ბოდვა

ნათია ფანჯიკიძე

„ოჰ, როგორი მოტრფიალე ხარ ფიცჯერალდისა. განა ის არ წერს, არავის ენდოთ, ვინც გეტყვით, უბრალო ვინმე ვარო? შენგან ვითხოვე ეგ წიგნი, კარგად მახსოვს! – იღიმებოდა ნაოკო „ (მურაკამი, „ნორვეგიული ტყე“)

ამდენი ვწერე და თავადაც მიკვირს, როგორ მოხდა, რომ აქამდე სიყვარული არ ამიხსნია ყველაზე ძვირფასებისთვის, ადამიანებისთვის, რომელთაც ფსიქოზური დაავადებები სტანჯავთ.

რადგან ეს ჩანაწერი არავითარ შემთხვევაში არ ისახავს მიზნად დიაგნოზების მინიჭებას, ან მათ ამოცნობას, იქნებ პირიქითაც, მიზანი მათი სრული გაუქმება იყოს, მინდა ხაზგასმით არასამედიცინო მიზნით მოვყვე ბოდვითი შინაარსების შესახებ, რომელიც თანხმობაში არ მოდის დანარჩენი საზოგადოების ბოდვასთან.

სამყარო, რომელშიც ვარსებობთ, არის თუ არა ისეთი, როგორსაც აღვიქვამთ, სრულიად დაუსაბუთებელია,  მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ის და რამდენნაირ ვერსიადაც არ უნდა არსებობდეს, ჩვენ ჩვენებურად დავასაბუთეთ და დავაკონკრეტეთ აღქმის იმ შესაძლებლობით, რაც გაგვაჩნია.

აღქმა გრძნობათა ორგანოების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ათვისების პროცესია, მოწოდებულ მონაცემთა ნედლეული, ფორმის მინიჭების გარეშე.  გონება მხოლოდ კოგნიტური ოპერაციის შედეგად წარმოქმნის სქემას, – აღქმული ობიექტის ხატს.

არასწორი აღქმა, იგივე ილუზია, ნებისმიერ ჩვენგანს გამოუცდია, ბავშვობაშიც და შემდეგაც, როცა, მაგალითად, სიბნელეში, სკამზე გადაფენილი ტანსაცმელი ადამიანის სილუეტად მოგვჩვენებია.

უფრო მეტიც, ჰალუცინაციაც, იგივე  უობიექტო აღქმაც კი, ერთხელ მაინც ცხოვრებაში, თითქმის ყველას ჰქონია, თუნდაც ახლობელი ადამიანის გარდაცვალებიდან მოკლე პერიოდში, როცა გაუგია მისი ხმა, ან დაუნახავს კიდეც ის ადამიანი, ან ჰიპნოგოგიური (ჩაძინებისწინა) ან ჰიპნოპომპიური (გაღვიძებისწინა ძილბურანი) ხილვის სახით.

არსებობს ფსევდოჰალუცინაციაც, სენსორული გამოცდილება, რომლის მიმართაც პაციენტს კრიტიკა აქვს და იცის, განცდილი სინამდვილეს არ შეესაბამება.

სწორედ იმიტომ, რომ გარესამყარო სხვადასხვაგვარ ილუზიათა ჯადოსნური სცენაა, ჰალუცინაციის ფოკუს-მოკუსებს გვერდს ავუვლი, მიუხედავად იმისა, რომ ცალკე ყურადღებას იმსახურებს და დღეს აზროვნების ბოდვით დარღვევაზე, მის შინაარსებზე მოგიყვებით ცოტა რამეს.

ფსევდოჰალუცინაციის მსგავსად, პარციალური ბოდვა, ანუ ბოდვა, რომელსაც მისი განმცდელის მხრიდან დაეჭვება ახლავს და გამოჯანმრთელების პროცესთან ერთად მასვე კიდევ უფრო აეჭვებს, დიაგნოზის დასასმელად არ გამოდგება. სინდრომის აღსაწერ ნიშნად მხოლოდ ის ბოდვა მიიჩნევა, რომელსაც არ ახლავს ეჭვი.

უსამართლობა კია, დაეჭვება ვაქციოთ ჯანმრთელობის ინდიკატორად, რადგან, თქვენი არ ვიცი და მე ჯერ არ მინახავს უბრალო თემაზეც კი კამათი „ჯანმრთელთა“ შორის, რომელიც რომელიმე მოკამათე მხარის არათუ აზრის შეცვლით, არამედ თუნდაც ამ ესოდენ მნიშვნელოვანი განცდით, დაეჭვებით დასრულებულიყოს. ასევე ურყევია სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლების რწმენები და ცრურწმენები და ისეთივე შეუვალი კრიტიკის მიმართ, როგორც დაავადების თანმხლები ბოდვა. ამიტომაც, ანამნეზის შეკრებისას, აუცილებელია, ვერკვეოდეთ ამა თუ იმ კულტურის თავისებურებაში.

სინდრომის ძიებისას, ყურადღებაა საჭირო ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა დეტალის მიმართაც, რადგან პირადად მე, ჩემი ოჯახის წევრების პოლიტიკაში ჩართულობის პერიოდში, დიაგნოზის დამდგენი კითხვარი რომ შემევსო, ისეთ კითხვებზე, როგორიცაა, – გისმენენ, გდევნიან, გითვალთვალებენ?… სულ დადებითი პასუხები მექნებოდა და როგორი ეფექტური მედიკამენტიც არ უნდა დაენიშნათ, თავისთავად ცხადია, რეალობას წამალი ვერ შემიცვლიდა.

ბოდვითი ლოგიკა ისეთივე საინტერესო აღნაგობის, ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელი არგუმენტების კოლაჟია, როგორც სიზმარი. ფსიქიატრია თვლის, რომ ბოდვის წარმოშობა არანაირი დაკვირვებისა და ლოგიკის პროცესს არ ეყრდნობა და ამიტომ ის არაადეკვატურია. მე კი არცერთი ბოდვითი შინაარსი არ მიმაჩნია უსაფუძვლო ნიადაგზე აღმოცენებულ უაზრობად.

მედიცინა განასხვავებს პირველად და მეორად ბოდვას. მეორადი ბოდვა ძირითადად განცდილი ავადმყოფური მდგომარეობის შინაარსიდან გამომდინარეობს და მისი პასუხია; მაგალითად, დეპრესიით დაავადებული ადამიანი, რომელიც თავს არარაობად მიიჩნევს, ავითარებს ბოდვით იდეას, რომ სხვები მიიჩნევენ მას არარაობად. პირველადი ბოდვა კი, უეცარი და ერთი შეხედვით, ყოველგვარი წინაპირობის გარეშეა. მაგალითად, ერთ ჩვეულებრივ დღეს, მოულოდნელად ქალი ამბობს, რომ მას პენისი აქვს და ამიტომ ვერ ჩაიცვამს საცურაო კოსტუმს. ფსიქოანალიზისთვის ეს სულაც არაა უეცრად აღმოცენებული შინაარსი. ქალები ხომ საუკუნეების მანძილზე მივიჩნეოდით ნაკლებსრულყოფილ არსებებად. ბევრ კულტურაში ახლაც მივიჩნევით „კასტრირებულ კაცებად“ და ზოგ კულტურაში წინადაცვეთით ჩვენს იმ რუდიმენტსაც ებრძვიან, რაც „კასტრირების“ შემდეგაც შემოგვრჩა.

სინდრომის გამო დაკარგული ადამიანი, ცხადია, საკუთარი ცნობიერი თუ ფიზიკური იდენტობის საკითხებს ერთგვარად გამძაფრებული დაბნეულობით აღიქვამს, ვიდრე ყველაფერში, ან თითქმის ყველაფერში დარწმუნებული „ჯანმრთელები“ და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ამ საინტერესო შეუსაბამობას,  ჯანმრთელობად რომ დაეჭვება მიიჩნევა და ჯანმრთელის სტატუსით კი მაინც დარწმუნებული ხალხი სარგებლობს.

ბოდვა, როდესაც ქალს მიაჩნია, რომ ქალწულობას ზეღირებულებითი მისიით ინარჩუნებს, – მას დაევალა თავისი სიწმინდით იხსნას სამყარო დაღუპვისაგან, – რას ხედავთ ამ რწმენაში იმ ბოდვითი იდეებისგან დიდად განსხვავებულს და არალოგიკურს, რითაც ამოლესილი აქვს თავი დედამიწის ნახევარს?

ან რა არის გასაკვირი, როცა დედას, რომელმაც შვილი დაკარგა, თუ ბოდვითი აშლილობა განუვითარდა,  ირჩევს მას უცხო ადამიანებს შორის და ამბობს, – ეს არის ჩემი შვილი. დედის ოცნებაა, მისი შვილი იყოს ცოცხალი, ჯანმრთელი, წარმატებული, ძლიერი და მომხიბლავი და ის ამ ოცნებას თავის არჩეულ ადამიანს მიაწერს. უცნაურია ვითომ?

ადამიანს, რომელსაც უმნიშვნელოზე უმნიშვნელო შეცდომა, ან სულაც არჩადენილი დანაშაული სტანჯავს და მიაჩნია, რომ მას დევნიან და დევნა სამართლიანია, – ეს ხომ ყველა სინანულზე მეტია, და რომელი ვართ, ვისაც სრულებით უმიზეზოდ, საკუთარი „ფუჭი“ არსებობის გამო ერთხელ მაინც არ მოგვრიდებია ამქვეყნად ყოფნა ან დამსახურებული სასჯელის მოლოდინით არ მიგვიწერია მარცხი წინა დღით ჩადენილი მცირე უხეშობისთვის.

სხვა ადამიანს, რომელსაც ასევე მიაჩნია, რომ დევნიან, ზემოქმედებენ მის ფიქრებზე, ართმევენ აზრებს, ან შთააგონებენ აზრებს და აიძულებენ ასე, ან ისე მოიქცეს, მაგრამ  თვლის, რომ ეს უსამართლობაა, –  თუ ვინმე მეტყვის, რომ უსამართლობა არაა, ან თქვენ არ ფიქრობთ, რომ ხშირად გათამაშებთ ვინმე ტვინის გამორეცხვის ტექნოლოგიებით, ვიკამათოთ.

ადამიანი, რომელსაც სიყვარულის ბოდვა შეეყარა და ყველაფერში ამ სიყვარულის ნიშნებს ხედავს, შემდეგ ეჩვენება, რომ მთელი სამყარო მისი სიყვარულის წინააღმდეგია და დასცინის, მიანიშნებს ცოდვაზე, უწესებს აკრძალვას, ერთი მხრივ, სიყვარულის დეფიციტისგან დაბადებული შინაარსია, მეორე მხრივ თავდაცვაა  უარყოფისგან, მესამე მხრივ კი, დიდად არ განსხვავდება  „ჯანმრთელი“ შეყვარებულების ფიქრებისგან, რომლებიც ასეთივე აკვიატებით დასდევენ ნიშნებს და აკვირდებიან საყვარელი ადამიანის წარმოთქმულ თითოეულ ბგერას ან ჟესტს, ეშინიათ და იტანჯებიან.

როგორც ზევით აღვნიშნეთ, აზრი, რომელიც საყოველთაოდ მიღებული არ არის იმ სოციუმში, რომელსაც ადამიანი ეკუთვნის, ბოდვად მიგვაჩნია, თორემ თავად ხომ ათასი იდეა გვაქვს,  რომელიც სხვა კულტურის წარმომადგენლისთვის ბოდვით იდეას შეიძლება ჰგავდეს. თანაც ბოდვა ხომ გადამდებია? ინდუცირებული ბოდვაა, როცა ნახევარ საქართველოს სჯერა, წარუმატებელი იმიტომაა, რომ მეზობელმა მატყლის ბუნდღლებიანი ჯადო-გორგალი დაუმზადა, მაგრამ განა ამ ბოდვას არა აქვს არსებობის უფლება? ესეც ხომ თავდაცვაა, წარუმატებლობის გადატანა გარე ძალაზე და ამით საკუთარ შესაძლებლობებში რწმენის გადარჩენა, ან საკუთარი უმწეობის გამართლება?

ნებისმიერი ზემოთ აღწერილი ბოდვითი შინაარსი არაფერს ამბობს სხვას, თუ არა ადამიანის შიშს იმ უხეში რეალობის მიმართ, რომელთან გამკლავების ძალას ვერ გრძნობს, ტანჯვას, რომ მისთვის ყველაფერი აკრძალული და მიუწვდომელია და ერთადერთ სურვილს, იყოს მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი თუნდაც იმდენად, რომ მისი არჩადენილი დანაშაული მაინც ღირდეს დევნად, ან არჩადენილი დანაშაული გამოისყიდოს და ისევ დაიმსახუროს სიყვარული, მისი აზრები ღირდეს მოპარვად, ან აუხდენელი ოცნება, ყვარებოდა და ყვარებოდათ,  განიკითხოს მაინც ვინმემ, თითქოს ეს ფიქრებს მიღმაც, მართლა მომხდარიყოს.

პრობლემა არა თავად ბოდვის შინაარსი, არამედ ბოდვითი იდეის გამო ემოციური და ქცევითი რეაქციაა და ეს რეაქციები, სამწუხაროდ, უპირველესად, შიშისა და ტანჯვისგან გამომდინარეობს, რადგან თავად სიმპტომი დაბადებულია მოვარდნილი წამლეკავი შიშისგან და მხოლოდ შემდეგ შიშიდან აღმოცენებული თავად სიმპტომი იწვევს შიშს. ტანჯვა და შიში, ორი ყველაზე რთულად ასატანი გრძნობა, რომელიც ცვლის ჩვენს ქცევას და გუნება-განწყობას. თუ, მაგალითად, ადამიანმა ირწმუნა, რომ დევნიან, ძალიან იშვიათად, მაგრამ შესაძლოა, მდევარს თავს დაესხას, ძალიან ხშირად კი, ვერ გაუძლოს ტანჯვას და საკუთარ თავს ავნოს.

სპეციალისტთან ვიზიტი იმისთვისაა საჭირო, რომ ვუმკურნალოთ სწორედ შიშს და ტანჯვას და არა იმისთვის, რომ პატივი არ ვცეთ იმ მშვენიერ ნატვრებს და სურვილებს, რომლებიც საფუძველში არაფრით განსხვავდება ნებისმიერი ადამიანის მისწრაფებებისა და ჯანსაღ სურვილებად შერაცხული ნატვრებისაგან.

ბოდვით შინაარსებს შორის ყველაზე მშვენიერი, განდიდების ბოდვაა და კაცმა რომ თქვას, რა მერე, რომ ვიყოთ ღმერთები, მეფეები, მთავარსარდლები? აბა რისკენ მიილტვის კაცობრიობა? იყო ღმერთი, ისეთივე ჯანსაღი სურვილია, ვითომ ჯანმრთელებს რომ დიდ ვინმეებად მოგვაქვს გაფუყული თავები ან ბავშვობაში რომ წარმოვისახავდით განსაკუთრებულ როლებს და კოსტუმებსაც ვიცვამდით, მეფეების და დედოფლების,. პრინცესების თუ სუპერგმირების, ზოროსი, ბეტმენის, სპაიდერმენის..

ფსიქიატრიაში ორმაგი ორიენტაცია ჰქვია, როცა ადამიანი ვერ ხედავს უცნაურობას და  კმაყოფილია სუპერმენობით, მიუხედავად იმისა, რომ ფრენა არ შეუძლია. კმაყოფილია მილიარდერობით, მიუხედავად იმისა, რომ მშიერია,  კმაყოფილია, რომ ღმერთია, მიუხედავად იმისა, რომ არავინ ლოცულობს მასზე.

სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე განსაკუთრებულ პატივად ვთვლი და ბედნიერი ვარ, როცა ღმერთებს ვემსახურები, იმ ნამდვილ ღმერთებს, სოციალურ შემწეობაზე რომ ცხოვრობენ და არ აკვირვებთ ეს „შეუსაბამობა“ და მჯერა მათი. როგორ შეიძლება, არ მჯეროდეს, ან ღმერთისთვის მნიშვნელოვანი რანაირად უნდა იყოს მატერიალურად რა აბადია.

„შეუსაბამობა“ კი არ მაეჭვებს, სწორედ პირიქით, მიდასტურებს მათ ნამდვილობას.