კარლო კაჭარავას ლექსი, აღდგომა დასავლეთ საქართველოში, ერთი შეხედვით ქართული სოფლის ცხოვრების მელანქოლიურ სურათს აღწერს, სადაც ერთდროულად არსებობს სიცოცხლე და სიკვდილი, წარსული და აწმყო, რელიგიური დღესასწაული და ყოველდღიური ცხოვრება. ერთი შეხედვით, ყველაფერი განმეორებად ყოველდღიურობაზე მიანიშნებს (“როგორც ყოველთვის, დედა უკვე მუშაობს სამზარეულოში“), მაგრამ ყოველდღიურ გარემოში, რომელიც კონტრასტებითაა სავსე, წამით იელვებს სასწაულის შესაძლებლობა. იღვიძებს სოფლის ახალგაზრდა ექიმი, რომელიც ძილსა და ღვიძილს შორის მდგომარეობაში იმყოფება (ტრანსფორმაციისთვის გახსნილობა) და “ქვემოდან რაღაც ხმაური ისმის” – უცნობი ხმაური, რომელიც ახლის მოახლოვებაზე მიანიშნებს. მოულოდნელი მოახლოვების ეფექტს აძლიერებს ლექსის სტრიქონი-“მოულოდნელია, თან ბუნებრივი” – რომელიც თითქოს აღწერს შესაძლო მოვლენას, ანუ რაღაცას, რასაც შეუძლია, ერთდროულად დაარღვიოს არსებული წესრიგი და თან განსაზღვროს ახალი ნორმაც. ლექსში არ გვაქვს აშკარა სასწაული, მაგრამ იქმნება ატმოსფერო, სადაც სასწაული პოტენციურად შესაძლებელია. ატმოსფერო, სადაც ყოველდღიურობის ზედაპირი შეიძლება გაირღვეს. მოულოდნელობისა და ბუნებრიობის თანაარსებობა სწორედ ის მომენტია, როცა ჩვეულებრივ რეალობაში იჭრება ახალი შესაძლებლობა. სოფლის ახალგაზრდა ექიმი, იმის მიუხედავად, რომ “ქვემოდან რაღაც ხმაური ესმის“, არ ჩქარობს წამოდგომას. ლექსშივე ვერ ვიგებთ, გაყვება თუ არა ის ამ ხმაურს და შეინარჩუნებს თუ არა მისდამი ერთგულებას. თუმცა საკრალურსა და პროფანულს შორის დაძაბული თანაარსებობა პოტენციურად ქმნის სასწაულის წინაპირობას, რომლითაც დაორსულებულია ყველაზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური გარემო.
***
აღდგომა, თავისი უღრმესი სიმბოლური დატვირთვით, წმინდად რელიგიურ განზომილებასთან ერთად, გვთავაზობს პოლიტიკური და სოციალური განახლების შესაძლებლობას. თანამედროვე მატერიალისტური ფილოსოფიის (მაგ. ფრანგი მოაზროვნის, ალან ბადიუს) პერსპექტივიდან, აღდგომა შეიძლება განვიხილოთ როგორც პოლიტიკური იმედის და რადიკალური ცვლილების შესაძლებლობის ნიმუში.
ბადიუს თეორიაში, მოვლენა/ხდომილება არის ის, რაც გამოდის არსებული სიტუაციის ფარგლებიდან, არღვევს სისტემის ლოგიკას და შესაძლებელს ხდის იმას, რაც მანამდე შეუძლებლად ითვლებოდა. აღდგომა, როგორც მოვლენა, ქმნის ახალი დასაწყისის შესაძლებლობას, რომელიც არ დაიყვანება წინარე პირობებზე.
რადიკალური ცვლილება ყოველთვის მოდის მოულოდნელად, როგორც მოვლენა, რომელიც არსებული სისტემის ლოგიკას გათვალისწინებული არ ქონდა.
ბადიუს ფილოსოფიის ცენტრალური კონცეფცია მოვლენა/ხდომილება არის ის, რაც არღვევს არსებულ წესრიგს და ქმნის აქამდე წარმოუდგენელი შესაძლებლობების ჰორიზონტს.
აღდგომის მატერიალისტური ინტერპრეტაცია გვთავაზობს გავიაზროთ ისტორია არა როგორც წრფივი, დეტერმინისტული პროცესი, არამედ როგორც რღვევებისა და წყვეტების სერია, სადაც ყოველთვის არსებობს ახალი დასაწყისის შესაძლებლობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი საქართველოსთვის, სადაც ხშირად გვეუფლება განცდა, რომ პოლიტიკური სისტემა ჩაკეტილი წრეა, საიდანაც გამოსვლა შეუძლებელია.
აღდგომის სიმბოლიკა და მისი მატერიალისტური ინტერპრეტაცია გვთავაზობს დავინახოთ ის, რაც ხშირად დაფარულია ყოველდღიური პოლიტიკის ზედაპირის ქვეშ — რომ რადიკალური ცვლილება ყოველთვის შესაძლებელია, რომ საქართველოს მომავალი არ არის განსაზღვრული მხოლოდ მისი წარსულით ან აწმყოთი, და რომ სოციალური სამართლიანობა და ნამდვილი დემოკრატია არ არის მხოლოდ აბსტრაქტული იდეალები, არამედ კონკრეტული შესაძლებლობები, რომელთა განხორციელება დამოკიდებულია ჩვენს კოლექტიურ ძალისხმევასა და მზაობაზე, ვიბრძოლოთ იმ მომავლისთვის, რომელსაც წარმოვიდგენთ.
***
როდესაც აღდგომის ღამეს გაისმება “ქრისტე აღდგა!” ეს ხმა არ იქნება მხოლოდ რიტუალური მისალმება, არამედ უძველესი გამოძახილი იმ მოვლენის, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ–ერთი უდიდესი ხდომილება შექმნა და რომელიც გვთავაზობს უნივერსალურ ჰორიზონტს.
ამ პერსპექტივიდან, აღდგომა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ეძებს განახლების, ტრანსფორმაციისა და ახალი დასაწყისის შესაძლებლობას. ის გვთავაზობს რწმენას, რომ სიკვდილი არ არის საბოლოო სიტყვა; რომ არსებობს “შემდეგ“, რომელიც დასასრულს აგრძელებს.
საქართველო იცნობს როგორც ჯვარცმის ტკივილს, ისე აღდგომის სიხარულს. ახლა, როდესაც საქართველო უამრავ უსამართლობას, სირთულესა და ტკივილს განიცდის, აღდგომის უნივერსალური გზავნილი გვახსენებს, რომ არსებობს სხვა გზა — გზა, რომელიც არ არის არც დამორჩილება არსებული წესრიგისადმი, მაგრამ არც უბრალო ნოსტალგია წარსულისადმი. ეს არის გზა, რომელიც მოითხოვს რადიკალურ გახსნილობას შესაძლებლობის მიმართ — შესაძლებლობის, რომელთა მიხედვითაც საქართველო შეიძლება იყოს ღირსეული ცხოვრების ადგილი ყველასთვის.
როდესაც აღდგომის ღამეს ტაძრები აინთება და ქართული გალობა აავსებს ჰაერს, ეს არ იქნება მხოლოდ რიტუალი — ეს არის მოწმობა იმ რწმენის, რომ წყვდიადი არ არის მარადიული, რომ სიკვდილი არ არის საბოლოო სიტყვა, რომ სიყვარულს აქვს ძალა გადაწიოს ან დაშალოს საფლავის ყველა ლოდი. ეს რწმენა საერთოა ყველასთვის, ვინც ებრძვის უსამართლობას, ჩაგვრას, იმედგაცრუებას.
ამიტომ, როდესაც ვიტყვით “ქრისტე აღდგა“, ჩვენ ვაცხადებთ იმედის, განახლების და ტრანსფორმაციის რწმენას. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ყველა ტკივილის, დანაკარგისა და სირთულის მიუხედავად , არსებობს მომავალი, რომელიც ელის შექმნას; რომ ყველა დაყოფისა და გათიშვის მიუხედავად, არსებობს სოლიდარობა, რომელიც ელის განხორციელებას.
***
კარლო კაჭარავას ლექსივით, საქართველოც დაორსულებულია რადიკალური ცვლილების პოტენციალით.
ხმაური, რომელიც ჭიათურის წინააღმდეგობაში, ნამახვანის მოძრაობის მემკვიდრეობაში, უკანონოდ დაპატიმრებულების მშობლების ხმაში და ნახევარი მილიონი ბავშვის გამოკვების მოთხოვნაში ისმის, მოვლენის/ხდომილების პოტენციალს ატარებს და შეიძლება ის წერტილი გახდეს, საიდანაც ახალი პოლიტიკური სუბიექტურობა ჩამოყალიბდება.
პოტენციური მოვლენის/ხდომილების ყველაზე გასარჩევ ნიშანს ახლა ჭიათურის წინააღმდეგობა წარმოადგენს.
ბადიუსთვის “ჭეშმარიტების პროცედურა” არის პროცესი, რომლის საშუალებითაც მოვლენის მიმართ ერთგულება ტრანსფორმირდება ახალ ცოდნად და პრაქტიკად. ჭიათურის წინაარმდეგობა ამჟღავნებს სიღრმისეულ ჭეშმარიტებას თანამედროვე საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურის შესახებ. მან გაარღვია კონკრეტული სოციალური ჯგუფის და ქალაქის პრობლემატიკის ველი და საერთო სოციალური სამართლიანობის ნიშნად იქცა.
ბადიუს მიხედვით, აღდგომა პავლე მოციქულისთვის არის წერტილი, საიდანაც იწყება ახალი სუბიექტურობა — მორწმუნეობა არა რიტუალური კუთვნილების, არამედ მოვლენის მიმართ ერთგულების საფუძველზე. წარმოქმნის თუ არა ჭიათურის წინააღმდეგობა ახალი ტიპის პოლიტიკური სუბიექტურობას, იმაზე იქნება დამოკიდებული, იჩქარებს თუ არა წამოდგომას საზოგადოება იმ ხმაზე, რომელიც ჭიათურიდან ისმის და იჩქარებს თუ არა წამოდგომას პროგრესული სოციალური მოთხოვნებისთვის, შემდეგ შეინარჩუნებს თუ არა მათ მიმართ ერთგულებას, რითიც შესაძლებელს გახდის იმას, რაც „მოულოდნელია, თან ბუნებრივი“.
***
პოლიტიკური იმედი არ არის გულუბრყვილო რწმენა, რომ “ყველაფერი კარგად იქნება”, არამედ რადიკალური გახსნილობა შესაძლებლობების მიმართ და მზაობა, დავინახოთ და გამოვიყენოთ ის ბზარები და ნაპრალები, რომლებიც სისტემის ზედაპირზე ჩნდება. საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური და სოციალური რეალობა სავსეა ამგვარი ბზარებით, რომლებიც უნდა წავიკითხოთ არა უბრალოდ როგორც კრიზისის ნიშნები, არამედ როგორც ახალი პოლიტიკური შესაძლებლობების გარიჟრაჟიც.