ვითარებაში აღმოჩნდება, ვინაიდან უფროსი, ვინც სამუშაოს ხელმძღვანელობს, მუდმივად ამცირებს. ოლივერი იჩხუბებს მასთან და გაიქცევა ლონდონში, სადაც აღმოჩნდება პატარა ბავშვების ბანდაში. ბანდას ხელმძღვანელობს ებრაელი კაცი, რის გამოც დიკენსს ხანდახან ანტისემიტიზმში სდებენ ბრალს – იგი არ არის მაინცდამაინც კეთილგანწყობილი ამ პერსონაჟის მიმართ. ამ კაცს, ფეიგინს, ჰყავს პატარა ბავშვების მთელი არმია, ასწავლის მათ ქურდობას და სხვა უბედურებებს. მათთან ხშირად მოდის ცივსისხლიანი მკვლელი ბილ საიქსი. მას ჰყავს ახალგაზრდა  საყვარელი ნენსი.

როგორც კი ერთხელ ეს შემადგენლობა ჩავარდება, ოლივერი აღმოჩნდება კეთილი ჯენტლმენის, ვინმე ბრაუნლოუს ხელში, რომელსაც ნელ-ნელა უძლიერდება ეჭვი, რომ ოლივერი, შესაძლოა, მისი მეგობრის შვილი იყოს.

საიქსი და ნენსი მოიპარავენ ოლივერს და დანაშაულებრივ სამყაროში აბრუნებენ.

მომდევნო დანაშაულის შემდეგ იგი აღმოჩნდება მის როზ მეილის ოჯახში, ხოლო წიგნის ბოლოს ვიგებთ, რომ როუზ მეილი უბრალო ვინმე კი არა, არამედ, მისი დეიდა ყოფილა.

მასთან მიდის ნენსი იმის შესატყობინებლად, რომ მუნგსი და ფეიგინი აპირებენ ოლივერის მოკვლას, და ამის გამო  როზი მისტერ ბრეინლოუსთან წავა, რათა დახმარება ითხოვოს. ის, რა თქმა უნდა, დაეხმარება, მაგრამ საქმე ძალიან ცუდად წავა ნენსისთვის. საიქსი მას მოკლავს. ძალიან ბევრი რამ გადახდება თავს საწყალ პატარა ბავშვს, სანამ ფეიგინი ჩამოსახრჩობთა სიაში არ აღმოჩნდება; ხოლო ოლივერი ცხოვრობს მისი მხსნელის, მისტერ ბრაინლოუს ოჯახში.

ოლივერ ტვისტი დიკენსის შესანიშნავი სოციალური რომანია. ამავე დროს, ეს არის რომანი, რომელშიც  ნაჩვენებია, რა არ შეიძლება ბავშვებთან. დიკენსი მთელი ცხოვრება იბრძოდა საბავშვო შრომის წინააღმდეგ. ინგლისში არ იყო აკრძალული ბავშვთა შრომა. აქ თავად დიკენსის ბიოგრაფიის ელემენტებია – მისი ოჯახი ადრე შეძლებული იყო, მაგრამ დიკენსის მამა აღმოჩნდა, ე.წ. სავალე ციხეში და დიკენსს ვაქსის, ფეხსაცმლის საპოხის, ქარხანაში მოუწია მუშაობა.  იგი ხედავდა ბიჭებს, რომლებიც უყურებდნენ მას გარედან, როცა ის შრომობდა, ისინი კი თავისუფალნი იყვნენ, იქიდან ეკრიჭებოდნენ. მან საბოლოოდ დაიმახსოვრა, რომ ასეთი რამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

ოლივერ ტვისტი, რა თქმა უნდა, სამუდამოდ დარჩა მსოფლიო ლიტერატურაში, როგორც ერთ-ერთი მთავარი  ბავშვი პერსონაჟი.

გავროში

გავროში გახლავთ ვიქტორ ჰიუგოს გენიალური ნაწარმოების, „საბრალონის“, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. მეომარი ბავშვი, რომელმაც საფრანგეთის 30-იანი წლების რევოლუციაში მიიღო მონაწილეობა, ის არის უკვდავი სახე პატარა ბავშვისა.

იგი გამოჩნდება ამ ნაწარმოების მესამე წიგნის მეცამეტე თავში. სათაურად – პატარა გავროში. ფრანგები ასეთ უპატრონო ბავშვებს, რომლებიც ქუჩა-ქუჩა დადიან, გამენებს ეძახიან. ახლა კი ასეთ ბავშვებს გავროშებს ვეძახით სწორედ ამ პერსონაჟის სახელის გამო.

ტამპლის ბულვარზე, შატლეს ახლოს 11-12 წლის პატარა ბიჭს ხედავდნენ ხოლმე, რომელიც უნაკლოდ განასახირებდა გამენის იდეალს. ვაჟკაცის შარვალი ეცვა, მაგრამ მამისეული როდი იყო. ქალის ზედატანი ეცვა ხალათის ნაცვლად, არც ეს ჰქონდა დედისგან მიღებული. ალბათ შეეცოდა ვინმეს საწყალი ბავშვი, – ამბობს მწერალი – და სამადლოდ შემოსეს, რითიც შეეძლოთ. პატარას კი მამაც ჰყავდა, დედაც. მამას სულ არ აგონდებოდა თავისი შვილი, დედას უბრალოდ არ უყვარდა, ის იყო საბრალო არსება, რომელსაც დედ-მამა ჰყავდა, მაგრამ მაინც ობოლი იყო.

გავროში არსად არ გრძნობდა ისე თავს კარგად, როგორც ქუჩაში. ქუჩის ქვაფენილი უფრო რბილად ეჩვენებოდა, ვიდრე საკუთარი დედის გული. მშობლებმა პანღური ჰკრეს და ისე ქუჩაში გამოაგდეს – წადი და იცხოვრეო.

ეს გახლავთ ცოცხალი ბიჭი, ძალიან საინტერესო პერსონაჟი. ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთი სიამაყე. ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, 1832 წლის ივლისის რევოლუციური აჯანყების ერთ-ერთი მონაწილე. რომელიც ამ რომანის მეოთხე და მეხუთე ნაწილებში სერიოზულ როლს შეასრულებს.

გავროში შეიძლება იყოს 11, 12 ან 13 წლის, მუსიე და მადამ ტენარდიების შვილი. ეს ორი გარეწარი ამ რომანის ორი ანტიგმირია. ბავშვს ჰყავს ორი და და ორი პატარა ძმა. ძმები დედამ უბრალოდ გაყიდა, მაგრამ გავროში მათ პოულობს და უვლის. ძალიან ხშირად მათ ასეც გამოხატავენ – ლავალეტაში არის ქანდაკება გავროშისა, რომელსაც ორი პატარა ძმა ხელჩაკიდებული მოჰყავს, ნანახი მაქვს ეს ქანდაკება.

ტერნადიებმა გაასხვისეს ეს ბავშვი. მისცეს ქალს, სახელად მანიონს.

გავროში ბასტილიის მოედანზე სპილოს გამოსახულებაში ცხოვრობს, რომელიც არ იყო დასრულებული, კარკასი იყო. აქ იპოვა თავშესაფარი, აქ იცხოვრა დიდი ხნის განმავლობაში, სანამ არ დადგა დრო, როდესაც აჯანყება დაიწყო,  მოხდა დიდი აფეთქება. აქ პირველად გამოჩნდება სამფეროვანი ფრანგული დროშა, როგორც სიმბოლო თავისუფლებისა.

დიდმა ნობელიატმა თანამედროვე მწერალმა, მარიო ვარგას ლიოსამ გავროშს უწოდა ერთ-ერთი ყველაზე ნაზი და მნიშვნელოვანი პერსონაჟი მსოფლიო ლიტერატურაში, რომელმაც მოიტანა სიმართლისა და იმედის რწმენა ამ განწირულ რომანში.

ჰარი პოტერი

და ტოპ ხუთეულში მე შევიყვანე ჰარი პოტერი, ლიტერატურული პერსონაჟი ჰარი ჯეიმს პოტერი, რომელიც, მოგეხსენებათ, ჯოან როულინგის მიერ დაწერილი რომანების მთელი სერიის მთავარი პერსონაჟია.

ესაა პატარა ჯადოქარი, რომელიც სწავლობდა სპეციალურ სკოლაში, ჰოგვორსტში, სადაც მას ჰყავდა შესანიშნავი დირექტორი ალბუს დამბლდორის სახით, უამრავი სხვა ბრწყინვალე მასწავლებელი.

რომანი, მოგეხსენებათ, აღწერს მაგიურ სამყაროს, რომელშიც ჰარი პოტერი დიდი იმედის ბავშვია. რადგან ის ერთადერთია, ვინც შეიძლება დაამარცხოს ის, ვისი სახელის ხსენებაც არ შეიძლება – ვოლან-დე-მორტი, ძალიან საშიში არსება, ბნელი მაგიის უბოროტესი წარმომადგენელი, რომელმაც, ყველაფერთან ერთად,  თავის დროზე ჰარის მშობლები, ლილი და ჯეიმს პოტერები შეიწირა.

მისი მშობლები იყვნენ ანიმაგი ჯეიმს პოტერი და მაგლად (ჩვეულებრივ ადამიანად) დაბადებული ჯადოქარი ლილი პოტერი.

ჰარი ჯადოქარია. იცის გველების ენა. კვიდიჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა ჰოგვოსტში, ამ შესანიშნავ თამაშში დამჭერია. ეს ტალანტი მას, როგორც ჩანს, მამისგან გამოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ გამანაწილებელმა ქუდმა იგი კინაღამ სლიზელინში გაანაწილა, იგი მაინც მოხვდა ფაკულტეტ გრიფინდორში, მისი პატრონუსი, ანუ მფარველი არის ირემი.

ჰარი პოტერი არის გამხდარი, არ არის მაღალი, განსაკუთრებული ნიშნები: ატარებს მრგვალ სათვალეს, აქვს ჭრილობა შუბლზე, ნაწიბური, რომელსაც ელვის ფორმა აქვს. თვალები აქვს ღია მწვანე, ნუშის ფორმისა, ზუსტად ისეთი, როგორიც ჰქონდა მის დედას, ლილი პოტერს.

მას აქვს მაგიური დაცვის  უნარი. იგი აღმოჩნდება ერთადერთი, რომელიც მაგიის სფეროში ყველაზე უფრი დიდი დამნაშავის, მაგიის მორიარტის, თუ სხვა მწერლის სიტყვებს ვიხმართ – ვოლან-დე-მორტს დაამარცხებს. ჰარი პოტერი არის ბავშვების უსაყვარლესი პერსონაჟი და იგი, რა თქმა უნდა, იმსახურებდა ჩვენს ხუთეულში ადგილს.

P.S. შეიძლება ვინმემ გაიკვირვოს, რომ ტოპ ხუთეულში ვერ მოხვდა გენიალური ბავშვი – პატარა პრინცი, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ სენტ-ეგზიუპერისეული ეს გასაოცარი და ტრაგიკული პერსონაჟი, მე, უბრალოდ, ბავშვად არ მიმაჩნია.

დააკლიკეთ, მოიწონეთ და გააზიარეთ გამოცემა პუბლიკას ფეისბუქგვერდი