სიის გაკეთება გადავწყვიტე, უფრო კი – მსგავსი სიების პაროდიისა, რადგან სიმართლე ითქვას, რა გვესიება. აქამდე რა იზოლაციაში არ ვიყავით? ერთმანეთისგანაც და საკუთარი თავიდანაც გათიშულები, უსაფრთხოდ, კომფორტულად, მანქანებსა და სახლებში გამოკეტილებს რა გვაკავშირებდა იმათთან, ვისაც უჭირდა და იხოცებოდა. ახლა კი ჩვენი შიში გაფუვდა, რადგან ვირუსი ოხერია. თან ვიცით, რა დღეშია ჩვენი ჯადაცვის სისტემა, ჩვენი საავადმყოფოები, სადაც ჩვეულებრივ დროსაც კი განწირულად გრძნობ თავს და ამ პირობებში ხომ… რა ვქნათ? იქით ვირუსი, აქეთ ჩვენი დაქცეული ეკონომიკა და სოციალური უფსკრულის ფართოდ დაფჩენილი პირი. მგონია, რომ ის, რაც ახლა ხდება ჩვენს თავს, დოკუმენტურ თხრობას არ ექვემდებარება და მხოლოდ პოეზიას შეუძლია მისი გამოხატვა. ასე რომ მეხუთე ადგილზეა:
5) „მოახლოვებული ჟამი“, უილიამ კარლოს უილიამსი. ეს ამერიკელი პოეტი პროფესიით პედიატრი იყო და მის გამოჩენამდე არავინ იცოდა, რომ შეიძლება, ლექსი ქლიავის შესანსვლაზე დაწერო და მკითხველს ეგონოს, რომ ეს-ესაა, ცხოვრების აზრი მოიხელთა:
„კომუნისტებო და რესპუბლიკელებო!
გერმანელებო და ფრანგებო!
გვამებო და აღდგენილებო!
ვარსკვლავები დნებიან
და ცრემლებში ხტებიან.მოემზადეთ! მოემზადეთ!
პაპისტებო და პროტესტანტებო!
ბოზებო და ვირტუოზებო!
მთვარე პური გახდება,
და კალათში ჩაწვება.მეგობრებო და მოძულეებო!
მრევლო და თქვენ, ვისაც არაფრისა გწამთ!
მოემზადეთ გაღვიძებისთვის.
4) „დათო ბარბაქაძის გახსენება პანდემიისას“, ალექსანდრა აროშვილი. დათო ბარბაქაძე მეც ხშირად მახსენდება, რადგან მას ჩემს მასწავლებლად მივიჩნევ. გამიხარდა, რომ სანდრასაც გაახსენდა. მეგობარმა გამომიგზავნა მისი ეს ლექსი. მე თვითონ კი სანდრა გამახსენდა, ათიოდე წლის წინ, როცა გავიცანი, მაშინ მეც ვწერდი საზარელ ლექსებს. სანდრას კი ეხურა წითელი ბერეტი და ყოველთვის ყველაზე სევდიანი და სერიოზული იყო.
„სამყარო – დავიწროებული ვირუსად
აფეთქებული ახალ სამყაროდ შეკუმშული
ადამიანებად გაფართოვებადი
გაფართოებული თვალების გაოცებაში მომწყვდევად
მიკრო და მაკრო შრეებად აფეთქებებად
გაფართოვებადი სიყვარულად და დავიწროვებადი
სიძულვილად
შევიწროებული მარტოობად და მოწყენილობად
გაფართოვებული ვენებად და გუგებად, მსხვრევადი
გადამტან ცხოველებად გადატანადი ინფექციების
გადატანილი ისტორიების
გახსენების ფრაგმენტულობით შეკუმშვად
ბაქტერიებად დაშლადი და ტრანსფორმირებადი
მოლეკულურად დანახვადი სურათების ალბომად,
როგორც არასდროს, როგორც ერთხელ, არნახულად როგორც ყოველთვის
დავიწროვებული სიკვდილად და სიკვდილის შიშად
შეხების შიშის შეგრძნებად გარდაქმნილი
გარდაქმნადი სუნთქვის
შესუნთქვის და გამოსუნთქვის შიშად დაზაფრული
გაქცევის და დარჩენის სურვილად მუტირებულ
მიკროორგანიზმებად და მაკროორგანიზმებად დაქსელილი
ბუნებად და ტექნოლოგიად დახარისხებად, რელიგიად
მოხელთებადი მეცნიერებად და სახელმწიფოდ
გამიჯნული
დისტანცირებულ ექთნებად, მსხვრევადი
სტერილურად შავი, წერტილებად აფეთქებულ კოსმოსად თეთრი
გველაპარაკება ულტიმატუმითვის? ჩვენ
ვის – ჩვენში?
რატომ რა დროს
ვინად ვისთვის
რისთვის – რად?“
3) „ჩემი მაგიდის წიგნი“, შოთა ჩანტლაძე. აი, რა ხდება, როცა ქართულ ლიტერატურაში, არის ორი შოთა, ორივე პოეტი და ორივე… შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ქართული პოეზია შოთა რუსთაველით იწყება, თანამედროვე ქართული პოეზია კი – შოთა ჩანტლაძით. მისი ეს ლექსი კი ქალაქის წაკითხვაზე, ახლა ძალიან წაგვადგება და ვინ იცის, როგორ გადავიკითხავთ 2020 წლის უკაცრიელ გაზაფხულს, დაცარიელებულ ქუჩებს, დაშვებულ ჟალუზებს, ბინებს შორის გაბმულ კოჭის ძაფებს და შორიშორ სიარულს.
„ქალაქი ჩემთვის წიგნია —
სქელტანიანი, ეპოქალური და მოსაწყენი.
ეს წიგნი დასტამბულია მაღალხარისხოვან ასფალტზე;
პროსპექტი — ერთი ნაწილია ამ წიგნის, —
ეს წიგნი შედგება სამი ნაწილისაგან.
ქუჩა — თავია ამ წიგნის, —
ეს წიგნი შედგება მრავალი თავისაგან,
შესახვევი — ქვეთავია ამ წიგნის, —
ეს წიგნი შედგება უამრავი ქვეთავისაგან.
ჩიხი — ეპიგრაფია ამ წიგნის, —
ეს წიგნი შედგება მრავალი ეპიგრაფისგან.
მოედნები — ცარიელი ადგილებია ამ წიგნის,
ბაღები — ამ წიგნის თავების მხატვრობაა,
მიწა და ზეცა — ყდებია ამ წიგნის.
ეს წიგნი შედგება დაახლოებით 700000 სტრიქონებისაგან,
ეს სტრიქონები არ არიან ერთმანეთთან გარითმულნი,
მაგრამ მკაცრი აუცილებლობით არიან დაკავშირებულნი
ერთმანეთთან.
ამ წიგნის უხილავი ავტორი ყოველდღე შლის სტრიქონებს,
მთელ თავებს, ქვეთავებს,
ეპიგრაფებს და წერს ახალს.
იგი წერს ძალიან ძნელად და ნერვების მომშლელად.
ადამიანები — სტრიქონებია ამ წიგნის.
მახსოვს, დავდიოდი ამ ქალაქში პატარა ბავშვი
და ვკითხულობდი თვალებით ქალაქს,
და დავატარებდი ფეხებს ამ ქალაქში
ნელა და შეჩერებით,
როგორც,,დედაენის“ სტრიქონებზე ნელა და შეჩერებით
დავატარებდი თითებს.მე ღმერთმა მომისაჯა ამ წიგნის ყოველდღე კითხვა;
ეს წიგნი მე ახლა ზეპირად ვიცი
და მაინც ვიწყებ თავიდან მის კითხვას,
ზერელედ დავატარებ თვალებს ქალაქში;
მე ახლა არ მჭირდება მის წასაკითხად
ფეხების ტარება, როგორც თითების,
მე შემიძლია, ვიჯდე სახლში და ეს წიგნი წარმოვთქვა
ზეპირად;
მე ასეც ვიქცევი ზოგჯერ გუნებაში.იცით რა წერია ამ წიგნში?!
ეს წიგნი იწყება იმით,
რომ გათენდა მოსაწყენი დილა და დაიწყო ცხოვრება,
ეს წიგნი მთავრდება იმით,
რომ გაიარა მოსაწყენმა დღემ
და დადგა მოსაწყენი ღამე.ბოლოს ავტორი გვაძლევს მამაშვილურ დარიგებას,
წავიდეთ სახლში და დავიძინოთ,
რათა აღვიდგინოთ ენერგია,
რადგან ხვალ ხელახლა მოგვიხდება ამ წიგნის კითხვა.ვინ დაწერა ეს დამტანჯავი წიგნი?
ვინ არის ამ წიგნის იდუმალი ავტორი?
ვინც უნდა იყოს, ეს სულ ერთია,
მე ვიცი, რომ იგი იტანჯება თავად,
იგი დატანებულია ამ წიგნის ყოველ სტრიქონში,
მისი გული ტანჯვით ფეთქს,
ამ გულის ფეთქვა სუნთქვაა ამ სტრიქონების,
ამ სუნთქვას ჰქვია ამ ქალაქის ცხოვრება.
მე ღმერთმა მომისაჯა ამ წიგნის ყოველდღე კითხვა.
ეს წიგნი ჩემი მაგიდის წიგნია.“
2)„კვესტო“, ტომი ჩიღვინაძე. ეს ავტორი ჯერ ორი წლის არის და ჩემი შვილია. ჰოდა, კვესტო, კვესტო, ბელოსტაო… იძახის. მეთქი, შვილო, რა კვესტო, კვესტო? და ძალიან ამაყად გამომიცხადა, მე დავწერეო. ეს ლექსი ამ სიაში კი მეორე ადგილზეა, მაგრამ ჩემთვის უპირველესი და უმთავრესია მთელ მსოფლიო პოეზიაში.
„კვესტო,
კვესტო,
ბელოსტა,კვესტო,
კვესტო,
კუკუკა.“
1)ბორხესი წერდა, ლექსს ახსოვს, რომ ოდესღაც სიმღერა იყოო. ეს მახსოვრობაა მთელი სვანური პოეზიაც, ძირითადად, ურითმო ლექსები, სადაც გიყვებიან მითებს და საგმირო ამბებს და უცბად პირის ცვალებასთან ერთად, ვერ ხვდები, როგორ ებმები ფერხულში.
პირველ ადგილზე სვანური ლექსია. მე იშვიათად შემხვედრია მსოფლიო ლიტერატურაში ტექსტი, სადაც სიცოცხლის ასეთი წყურვილია, სადაც ასეთ მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ სიკვდილს და მგონია, რომ ეს ენერგია გვჭირდება ახლა, იმისათვის რომ ჯერ ამ ოხერ ვირუსს დავაღწიოთ თავი და მერე იმ გაჭირვებას, რასაც ეს პერიოდი მხოლოდ გაამძაფრებს. და დავაღწევთ კიდეც.
„ეგონა არ მოკვდებოდა.
თავი უკვდავი ეგონა.
ასი ტყვია მკერდში მოხვდა,
თხილის კაკალი ეგონა.
სისხლის ღვარი, ოი, გდიოდა,
სასიკეთო ოფლი გეგონა.
ფიცარზე რომ დაგაწვინეს,
შენი საწოლი გეგონა.
კუბოში რომ ჩაგაწვინეს,
შენი ოთახი გეგონა.
კუბოს ფიცარი დაგხურეს,
შენი საბანი გეგონა.
დასამარხად რომ მიჰყავდით,
ზარის რეკა რომ დაიწყეს,
აღდგომის წირვა გეგონა.
საფლავში რომ ჩაგასვენეს,
შენი მაჩუბი გეგონა.
ზევით მიწას რომ გაყრიდნენ
შენ ნელი წვიმა გეგონა.
ჭიანჭველა და ჭია-ღუა გეხვია,
შენი ცოლ-შვილი გეგონა.
გველი ყელზე გეხვია,
ცოლის მკლავები გეგონა.
საკურთხის სუფრა მოგიმზადეს,
შვილის ქორწილი გეგონა.“