„მინდორში ცხოვრობდა ყვავილი. მის გვერდით კი, ისე, რომ ყვავილს არც დაეკითხა, ხახვი ამოსულიყო. ყვავილს უყვარდა მზე, ხახვს – ბნელი და საშიში ღამე. ერთმანეთს ვერ უგებდნენ, მაგრამ მაინც ერთად უწევდათ ცხოვრება.
ერთხელ რაღაც აფეთქება მოხდა. ძლიერი ხმა იყო, მაგრამ ვერავინ გაიგონა, საიდან მოდიოდა. ამის შემდეგ კი ყვავილს განსაცდელი დაუდგა – ხახვს უნდოდა, თავისი საზიზღარი სუნი ყვავილისთვის გადაედო, რომ აღარ ყოფილიყო ლამაზი და სურნელოვანი“.
ეს პატარა ზღაპარი ამით არ სრულდება, მაგრამ, სანამ ფინალზე მოგიყვებოდეთ, მინდა, გითხრათ, რომ ის ერთმა მოწყენილმა ბიჭმა დაწერა. დიდი ხანია, სკოლაში არ დადის, არც ფეხბურთზე, ვეღარც მეგობრებს ნახულობს. სახლში თამაში რომ მოუნდება, ვერ დახტის, რადგან ქვემოთ რომ მეზობელი ცხოვრობს, ამ დროს ბრაზობს ხოლმე და ბიჭს საყვედურობს. მშობლები და ოჯახის სხვა წევრები კი სულ სახლში არიან, მაგრამ გუშინ მამამ გააფრთხილა, არ შემოხვიდე ჩემს ოთახში, ლექციას ვატარებო. დედამ კიდევ – „შეხვედრაზე ვარო“… მერე ადგა და ეს ამბავი გამოიგონა.
სამწუხაროდ, დღეს ყველა შეშინებული, გაბრაზებული ან მოწყენილია. მარტო იმ ქვეყანაში კი არა, სადაც ბიჭი ცხოვრობს, მთელ მსოფლიოში. არსებობს ერთი თვალით უხილავი არსება, სახელად კორონა, რომელსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ ყველგან შეიძლება იყოს, არ იცი, სად გადაეყრები, ვის აზის ცხვირზე, ან ხელზე, ან იქნებ შენს ფანქარზეც კია წამოსკუპებული. საკმარისია, თვალიდან, ცხვირიდან ან პირიდან სხეულში შეგიძვრეს, ხველება დაგეწყება, მაღალ სიცხეს მოგცემს, მერე შეიძლება, იმ ხალხმა, კოსმონავტის ფორმაში რომ არიან გამოწყობილები, საავადმყოფოში გადაგიყვანონ და მარტო დარჩე, სულ მარტო, ოთახში გამოკეტილი. შენ არ მოკვდები, მაგრამ დიდები კვდებიან, აი, ბებიები ან ბაბუები და მე ამის ძალიან მეშინია.
თუ ვინმეს კორონავირუსი შეეყრება, გამოვა ტელევიზორში ის ჭაღარა კაცი და იტყვის პაციენტი № რაღაცა. ამიტომ ჩვენ საპნით კარგად უნდა დავიბანოთ ხელები. მერე, თუ ვითამაშებთ, ისევ ხელები უნდა დავიბანოთ, თუ ვინმეს ხელს ჩამოვართმევთ… არა, ხელის ჩამორთმევა არ შეიძლება! არც ჩახუტება! არც კოცნა! ჩვენ სულ უნდა ვიბანოთ და ვიბანოთ ხელები, სანამ არ გაქრება ეს კორონა. მაგრამ, რომ ვერ ვხედავთ, ისედაც გამქრალი არ არის?!
თავიდან ბიჭს მოეწონა კორონას ამბავი. იფიქრა, იმ კინოში მოვხვდი, სადაც დაძაბული და საინტერესო ამბებიაო, მაგრამ მერე, როცა ნახა, რომ ყველა სასიკვდილო ვირუსზე ალაპარაკდა, სკოლები, სამსახურები დაიკეტა, მიხვდა, რომ არ უნდა ამ კინოში ცხოვრება და ძალიან ეშინია, ძალიან, ძალიან.
ბიჭმა იცის, რა სჭირდება, მაგრამ არ იცის, როგორ უთხრას ეს უფროსებს. ეს კიდევ უფრო მეტად ცუდად ხდის და ამ დროს ან ყველაფერზე ბრაზობს და წუწუნებს, ან ტირის, ან ერთ ადგილზე ვერ ისვენებს ან ძილსა და ჭამაზე უარს ამბობს, ან უნდა, რომ თავის კომპიუტერულ თამაშში გადასახლდეს – იქ ერთობა. იქ კორონა არ არის. იქ მეგობრებიც ჰყავს და ყველაფერიც.
სინამდვილეში კი, აი, რა უნდა ბიჭს:
ბიჭს უნდა, რომ იცოდეს სიმართლე და ეს ისე აუხსნან დიდებმა, რომ თავი პატარა და სულელი არ ეგონოს. უნდა, იცოდეს, სად გაჩნდა ეს კორონა? რა საფრთხეს უქმნის ადამიანებს? როდემდე შეიძლება, გაგრძელდეს ეს მოსაწყენი „არდადეგები“? როგორ შეუძლია, ამისგან თავი დაიცვას? რა მოხდება, თუ ოჯახში ვინმე ავად გახდება? ვინ იქნება მასთან ერთად? თვითონ რომ გახდეს ავად? უნდა ყველაფერი იცოდეს, არა უშავს, თუ დედას ან მამას რაღაც კითხვებზე პასუხები არ აქვთ და ეტყვიან, რომ მეცნიერები იკვლევენ, სწავლობენ და ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუმცა ჩვენ ყველანი კარგად ვიქნებით, თუ დავიცავთ წესებს.
ბიჭი უფრო მშვიდადაა, როცა ეს ყველაფერი იცის. კი საშიშია ვირუსი, მაგრამ, თუ ხელებს ხშირად დაიბან, ვეღარ მოგეკარება. ამით თავსაც იცავ და სხვებსაც. მარტო შენს თავს კი არა, მთელ მსოფლიოს, როგორც მაგარ ფილმებშია!
ბიჭს ახლა ყველაზე მეტად დედასთან და მამასთან ყოფნა უნდა. ასე უფრო დაცულად გრძნობს თავს და ჯობია, თუ მშობლები მიხვდებიან, რომ ის ბებიასთან ან ბაბუასთან არ დატოვონ სხვა სახლში.
ბიჭი მშვიდადაა, როცა ხედავს, რომ უფროსები ჩვეულებრივად საქმიანობენ. კი იციან, რომ გარშემო სულ პრობლემებია, მაგრამ თავს მხნედ და იმედიანად გრძნობენ. ამ დროს ბიჭს საერთოდ არ ეშინია. მამას ხმა ძველებურად ომახიანი აქვს და დედა ისევ ღიღინებს, როცა ნამცხვარს აცხობს.
ბიჭს არ მოსწონს, ბრაზდება ან ეშინია, როცა ტელევიზორი მთელი დღე ჩართულია და ესმის, რომ ადამიანები კვდებიან, რომ ლეგოების მაღაზიაც კი იკეტება, რომ სამსახურები აღარ იქნება, რომ იტალიაში შვიდასრაღაცა ახალი შემთხვევაა – ამ დროს ყურებზე უნდა ხელები აიფაროს ან იტიროს… ღამე ცუდ სიზმრებს ხედავს, ამიტომ დაძინების ეშინია, რაზეც მამა ბრაზობს და ბიჭს საყვედურობს! როგორ ვერ ხვდებიან უფროსები, რომ ბავშვები ასეთ ცუდ ამბებს უნდა მოარიდონ?!
ბიჭს უნდა, დედას და მამას უთხრას, როგორ ეშინია ხოლმე, როგორ ვერ იძინებს ღამღამობით, მაგრამ ვერ ამბობს, რადგან ხედავს, რომ მშობლები ამას განიცდიან ან ბრაზობენ… არადა, ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია, როგორ შეიძლება არ ღელავდეს ან არ ეშინოდეს? ზოგჯერ ჰგონია, რომ სიცხე უწევს და ყელი ეწვის. თერმომეტრით ხშირად ისინჯავს სიცხეს ან სულ ხელებს იბანს, წამდაუწუმ. არც ესაა გასაბრაზებელი, რადგან, როცა ასე აკეთებს, მშვიდდება… არადა, ყველაზე მშვიდად მაშინ გრძნობს თავს, როცა დედა ან მამა ეხუტება. კი არ შეიძლება ჩახუტება, მაგრამ არა უშავს! კიდევ მაშინ მშვიდდება, როცა ტოლივით ელაპარაკებიან უფროსები, უყვებიან ახალ ამბებს, უსმენენ და თან ესმით, რომ ბიჭი ხან მოწყენილია, ხან ეშინია, ხან ტირილი უნდა. ესეც ხომ ჩვეულებრივი ამბავია. თუ ყურადღებით მოუსმენენ, აუცილებლად გაიგებენ, რომ ბიჭს უნდა, თავს მარტო არ გრძნობდეს. რა მოხდება, როცა დედას არ სცალია, მამა ეთამაშოს ან პირიქით?! ერთად რომ დახატონ? რომ იცეკვონ? ბიჭს ისე ენატრება ეზოში გარბენა და გამორბენა, ცეკვის დროს კი თავს კარგად გრძნობს. ბიჭს უნდა იცოდეს, რას აკეთებს მთელი დღის განმავლობაში. აი, ერთად რომ დასხდნენ ყველანი და მოიფიქრონ, ახლა, როცა სკოლაში არ დადის, როდის რა უნდა აკეთოს? როდის იღვიძებს და საუზმობს? როდიდან ეწყება ონლაინგაკვეთილები? როდისაა სადილი? რას აკეთებს სადილის შემდეგ? როდის და ვის ეთამაშება?… თუ წინასწარ ეცოდინება, რისი კეთება მოუწევს, თავს უფრო მშვიდად და ხალისიანად იგრძნობს. რა მოხდება, მშობლებმა საღამოს დრო რომ გამონახონ და ყველამ ერთად ივახშმოს, მერე ყველამ ერთად ითამაშოს სამაგიდო თამაში? ასე დროც უფრო მალე გავა და ახალი ცხოვრებაც აღარ იქნება საშიში. ახლა ხომ ზუსტად ის დროა, როცა ყველაზე მეტად სჭირდება სითბო, ყურადღება და სიყვარული, იმისთვის, რომ არ დაკარგოს თავისი თავისა და სხვა ადამიანების სიყვარული!
ახლა, რაც შეეხება ზღაპრის დასასრულს, დასაწყისში რომ გითხარით – ბიჭმა დედასთან ერთად გადაწყვიტა, ყოველდღე დაწეროს ან დახატოს რაიმე ამბავი, ის, რაზეც ეფიქრება ან, როგორც ბებო ამბობს, „გულში უღიტინებს“, ჰოდა, ყვავილისა და ხახვის ამბავი ძალიან საინტერესოდ განვითარდა. ზღაპარში ბევრი სხვა პერსონაჟიც იყო: მსუქანი ბატი, დათვი, ბატის ჭუკები, კიბე და ბიჭი, რომელსაც ჯიბეში ჯადოსნური ფანქარი უდევს. მოკლედ, ზღაპარში ყველა განსაცდელშია – ბატი ჭუკებს კარგავს, ხახვი ყვავილს სუნს ართმევს, დათვი თავის ბუნაგს ვერ პოულობს და ეს ყველაფერი იმ აფეთქების შემდეგ ხდება. სწორედ ამ დროს ჩნდება ბიჭი ტყეში, სადაც ეს ამბები ტრიალებს, თავის ჯადოსნურ ფანქარს ამოიღებს და შელოცვას იტყვის:
დორტმენს, დორტმენს, დახატე ის, რაც გადაგვარჩენს!
და ფანქარი დახატავს მოხუცს. ეს მოხუცი ყველაზე კეთილია. ოღონდ, მან ოდესღაც სათვალე დაკარგა და ვერ პოულობს. აბა რისთვისაა ამ ზღაპარში ჯადოსნური ფანქარი, თუ სათვალეც არ დახატა?! ჰოდა, ესაა სათვალე, რომელსაც გაიკეთებ თუ არა, მაშინვე მიხვდები, რა უნდა გააკეთო. თან ყველა გიყვარდება და ვინც გიყვარდება, იმასაც უყვარდები! ჰოდა, ბატი პოულობს თავის ჭუკებს, რომლებიც მელამ მოპარა; დათვი პოულობს ბუნაგს, ხახვი კი აღარაა ბრაზიანი და სულაც აღარ ცდილობს, წაართვას ყვავილს სილამაზე და სურნელი.