საქართველოს ბანკის „იდეათეკა“ – ეს არის სივრცე, რომელიც ქმნის შესაძლებლობას მოსწავლეებისთვის, მიიღონ ფორმალური და არაფორმალური განათლება, ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე, გაიღრმავონ ცოდნა, შეიძინონ საჭირო უნარები და აღმოაჩინონ ახალი ინტერესები.
დღეს, საქართველოს 6 რეგიონის 16 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს იდეათეკის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ 7000-მდე მოსწავლეს განათლების შესაძლებლობით უზრუნველყოფს. ახლახან იდეათეკების რიცხვს საბათლოს საჯარო სკოლაში გახსნილი მულტიფუნქციური სივრცეც შეემატა.
ამ ბლოგში ჩვენ მოგიყვებით საბათლოს იდეათეკის შესახებ და მის ხშირ სტუმრებს გაგაცნობთ.
ჩვენი საუბარი მეთორმეტე კლასის მოსწავლესთან, გოჰალ აღაჯანიანთან მისი შთაბეჭდილებების გაზიარებით იწყება.
„ძალიან მიხარია, რომ ახლა უკვე მაქვს შესაძლებლობა, წავიკითხო ყველა ის წიგნი, რომელიც მაინტერესებს“, – გვეუბნება გოჰალი.
როგორც ის გვიხსნის, სკოლის მოსწავლეები სკოლაში ყოველდღიურად არ დადიან, თუმცა, როცა გაკვეთილებზე მიდიან, სკოლის შემდეგ ან შესვენებების პერიოდში აუცილებლად სტუმრობენ იდეათეკას. მას და მის მეგობრებს ამ სივრცესთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვთ, რომლის მეშვეობითაც, მიზნად ისახავენ, ხელი შეუწყონ სოფლის განვითარებას.
„მე და ჩემს მეგობრებს ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, იდეათეკის მეშვეობით განვახორციელოთ ბევრი პროექტი და დავეხმაროთ ახალ თაობას, მიიღონ ცოდნა და განათლება“, – ამბობს გოჰალ აღაჯანიანი.
მოსწავლეები იდეათეკას ხედავენ როგორც შესაძლებლობების სივრცეს, რომელიც მათ დასახული მიზნების განხორციელებაში დაეხმარება.
„მართალია, მე არ ვარ ეროვნებით ქართველი, მაგრამ ძალიან მიყვარს ქართული და მინდა, რომ მომავალში სხვებსაც ვასწავლო ქართული ენა. ვფიქრობ, რომ იდეათეკა დამეხმარება სიტყვათა მარაგის შევსებაში, რაც თავის მხრივ, ხელს შემიწყობს დასახული მიზნის მიღწევაში“, – ამბობს ვართი დანელიანი, მეთორმეტე კლასის მოსწავლე.
როგორც ქართული წიგნის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და დირექტორი თინა მამულაშვილი აღნიშნავს, იდეათეკა ქმნის ყველანაირ პირობას მოსწავლეებისთვის, რათა მათ იკითხონ, იმეცადინონ, მოიძიონ მასალები, გამართონ დისკუსიები მათთვის საინტერესო სხვადასხვა თემაზე და, უბრალოდ, გაატარონ რაც შეიძლება მეტი დრო წიგნებთან.
„იდეათეკის მსგავსი სივრცეების არსებობა მნიშვნელოვანია ყველა სკოლაში, თუმცა, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეს პროექტი ძირითადად საზღვრისპირა და მაღალმთიან სოფლებში ხორციელდება“, – გვიხსნის თინა მამულაშვილი.
საბათლოს სკოლის დირექტორი, გენადი ჩოუშიანი კი ამბობს, რომ საბათლოში იდეათეკის არსებობა მოსწავლეებს აძლევს განათლებისთვის საჭირო რესურსებზე წვდომის შესაძლებლობას, რაც, თავის მხრივ, ქმნის როგორც მოსწავლეების, ასევე სოფლის განვითარების წინაპირობას.
„გამომდინარე იქიდან, რომ საბათლო საზღვრისპირა სოფელია, ჩვენ არ გაგვაჩნდა საკმარისი რესურსი, რომელიც ბავშვებს დაეხმარებოდა, მიეღოთ ზოგადი განათლება და გაეღრმავებინათ ცოდნა კონკრეტული მიმართულებით. თუმცა, იდეათეკის გახსნის შემდეგ, ეს ყველაფერი შეიცვალა. ბავშვები ძალიან დაინტერესებულები არიან აღნიშნული სივრცით, ხშირად სტუმრობენ მას და ცდილობენ, სრულად აითვისონ მისი პოტენციალი“, – აღნიშნავს გენადი ჩოუშიანი.
საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში მაღალი ხარისხის განათლების მიღებისთვის თანაბარი შესაძლებლობის შექმნას და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას.
„იდეათეკა არის სივრცე, რომელიც ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, ეზიარონ მსოფლიო ლიტერატურას, გაეცნონ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას, ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ინვენტარზე, გაიღრმავონ ცოდნა და სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი. ანუ იდეათეკა ქმნის სივრცეს, რომელიც მოსწავლეებს აძლევს მოტივაციას და უზრუნველყოფს მათ ყველა საჭირო ინსტრუმენტით იმისათვის, რომ მიაღწიონ უფრო მეტს ცხოვრებაში“, – ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა განათლების მხარდასაჭერად „იდეათეკების“ პროექტის განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო. ბანკის მხარდაჭერით იდეათეკები 6 სხვადასხვა რეგიონის 16 საჯარო სკოლაში უკვე გაიხსნა, ესენია: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლები – დიცი, ხურვალეთი, ზემო ნიქოზი; თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლა, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1, ოზურგეთის მე-4, ახალქალაქის მე-3, დუისის, ჩოხატაურის #1, ნაბეღლავის, ჯვრის #1, უდაბნოს საჯარო სკოლები, კახეთის რეგიონის სოფლები: ერისიმედი, ლამბალო და საბათლო.