“შავი წყალი მოდიოდა,
დედავ, რა არიო?”
მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა, მიქსი საქართველო 2018, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა. ტყვიის და წყლის შემოწმების კომპონენტს კი გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უძღვებოდა.
კვლევის შედეგები 30 ნოემბერს წარუდგინეს მედიას, თუმცა ჯერ არ შემხვედრია გამოხმაურება, სტატია, სიუჟეტი ან გადაცემა, სადაც სრულყოფილად მიმოიხილავდნენ მას. ვიმედოვნებ, რომ ამ მნიშვნელოვანი კვლევის შედეგებზე ბევრს იმსჯელებენ. მე მხოლოდ ამ კვლევაში ბავშვთა სახეებზე დავწერ. იმიტომ რომ პირდაპირ სურათებს ვხედავ, სადაც ძალიან ცოტა ბავშვი იცინის. მათ არა აქვთ მხიარული ხმები და ანთებული თვალები. ბევრი ოთახშია გამოკეტილი, კარს მიღმა კი მშობლების განწირული ღრიალი ესმის, რომელსაც დროდადრო მტვრევისა და კვნესის ხმა ერთვის. ხშირად მათაც ურტყამენ. დაუნდობლად. — საქართველოში ბავშვების 31%-ს გამოუცდია ფიზიკური დასჯა (მკაცრი და სხვა ტიპის). ბავშვების 5%-ს კი მკაცრი ფიზიკური დასჯა, როგორიცაა ხელის დარტყმა სახეზე, თავზე ან ყურებზე, დარტყმა და ცემა მთელი ძალით, სულ, ანუ გამუდმებით.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს კი თურმე უფრო ხშირად სცემენ. 9%-ია განსხვავება. ანუ ბავშვებს ფუნქციური სირთულეებით, კიდევ უფრო სასტიკად უსწორდებიან შინ თუ გარეთ. მათ ხომ უფრო მეტად უჭირთ ჩვენს მოლოდინზე მორგება, ისინი ხომ განსხვავდებიან, ამიტომ უფრო დიდი აგრესიის სამიზნეები ხდებიან. ან არ ვიცი, შეიძლება უფროსები ჯავრს იყრიან მათზე თავიანთი უიღბლობის, სიღარიბისა თუ გაუცხოების გამო?
ამ კვლევის სურათებში ბავშვებს ცოტას ეთამაშებიან. 2-დან 4 წლამდე ბავშვების ადრეულ სტიმულირებასა და სათანადო მზრუნველობაში დედების 60% და მამების 8% მონაწილეობს. ბავშვების 44 %-ს კი სამი კინკილა საბავშვო წიგნიც არ აქვს. სამაგიეროდ მრავლად აქვთ ჩალურჯებები, სისხლჩაქცევები, დამწვრობები, ნაკაწრები, კოშმარები, სადაც უყვირიან, აჯანჯღარებენ, ამცირებენ, აუპატიურებენ, მარტოს ტოვებენ.
ერთი ასეთი ხალხური ლექსი მახსენდება: ავადმყოფი ბიჭი დედას სიზმარს უყვება და მის ახსნას სთხოვს. ეკითხება, სიზმარში შავი წყალი მოდიოდა და ნეტავ რას შეიძლება ნიშნავდესო? წყალში ყუთი მოცურავდა, ეგ რა შეიძლება იყოსო. დედამ კი კარგად იცის, რომ შავი წყალი ცრემლებია, ყუთი კი კუბო. ალვის ხე შვილი, დამტვრეული ტოტები კი მისი მხრები.
ამ კვლევაშიც არის წყალი და თან არანკლებ „შავი“. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლოების 25% ეშერიხია კოლის ბაქტერიით დაავადებულ წყალს სვამს. ეს როცა სინჯი სასმელი წყლის წყაროდან არის აღებული, ხოლო ჭიქიდან, რომლითაც ვსვამთ – 31%. ანუ, საქართველოს მოსახლეობის თითქმის მესამედი, სოფელში კი – მოსახლეობის ნახევარზე მეტი (53%), ნაწლავური ჩხირებით „გამდიდრებულ“ წყალს სვამს.
ეს ზოგადი სურათია. კონკრეტული რეგიონებში, მაგალითად გურიის რეგიონში 69% და 77% სვამს ეშერიხია კოლით დაბინძურებულ წყალს. რა არის ეს Escherichia coli —ბაქტერიების ფართო ჯგუფი, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილი შეიძლება იყოს პათოგენური და გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება (დიარეა, საშარდე გზების დაავადება, პნევმონია და სხვ.) ზოგიერთი E. coli გამოიყენება როგორც მარკერი წყლის კონტამინაციის (დაბინძურების) ხარისხის დასადგენად, რომელიც თავის მხრივ არ არის დამაზიანებელი, მაგრამ გვაჩვენებს წყლის დაბინძურების მდგომარეობას.
ანუ როგორც მივხვდი, კვლევა რომ გავაღრმავოთ, საქართველოს წყლებს რომ ჩავეძიოთ და ჩავყურუმალავდეთ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ წყალში მხოლოდ ნაწლავის ჩხირები კი არ ცურავს, არამედ მძიმე მეტალები და სხვა შხამებიც მრავლად ირევა.
სამწუხაროდ წყალი არ გასდის ამ ფაქტებს.
ამ კვლევაში არის რიცხვები, რომლებიც ბევრად მეტნი არიან ვიდრე რიცხვები,
რადგან ამ რიცხვების უკან ხომ კონკრეტული ბავშვები დგანან: ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი, ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი. და… დაე, იარონ, იარონ კი არა, ფეხზე ძლივს დგანან. სწავლის ნაცვლად, მძიმე, არალეგალური შრომით გათანგულები, გაყინულები, ნაადრევად გათხოვილები. ვეღარც სწავლობენ, ვეღარც ვითარდებიან. თუნდაც იმიტომ რომ საქართველოს ბავშვების 41 %-ის სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მკგ/დლ-ს (მიკორგრამი დეცილიტრზე) მეტია ან ტოლია. (25 %-ის სისხლში ტყვიის შემცველობა არის 5-დან 10-მკგ/დლ-მდე, ხოლო 16%-ის მეტია ან ტოლია 10 მკგ/დლ-ს.)
კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. ტყვია — ტოქსიკური მეტალია, რომელიც იწვევს ტვინისა და სხეულის სხვა სისტემების დაზიანებას. სისხლში ტყვიის კონცეტრირებამ კი შესაძლებელია გამოიწვიოს როგორც ზრდის, ასევე ქცევითი სირთულეები და სწავლის პრობლემები. ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცეტრაცია ადამიანის ორგანიზმისთვის დადგენილი არ არის. თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცვლეობა 5 მკგ/დლ-ს ტოლია ან აღემატება მას.
ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ თურმე ეს შედეგები არ არის საგანგაშო. რა განერვიულებთ? მერე რა რომ აჭარაში ბავშვების 85%-ის სისხლში ტყვია აღემატება 5 მკგ/დლ-ს და გურიაში კი ბავშვების 73%-ს აქვს იგივე მაჩვენებელი. რა მოხდა მერე?! აი, ახლა ამ გაპარტახებული ქალაქების საახალწლო მოსართავებში მილიონებს გადავიხდით, 3D ვარსკვლავთა კუდებში, ვერცხლისფერი ქამელეონის გირლიანდები რომ მოჰყვებიან, 3D გულებსა თუ ჩამოსაკონწიალებელ საყვირიან ანგელოზთა არმიებში. მაგრამ რა აზრი აქვს, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ბავშვების თოვლის ბაბუები გასაოცრად ჰგვანან ქართველ პოლიტიკოსებს, იგვიანებენ, ივიწყებენ დაპირებებს და იტყუებიან.
ორუელი წერდა: „50 წლის ასაკში ყველას აქვს ისეთი სახე, როგორსაც იმსახურებს“. ეს არის მგონი მის დღიურში უკანასკნელი ჩანაწერი. მე კი მგონია, რომ საქართველოში ამდენ ბავშვს არ დაუმსახურებია ეს დაზაფრული, შეშინებული, ტკივილიანი, უიმედო და ტანჯული სახე, იმ ბავშვს არ დაუმსახურებია, ერთი წლის წინ ჯართის შეგროვებისას უნებართვოდ ამოთხრილ ორმოში რომ ჩაიმარხა. და არც მათ მოძალადე, ღატაკ, დანგრეულ მშობლებს დაუმსახურებიათ … იმ აჯაჯულ-დაჯაჯულ, შაოსან ქალებს ორსულ არასრულწლოვნებს რომ დაჰყვებიან გინეკოლოგებთან, იმ ქუჩის მოვაჭრეებს პატარა კოცონები რომ გაუჩაღებიათ ევროპისკენ დაქანებული ქვეყნის საახალწლოდ მობრდღვიალე ქუჩებში, არც უმუშევარ, ნერვიულ მამებს, არც იმ პენსიონერებს, ბანკი თავისუფლების ავტობუს-ფილიალთან რომ კანკალებენ, არც დევნილებს გამოსახლებას რომ ელიან, არც აფთიაქების ფასდაკლებების დღეს რიგში მდგარ ხალხს, ოფლიან ხელის გულზე ხურდის თვლას რომ იმეორებენ, არც ძიძებს შეთხელებულ, გაჩეხილ პარკებში, არც დაქანცულ გოგო-ბიჭებს 24 საათიან სუპერ-მარკეტებში, არც იმ დაქანცულ ქალებს სკაიპის ფანჯრებზე რომ შეჰყინვიათ, მიტოვებული შვილების დანახვისას სახეზე გადაფენილი ღიმილი.