„აბა ომი გინდა?“ vs „აბა რუსეთი გინდა?“ – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში

პუბლიკა

ავტორი: ნინო შარაშიძე

2024 წელი საქართველოსთვის მრავალმხრივი მოვლენებით იყო დატვირთული: პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში და ღირსეულადაც ვიასპარეზეთ. პირველად ჩავატარეთ ელექტრონული არჩევნები და, ამავდროულად, პირველად გვყავს მთავრობა, რომელსაც დასავლეთი არ აღიარებს, დასანქცირებული წევრებით და მათივე არჩეული უდიპლომო პრეზიდენტით. პირველად ვნახეთ ‘შტანგისტი’ პარლამენტში და ბოკვერი პორშეში.

კიდევ, რაღაც კანონები ვნახეთ პირველად, ზოგიც მეორედ. რაც ყველაზე მთავარია, კასპში ერთსქესიანთა ქორწინება ‘ავკრძალეთ’ (იხ.კასპის მერის მიმართვა). GWP, ანუ Georgian Water and Power და არა Global War Party, ესპანეთსა და იტალიაში ‘გავგზავნეთ’ მათი წყალმომარაგების პრობლემების მოსაგვარებლად (იხ.გორის მერის მიმართვა). პირველად გავიგეთ ტერმინები ‘გლობალური ომის პარტია’ და ‘Deep State’, თუმცა მნიშვნელობა ვერ გავიგეთ, ხან ‘მასონები’ იყო, ხან ივანიშვილმა ‘მე მოვიგონეო’. მოკლედ, დაგვტოვეს თარგმანში დაკარგულები. მარიამ ლაშხის ბოლო პოსტი ბაიდენის მისამართით იყო ‘საკონტროლო გასროლა.’ მაგრამ მოდით, ამ მეტად მნიშვნელოვანი თემებიდან 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გამოვყოთ.

პირველი ელექტრონული არჩევნები – ივანიშვილის ტრიუკი

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში პირველად ჩატარდა არჩევნები ელექტრონული წესით საარჩევნო უბნების 90%-ზე. მთავრობის ერთადერთი არგუმენტი ის იყო, რომ შედეგებს უფრო სწრაფად გავიგებდით. საინტერესოა, რომ მიუხედავად საერთაშორისო გამოცდილებისა და აკადემიური კვლევებისა, რომლებიც ხაზს უსვამენ ელექტრონული არჩევნების შესაძლო მანიპულაციებსა და ნაკლებ გამჭვირვალობას, საქართველოში აღნიშნული რისკები განხილვის საგანი არ გამხდარა. მეტიც, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა მხოლოდ დადებით კონტექსტში საუბრობდა. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ელექტრონული სისტემა ტრადიციულზე მეტად რისკიანი არ არის, რასაც იზიარებდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამიაც, რომელიც დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდა ცესკოს იმიტირებულ არჩევნებში და საზოგადოებას ელექტრონული არჩევნების სანდოობაში არწმუნებდა.

საქართველოში გამოყენებული ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა პირველად ვენესუელაში დაინერგა ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, სადაც სმარტმატიკის აპარატებს იყენებენ. იგივე კომპანიასთან ითანამშრომლა საქართველოს მთავრობამაც. თუმცა, ვენესუელაშიც კი, სადაც ეს სისტემა პირველად დაინერგა, არჩევნების პირველი რამდენიმე ციკლი დამოუკიდებელი ტექნოლოგიური კომპანიის მიერ ტარდებოდა და არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, როგორც ეს საქართველოში მოხდა.

ამ ყველაფერმა არაერთი კითხვა გააჩინა:

  • რატომ გადაწყვიტა ცესკომ ამ სისტემის დასანერგად ასეთ მასშტაბურ ინვესტიციაზე წასვლა?
  • რატომ არ გაამახვილეს ყურადღება რისკებზე არც მედიამ და არც ექსპერტებმა?
  • რატომ უგულებელყვეს საერთაშორისო გამოცდილება, რომლის მიხედვითაც ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ უარი თქვა მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებაზე?

ნოდარ მელაძის გუნდის ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ელექტრონული ხმის მიცემის უბნების სიახლოვეს მმართველი გუნდის კონსპირაციული ქოლ-ცენტრები ფუნქციონირებდა, რაც ცალსახად კითხვებს აჩენს აპარატებზე მანიპულაციების მიმართულებით. ამ კითხვებს ამძაფრებს ისიც, რომ აპარატები გაუხსნელი და დალუქული დარჩა.

რა მიზანს ემსახურებოდა არჩევნების ელექტრონული ფორმით ჩატარება?

პარტია „ქართულ ოცნებას“ ყოველი მორიგი არჩევნების მოგება ძალიან უჭირდა, რაც წინა არჩევნების შედეგებითაც დასტურდება. ტრადიციული სისტემით მასშტაბური გაყალბება ზედმეტად თვალსაჩინო იქნებოდა. ამიტომ ელექტრონულმა სისტემამ გაყალბების ‘უხილავი’ ფორმატით მეტი სანდოობა შესძინა პროცესს. შედეგად, ოპოზიციურ პარტიებსა და დამკვირვებლებს გაყალბების მასშტაბურობის დამტკიცება გაუჭირდათ, რადგან მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები საზოგადოებისთვის, რომელსაც ისედაც ყოველთვის ჰქონდა ეჭვი არჩევნების სანდოობის მიმართ, საკმარისი არ იყო. ეს დაეტყო საპროტესტო მუხტსაც, რომელიც ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებამდე სულ უფრო კლებულობდა.

არჩევნები, როგორც არჩევანირა არ გვინდა

2024 წლის არჩევნები ორ მარტივ გზავნილზე იყო აგებული:

  • „აბა ომი გინდა?“ – „ქართული ოცნების” კამპანია, რომ თითქოს ოპოზიცია და დასავლეთი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართავენ.
  • „აბა რუსეთი გინდა?“ – ოპოზიციის მოწოდება, რომ „ოცნების“ არჩევა რუსეთის არჩევას ნიშნავდა. ისინი თავიანთ ამომრჩევლებს მოუწოდებდნენ გაეფერადებინათ ნებისმიერი პრო-დასავლური ოპოზიცია, რაშიც მათი მოწოდებით სამი ოპოზიციური გაერთიანება და პარტია „საქართველოსთვის“ იგულისხმებოდა.

არჩევანი პროგრამებსა და დაპირებებზე აღარ იყო. ხალხს უნდა გადაეწყვიტა, რომელი საფრთხე უფრო რეალური ჩანდა: ომი თუ რუსული გავლენა.

„ქართულმა ოცნებამ,“ შეუსრულებელი დაპირებების, ღრმა სიღარიბისა და უპრეცედენტოდ გაზრდილი ემიგრაციის მიუხედავად, ორი სხვადასხვა ეგზიტპოლის შედეგებით, ხმების 41-42% მიიღო. პროდასავლურმა ოპოზიციამ კი 48-52%, რაც კიდევ უფრო უცნაურად ჩანს იმ კვლევების ფონზე, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოსახლეობის 80% საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. ერთი მხრივ, ეს გვაჩვენებს, რომ ზოგიერთ ამომრჩეველში პოტენციური ომის შიშმა იმუშავა, ზოგის შემთხვევაში კი “ოცნება” მაინცდამაინც პრორუსულ პარტიად არ აღიქმებოდა, ამავდროულად კი გვაჩვენებს იმასაც, რომ დისკრედიტირებულ ოპოზიციას პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა გაუჭირდა, რის გამოც თავად ოპოზიციის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ხმას არა ოპოზიციას, არამედ ‘არა რუსეთს’ აძლევდა.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

დღეს ქვეყანა ჩიხშია. ერთადერთი გამოსავალი ხელახალი, თავისუფალი და მიუკერძოებელი არჩევნებია. თუმცა ეს საკმარისი არ არის, რომ იგივე წრეზე არ დავბრუნდეთ. საჭიროა პოლიტიკურ დღის წესრიგში ახალი ინიციატივების შეტანა, რომლებიც ხალხის ნდობას აღადგენს და მათ ბრძოლას ახალ მოტივაციას შესძენს.

ტექნიკური მთავრობის იდეა, რომელიც არჩევნებამდე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა და რომელიც გულისხმობს მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებას უპარტიო, პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი პროფესიონალებით, შესაძლოა გამოსავალი იყოს, როგორც ეს არაერთხელ გვინახავს ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვანი კრიზისების დროს. ასეთი მთავრობა არა მხოლოდ შეამცირებს დაპირისპირებას პარტიებს შორის, არამედ პოლიტიკურ პროცესს მეტ სანდოობას შესძენს. ტექნიკური მთავრობა ხელს შეუწყობს სწრაფი და აუცილებელი რეფორმების განხორციელებას, რაც ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის წინაპირობა იქნება.

ამავდროულად, პარტიებს მეტი დრო ექნებათ საკუთარი პროგრამების დახვეწისა და სამომავლო გეგმების შემუშავებისთვის, რაც პარტიულ პოლიტიკას მხოლოდ გააჯანსაღებს. შედეგად, დამყარდება სამართლიანი და პროგრესული პოლიტიკური სისტემა, რომელიც ამომრჩეველს მუდმივი პოლარიზაციის ველიდან გამოიყვანს და რეალურ არჩევანს შესთავაზებს.

  • თვალსაზრისის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის, შესაძლოა, არ გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.