ჯონ ბრეკეველდტი – ევროპის ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი
საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების ამოქმედებას ბიზნესსექტორი ერთმანეთისგან განსხვავებული ემოციებით შეხვდა. ვისაც ევროკავშირისა და აშშ-ის ბაზარზე ოპერირების გამოცდილება ჰქონდა, უკეთესად შეხვდა ახალ რეგულაციებს, ვიდრე ქართული კომპანიები, რომლებიც აქამდე არ იცნობდნენ მსგავს მოთხოვნებს. საერთო ჯამში, ახალი შრომის კანონმდებლობა უდავოდ მონაპოვარია საქართველოსთვის და არა თავის ტკივილი.
პირადად მე, ორივე, როგორც დამსაქმებელი (მთავარი მენეჯერი, „გოსელინ ჯორჯია“), ასევე დასაქმებული (რეგიონული მენეჯერი, ბელგიის „გოსელინ გრუპი“), ვხედავ სარგებელს ორივე კუთხით. შრომის კოდექსი უნდა წარმოადგენდეს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კონტრაქტს, რომელიც ორივე მათგანს დაიცავს და ხელს შეუწყობს საქმეში მიაღწიონ წარმატებას. როდესაც დღეში გაქვს მხოლოდ 24 საათი, საიდანაც 8 საათი ეთმობა თავისუფალ დროს, 8 საათი განკუთვნილია ძილისთვის და 8 საათიც – მუშაობისთვის, გამოდის, რომ დღის 1/3-ს ატარებ კოლეგებთან და ამ მიმართულებით უნდა არსებობდეს წესები.
დამსაქმებლისთვის შრომის კოდექსი წარმოადგენს გზამკვლევს, თუ როგორ უნდა სცე პატივი შენს გუნდს, როგორც მზრუნველმა ადამიანმა დაიცვა ისინი ნებისმიერი დისკრიმინაციისგან, დარწმუნდე, რომ ყველამ იცის თავისი უფლებები და პატივს სცემს შენს კომპანიას (იცავს შიდა განაწესს). მეორე მხრივ, დასაქმებულისთვის შრომის კოდექსი წარმოადგენს თავისი უფლებების გზამკვლევს ისეთ თემებში, როგორიცაა, სამუშაო საათები, დეკრეტული შვებულება და ა.შ., მაგრამ ამასთანავე, შრომის კოდექსი მიგითითებს, რა ვალდებულებები გაქვს, როგორც პასუხისმგებლობიან დასაქმებულს.
დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტებით დასტურდება, როდესაც დამსაქმებელი განსაკუთრებულად ზრუნავს დასაქმებულებზე, იცავს წესებს, მათ უქმნის კარგ პირობებს, სანაცვლოდ იღებს ბედნიერ თანამშრომლებს, რომლებიც უფრო მეტ ძალისხმევას გაიღებენ კომპანიისთვის, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითად მოქმედებს ბაზარზე კომპანიის სტატუსზე და ასევე პროდუქტიულობაზე.
მნიშვნელოვანი საკითხი, რაც აქ უნდა აღინიშნოს, ეხება სამუშაო საათებსა და ზეგანაკვეთურ შრომას, რაც საქართველოში გახდა დიდი დისკუსიის საგანი (თუმცა, ჩემი აზრით, საქართველოში შრომის კოდექსის მოქმედების მთლიანი პროცესისთვის ეს საკითხი არც იმდენად მნიშვნელოვანია, რადგან ეს პროცესი გაცილებით მეტ თემას მოიცავს). პრობლემა ის კი არაა, რომ დამსაქმებლები არ თანხმდებიან ზეგანაკვეთურის ახლებურად რეგულირებას, არამედ პრობლემურია ისიც, რომ ამ რეგულაციების აღსრულება სირთულეებთან და ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული. ძალიან კარგია, რომ ამ საკითხებზე გვაქვს ღია დისკუსია. დღეს ეს არის მიმდინარე პროცესი და დარწმუნებული ვარ, წლების გასვლასთან ერთად შევძლებთ შრომის კანონმდებლობის აღსრულების უკეთესი მეთოდების დანერგვას და ასევე მოხდება მათი ადაპტირება ქართულ ბაზართან.
ბოლო საკითხი, რასაც მინდა შევეხო, უკავშირდება შრომის ინსპექციას. დიახ, შრომის ინსპექციის ამოცანას წარმოადგენს, უზრუნველყოს, რომ შრომის კოდექსს იცავენ და დააჯარიმოს კომპანიები, რომლებიც ასე არ იქცევიან. ამ ფუნქციის გამო, ის დიდად მიმზიდველი არ არის ბიზნესისთვის, თუმცა აქაც ინსპექცია უნდა დავინახოთ როგორც პოზიტიური მიმართულების მიმცემი კომპანიებისთვის. ჩვენმა კომპანიამაც კი, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს, უნებლიეთ ვერ მოახერხა, დაეცვა ყველა ახალი წესი და რეგულაცია, რომელიც ძალაში შევიდა. ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვის სპეციალისტებს შორის კარგი თანამშრომლობა და შრომის ინსპექციის მხრიდან მითითებები დაეხმარა ჩვენს ბიზნესს საქართველოში, რომ დასაქმებულისა და დამსაქმებლისთვის შეექმნა კიდევ უკეთესი სამუშაო გარემო.
განახლებული შრომის კოდექსის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით კამპანია „შრომის ლექსიკონის“ ფარგლებში, „პროგრესული ფორუმი”, გამოცემა „პუბლიკა“ და platforma.ge მკითხველს ბლოგების სერიას სთავაზობთ.
კამპანიის მიზანია განახლებული შრომის კოდექსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; დასაქმებულთა და დამსაქმებელთათვის შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს ორგანიზატორთა შეხედულებებს.