როგორც ცნობილი გახდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის აქტის გამო 193 500 ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს ხელისუფლებას, რომლის „მდუმარე თანხმობამ“ შესაძლებელი გახადა ეს უპრეცედენტო და ამაზრზენი ხასიათის ძალადობის ფაქტი.
ამ სამარცხვინო მოვლენის ვიდეოკლიპებმა მსოფლიო მოიარა, ენით აუწერელი აღშფოთება და ზიზღი გამოიწვია და ქართველთა ერის სირცხვილად მოინათლა!
საქართველოს ხელისუფლება აბსტრაქტული ცნებაა. ის კონკრეტულ ეკონომიკურ ღირებულებას არ ფლობს. ასე რომ, ცხადია – ეს თანხა დაიფარება/გაიცემა საქართველოს ბიუჯეტიდან. ანუ ქართველი მოქალაქეების ჯიბიდან, რომელთა უდიდეს უმრავლესობას არათუ არანაირი წვლილი არ მიუძღვის ამ ბარბაროსულ მოვლენაში, არამედ თავად წარმოადგენენ მორალურად დაზარალებულ მხარეს!
ჩვენ ამ პეტიციაში გვინდა, ერთი რამ დავაზუსტოთ – მოვლენის უმთავრესი და არსობრივი მხარე, მაინც, ამ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღმა დარჩა! სწორედ ეს არსობრივი მომენტი უნდა გაცნობიერდეს და განჩინება ამასთან კავშირში აღსრულდეს:
ყველა ქართველისთვის არის ცნობილი (სულერთია, რა პოზიცია უჭირავს ინდივიდს ამ ფაქტის მიმართ), რომ ამ ძალადობის ფაქტის რეალური სულისჩამდგმელი, ორგანიზატორი და უმთავრესი აქტანტი და შემსრულებელი იყო ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. მისი წარმომადგენლები მოძალადეთა მოწინავე რიგებში იდგნენ და „წმინდა“ (და, ასევე, ამაზრზენად უწმინდური!) მოწოდებებით აქეზებდნენ მათ მიერ მობილიზებულ ადამიანებს ამ ძალადობაზე! (საეკლესიო პირთა ძალადობის ინტენციების უშუალო ფაქტები ვიდეოკლიპებზეა დაფიქსირებული).
საეკლესიო პირთა მიერ ქადაგებებში (ვიდეოკლიპები), პირად საუბრებსა თუ საჯარო გამოსვლებში მუდმივმა და უწყვეტმა, ზიზღისა და მიუღებლობის დამკვიდრებამ ლგბტ თემის მიმართ, შექმნა ის გარემო და ატმოსფერო, რომელმაც ხსენებულ, ადამიანის ბუნებისთვის სრულიად მიუღებელი ძალადობის ფაქტში იჩინა თავი.
ისე რომ, ეკლესიასთან მთავრობის ალიანსმა (მთავრობის მხრიდან მდუმარე თანხმობამ) კი გახადა შესაძლებელი ეს ბოროტი მოვლენა – მაგრამ ეკლესია იყო ის, ვინც ამ ბარბაროსული ძალადობისთვის ფსიქოლოგიური წინაპირობა მოამზადა – კონკრეტულ ადამიანთა დარაზმვა/ორგანიზაცია და თავდასხმის დაგეგმვა/განხორციელება! ეკლესია არც ფარავდა ამ სამარცხვინო მოვლენაში მონაწილეობას – მისი წარმომადგენლები ლიდერობდნენ მოძალადეთა პირველ რიგებში და წარმართავდნენ მოვლენათა მსვლელობას. ისინი გამოდიოდნენ და დღესაც გამოდიან აგრესიული განცხადებებით (რაც ქრისტიანული მრწამსისგან აბსოლუტურად უშორესია).
მოვლენის შემდგომი პერიოდი მოწმობს, რომ ეკლესიის მესვეურებმა და მსახურებმა არათუ რაიმე კეთილისმყოფელი დასკვნა გამოიტანეს ამ ერისთვის სამარცხვინო მოვლენის მსოფლიოს მიერ დაგმობის ფაქტიდან, არამედ აქტიურად განაგრძობენ განსხვავებული ქცევისა და ტიპის ადამიანების მიუღებლობისა და მათ მიმართ ზიზღის ქადაგებას და მრევლის ანტილგბტ წარმოდგენებით ინდოქტრინიზაციას.
ეს პეტიცია მოითხოვს, რომ უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების დაფარვა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეკისროს უშუალოდ ქართველ მოქალაქეებს, არამედ ხსენებული თანხა უნდა გადაიხადონ ბიუჯეტის იმ ნაწილიდან, რომელიც წარმოადგენს ყოველწლიურ დონაციას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის – 25 000 000 ლარს. ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლება მისი „მდუმარე თანხმობისთვის“ მორალურად ისჯება (საერთაშორისო საზოგადოების თვალში!), რაც მისასალმებელია, მაგრამ კონკრეტულ ჯარიმას მოვლენის სულისჩამდგმელი გადაიხდის – ეკლესია, რაც სამართლიანი და კეთილისმყოფელია!
სხვანაირად, თუ კი ეს თანხა მოსახლეობის ჯიბიდან დაიფარება – ჯარიმა აბსურდული და ბათილია, ყოველგვარ ქმედით ეფექტს გამოცლილი.
ყველა შეგნებული, სიკეთის, სამართლისა და კეთილშობილების მაძიებელი ქართველი უნდა დაუდგეს ამ პეტიციას გვერდში, რომ ქართული ეკლესიის წიაღში „ეშმაკის“ შესვლა და დაბუდება აღგავოს! ყველას გვახსოვს, ზოგადად, რა შეცდომებში შესულა ეკლესია ჯვაროსნობის, ინკვიზიციისა და რელიგიური ომების სახით, რამდენი უდანაშაულო და უცოდველი უწამებია, დაუწვავს და რამდენისთვის წაურთმევია სიცოცხლე.
თბილისში მომხდარი ძალადობის ფაქტი ზუსტად ამ საშინელებათა რიგიდანაა და უსამარცხვინოესი ლაქაა ქართველთა სინდისზე. ამ უგვანობის სულისჩამდგმელი უნდა დაისაჯოს თუნდაც იმ მცირედით, რაც განაჩენშია! ქართველ ხ ა ლ ხ ს არ მიუღია ამ სამარცხვინო მოვლენაში მონაწილეობა. ეს ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა ჩაიდინა – ქართველ მოქალაქეთა მიერ ამ თანხის დაფარვა მათი მორალური დამცირება იქნება!